საკურთხეველში შესვლა ჩემი ოცნებაა
საკურთხეველში შესვლა ჩემი ოცნებაა
სული სხეულის საკურთხეველია. ბედნიერია ადამიანი, რომლის საკურთხეველშიც უფალი დაივანებს. განსაცდელი წმენდს ჩვენს სულს და უფრო ვუახლოვდებით უფალს. ჩვენს სულში შემობრძანებულ ყოვლადწმინდა სამებას განწმენდილ-განსპეტაკებულნი, ღირსეულად უნდა შევხვდეთ.

მარიეტა (40 წლის): ქალს საკურთხეველში შესვლა ეკრძალება. ამდენად, ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლება, მაგრამ უხილავად მაინც დავივანებთ საკურთხეველში, როცა იქ ჩვენი სახელები შედის და მღვდელი კვეთაში მოგვიხსენიებს.

სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, ჯერ კიდევ გაუთხოვარი, როცა ავად გავხდი. საუკეთესო ექიმები მმკურნალობდნენ, მაგრამ არათუ გამომჯობინება არ მეტყობოდა, დღითიდღე მიმძიმდებოდა მდგომარეობა. დედაჩემი მცირედმორწმუნე იყო, მაგრამ რაღაც ძალამ უბიძგა და ჩემი თავი მამას ჩააბარა, თვითონ კი დილაუთენია მთელი თბილისის ტაძრებს მოივლიდა ხოლმე, წირვა-ლოცვას ესწრებოდა და ჯანმრთელობის მოსახსენებელს გზავნიდა, მერე კი სეფისკვერი მოჰქონდა და ნაკურთხ წყალთან ერთად ვიხმევდი.

ნელ-ნელა ფეხზე დავდექი. მალე გავთხოვდი კიდეც, თუმცა ჩემი შვილიერება იმთავითვე საეჭვოდ მიიჩნიეს. ღმერთს შევფიცე, როცა კი დედობის ღირსი შევიქნებოდი, შვილს აუცილებლად გავაჩენდი. ახლა ოთხი ბოკვერის დედა ვარ. მთელი ოჯახი ეკლესიურად ვცხოვრობთ. ქმარი ერთ-ერთი ეკლესიის მრევლია. სწორედ ეკლესიაში გავიცანი. განსაცდელიც გვხვდება, მაგრამ ლოცვითა და უფლის სიყვარულით იოლად დავძლევთ ხოლმე.

ელენე (53 წლის): მე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის მრევლი ვარ. ერთხელ ადრე მივედი. მხოლოდ ერთი ქალბატონი დამხვდა, ლოცულობდა. ნაცნობი იყო და ლოცვა რომ დაამთავრა, გამოველაპარაკე. უფრო იმიტომ, რომ შევამჩნიე, ძალიან ნერვიულობდა. მალე წირვა დაიწყება და მოძღვარმა დღეს ჩემი შვილი საკურთხეველში უნდა შეიყვანოს... მიხარია, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობო.

დიანა (36 წლის): საკურთხეველთან მიახლოების უფლება ქალს მხოლოდ ჯვრისწერისას აქვს - ეს დიდი სიწმინდეა და ღვთისგან გამოცხადებული ნდობა. ამიტომაც არის აუცილებელი ქორწინების სიწმინდის დაცვა და ცოლქმრული ურთიერთობის გაფრთხილება.

ზოგჯერ გვგონია, თუ არ ვმრუშობთ ან ვქურდობთ, უცოდველნი ვართ. განსაცდელის ჟამს წუწუნიც არ არის მართებული. ამ დროს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გავიხსენოთ, რომლის ჯვარცმამაც ადამიანთა ბედი შეცვალა. სიკვდილი, თუმცა მისი გვეშინია და სიცოცხლეს ვეპოტინებით, აღარ არის გაქრობა, არარად ქცევა. მისთვის უნდა მოვემზადოთ, რომ უფლის საკურთხეველს მივაღწიოთ.

ვასიკო (40 წლის): სხვებივით უდარდელი ბიჭი ვიყავი, დედ-მამის იმედი მქონდა და ოჯახისას არაფერს ვკითხულობდი. ქეიფი და დროსტარება, იცოცხლეთ, არ მაკლდა! მშობლები ამაზე ნერვიულობდნენ და მსაყვედურობდნენ, ასეთი კაცი ოჯახში არ გამოდგები, ასეთ საქციელს არც ერთი ქალი არ გაპატიებსო.

ერთხელ კარგა ნასვამი მოვედი შინ. მამაჩემმა მანქანიდან ძლივს გადმომათრია და ერთი კი მითხრა, - რამდენჯერ გთხოვე, მთვრალი ნუ დაჯდები საჭესთანო, - და მოწყვეტით დაეშვა ძირს. უცებ გამოვფხიზლდი. სასწრაფოს და მეზობლებს ვუხმე. ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ ინვალიდი დარჩა და თუ რამე შემოდის ჩვენს ოჯახში, მის წამლებსა და მკურნალობაზე იხარჯება. ოჯახი წელში გაწყდა და ამაში დამნაშავე ჩემი თავშეუკავებლობაა.

დარდსა და მწუხარებას რომ ვერაფრით მოვერიე, ეკლესიას მივაშურე. სასოწარკვეთა სინანულმა შეცვალა, უფალი განსაცდელს ხომ სულის განსაწმენდად მოგვივლენს.

საკურთხეველში შესვლა ჩემი ოცნებაა. გულისფანცქალით ველი, როდის მომცემს მღვდელი ამის უფლებას. მინდა, ღირსეულად შევიდე ამ წმინდა ადგილას და ვცდილობ, მოძღვრის რჩევა-დარიგებებს ვუგდო ყური. როცა უფალთან ხარ, ოჯახშიც ნაკლები პრობლემა გექმნება. დედ-მამა ახლა იმედის თვალით მიყურებს - ჩვენ შორის ურთიერთობაც მოწესრიგდა და ვიცი, აღარც იმას ფიქრობენ, რომ საცოლშვილოდ არ გამოვდგები. თუ აქამდე მათ ნათქვამს ყურადღების ღირსადაც არ ვთვლიდი, ახლა მათი აზრი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ბეჭდვა
1კ1