ტაძრიდან რომ გამოვედი, ამქვეყნიურ სიავეს ვეღარ ვგრძნობდი
ტაძრიდან რომ გამოვედი, ამქვეყნიურ სიავეს ვეღარ ვგრძნობდი
სიხარული ათასგვარია: ადამიანური, როცა გიხარია შვილის, მეუღლის, მეგობრის წარმატება; უფლისმიერი, როცა სული გამოუცნობი სხივით ნათდება... ადამიანურ სიხარულს მაინც სევდა ახლავს, მომავლის შიში, უფლისმიერი სიხარული კი სასოებაა და მოლოდინი მარადიული ცხოვრებისა.

ნუგზარი (57 წლის): საბჭოთა პერიოდში მდიდარი და ცნობილი ოჯახის შვილი ვიყავი. მამაჩემი წლების განმავლობაში მილიციის უფროსი იყო, დედა - გამომძიებელი და მე, მათი ერთადერთი შვილი, მოგეხსენებათ, რა პატივში ვიქნებოდი. ინსტიტუტი მოსკოვში დავამთავრე, მერე - ასპირანტურაც და დისერტაციაც იქვე დავიცავი. თბილისში დაბრუნებული ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო ქსელის მმართველად დამნიშნეს. ერთი სიტყვით, ჩემი ცხოვრება სავსე იყო სიხარულითა და წარმატებებით.

მიუხედავად ამისა, ბედნიერი არ ვიყავი. რესტორნიდან ნაქეიფარი რომ დავბრუნდებოდი, საოცარი სევდა მეუფლებოდა, სუფრასთან კი ბედნიერი და ლაღი ვჩანდი, რადგან მაშინ ღმერთი არც კი მახსოვდა (ჩემთვის შობა, აღდგომა და სხვა დღესასწაულები ქეიფსა და კარგ სუფრას უკავშირდებოდა).

ვიფიქრე, ალბათ სიყვარული მაკლია-მეთქი და "შესაფერისი" კანდიდატურის ძებნა დავიწყე. მალე ვიპოვე კიდეც, როგორც ჩვენში იტყვიან, კაი ოჯახიშვილი, განათლებული (ანუ დიპლომიანი) და ლამაზი. ქორწილის შემდეგ ევროპაში წავედით და თაფლობის თვე იქ გავატარეთ. ეს თაფლობის კი არა, წიწაკის თვე იყო - სულ სხვადასხვა თვისებები აღმოგვაჩნდა. ჩამოვედით და გავცილდით ერთმანეთს... ესეც შენი სიმდიდრე და სიხარული!

მერე, ყველამ იცით, როგორც აეწყობოდა ჩვენი ცხოვრება: ჯერ სამსახურები დავკარგეთ, მერე დედ-მამა გარდამეცვალა, ნელ-ნელა ძვირფასი ნივთებისგანაც დაიცალა სახლი... მახსოვს, ერთხელ ერთი დღის სადილზე გავცვალე რარიტეტული შანდალი...

ძველმა მეგობრებმა გამიხსენეს და საბერძნეთის ვიზა გამიხერხეს.

იქაური ქართველები ძალზე ეკლესიურები არიან და მეც ამიყოლიეს - თავდაპირველად ვერ შევინახე მარხვა, მერე და მერე უკვე სული მთხოვდა. საღვთო მოშურნეობა რომ ჰქვია ამას, მოგვიანებით გავიგე. აღდგომამდე დიდი სინანულითა და დათმენით მივედი და ამით დიდ სიხარულს განვიცდიდი. თურმე შემძლებია, მუცელს კი არ გადავყვე, სულისთვის ვიზრუნო და გლოვის დროს ვიგლოვო.

აღდგომა ღამეს ისეთი სიხარული განვიცადე, მეგონა, ფრთები მესხმის-მეთქი. სრულად შევიგრძენი, რომ ქრისტე აღსდგა. ტაძრიდან რომ გამოვედი, ამქვეყნიურ სიავეს ვეღარ ვგრძნობდი.

ცხოვრებისეული წვრილმანების გამო არ ღირს დიდ და უფლისმიერ სიხარულზე უარის თქმა.

თამილა (43 წლის): სადარდებელი არაფერი მქონდა, მშობლებიც კარგი მყავდა და ქმარი და დედამთილ-მამამთილიც კარგი შემხვდა. შვილის დაბადება ქარიშხალივით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში - სიხარულისგან, არ ვიცოდით, რა გვექნა. ბავშვი ორი წლის რომ გახდა, ისევ დავფეხმძიმდი და სიხარულიც გაგვიორმაგდა, მაგრამ ჩემს ოცნებებს მალე ფრთები შეეკვეცა - ორსულობა საშვილოსნოსგარე აღმოჩნდა.

ოპერაციის შემდეგ მეძინა. ბურანში ექიმის ხმა ჩამესმა: ორივე საკვერცხე რომ ამოუღეთ, ეს ქალიაო, - კითხულობდა. პასუხი არ გამიგონია. თვალი გავახილე და ავტირდი. ვერაფრით გადამარწმუნეს, რომ ჩემზე კი არა, გვერდით პალატაში მყოფ ხანში შესულ ქალბატონზე იყო ლაპარაკი. ტვინს მიბურღავდა იმაზე ფიქრი, რომ შვილი აღარასოდეს მეყოლებოდა, არაფერი მიხაროდა. ვატყობდი, ოჯახშიც დაიძაბა ურთიერთობა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი წუთით თუ დამაღონებდა, მერე ისევ ჩემს საფიქრალს ვუბრუნდებოდი. ერთი სიტყვით, აღარც ხორციელი ცხოვრებისთვის ვვარგოდი და აღარც სულიერისთვის.

პირველად გამიჭირდა და, მართალი გითხრათ, ფუჭიც მეჩვენა ჩემი მონდომება. მეზარებოდა კიდეც ადრე ადგომა და წირვაზე წასვლა. თანდათან ისე "ჩამითრია" ეკლესიურმა ცხოვრებამ, გულის ფანცქალით ველოდი კვირა დღესა და დღესასწაულებს. შვილიც დამყავდა და ვაზიარებდი, მეც ვეზიარებოდი. ამან შვილზე ზრუნვა გამიორკეცა - ახლა ხომ მის სულზეც ვზრუნავდი.

ერთ დღეს შევამჩნიე, რომ ჩვეულებრივი ქალი ვიყავი, ისევ ოჯახზე ვზრუნავდი და ის დამთრგუნველი უიმედობა გამცლოდა. მალე ღვთისმშობელმა მოწყალების კარი გამიღო და შვილიც მეყოლა.

თამარი (73 წლის): ჩემს ოჯახს ძალზე მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს - ახალგაზრდა რძალი გარდამეცვალა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, რძალ-დედამთილს უიშვიათესი ურთიერთობა გვქონდა. შვილს ჩემი სახელი დაარქვა.

უმძიმესი სენი აღმოაჩნდა. თავიდან ვუმალავდით, მერე თვითონ მითხრა, ვიცი, რაც მჭირს და ნუ მიმალავთ, სიკვდილის არ მეშინია, ცოტა დრო დამრჩა და მოვემზადები. ერთი ეგ არის, თქვენთან განშორება გამიჭირდებაო. მოძღვარმა რაც ურჩია, ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდა - ხშირად მეკითხებოდა (და არამარტო მე), ხომ არაფერი მიწყენინებია, არ მახსენდება და მინდა, იმქვეყნად არ გამყვესო. ბოლო დღეებში არაამქვეყნიურად იყო გაბრწყინებული. ყველას გვეფერებოდა, შვილს არიგებდა და ამხნევებდა. არ ვიცი, რას ხედავდა სიკვდილის წინ, მაგრამ სახე სიხარულით ჰქონდა გაცისკროვნებული.
ბეჭდვა
1კ1