ზოგს ჰგონია, ცოდვა მხოლოდ კაცის კვლა, მრუშობა და ქურდობაა
ზოგს ჰგონია, ცოდვა მხოლოდ კაცის კვლა, მრუშობა და ქურდობაა
"დამძიმებულნი ცოდვითა და შეპყრობილნი მწუხარებითა" როცა შენდობას ვითხოვთ უფლისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ სულის განწმენდისკენ მივისწრაფვით. ცდუნებებს თავს ვერ ვარიდებთ, მერე კი, როცა სული ცოდვათა სიმძიმისგან მოიდრიკება, მის გათავისუფლებას ვლამობთ. ცოდვის შეცნობა გზაა უფლისაკენ. თუ მივხვდებით, რა არის ცოდვა, თუ ყურად ვიღებთ უფლის მცნებებს და სინანულს შევუდგებით, სულიწმინდის მადლი გარდამოვა ჩვენზე.

რა არის ცოდვა? - ხშირად ვეკითხებით საკუთარ თავს და ალბათ, სხვასაც, მაგრამ ცოდვის არსის შესაცნობად მხოლოდ სურვილი არ კმარა. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ჭეშმარიტება გამოგვიჩინოს, ეკლესიური ცხოვრებაა.

თამაზი (52 წლის): არასოდეს დავფიქრებულვარ, ხომ არ ვცოდავ-მეთქი. რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი მართებულად მიმაჩნდა. ჩემს საქციელს მაშინღა ჩავუკვირდი, როცა სამსახურში ახალი თანამშრომელი მივიღეთ. ახლა, როცა ტაძარში სიარული დავიწყე, ვხვდები, რომ უფალი საკუთარი თავის შესაცნობად მოგვივლენს ადამიანს თუ განსაცდელს... ერთი უბრალო ბიჭი იყო, მანქანების მრეცხავად მუშაობდა, საოცარი შინაგანი კულტურა და კდემა ჰქონდა. ჭამაც სხვანაირი იცოდა - მოკრძალებულ საუზმეს, კარტოფილსა და პურს, ამოალაგებდა და ისეთი მოწიწებით შეექცეოდა, კაცი იფიქრებდა, არისტოკრატებთან მოხვდაო სუფრაზე. შემწვარ-მოხრაკულზე რომ მივიპატიჟებდით, პირჯვარს გადაიწერდა და იტყოდა, უფალმა შეგინდოთო. თავიდან მისმა საქციელმა გამაღიზიანა. ვიფიქრე კიდეც, რაიმეზე ავუხირდები და მივბეგვავ-მეთქი...

ერთხელ საოცრად გაბრწყინებული მოვიდა. ასეთი გახარებული არასოდეს გვენახა. რა იყო, ბიჭო, ლატარიაში მანქანა ხომ არ მოიგეო, გაეხუმრა, უფრო სწორად, გაელაზღანდარა ერთი თანამშრომელი. არა, ვეზიარეო, - ისე თქვა, ღიმილი პირზე შეგვაშრა. მერე დავინტერესდით და როცა აგვიხსნა, რა იყო აღსარება და ზიარება, ცოტა შევფიქრიანდი. მომინდა, მასავით მეცხოვრა, მთლად თუ ვერ დავემსგავსებოდი, ეკლესიაში მაინც მევლო. ვთხოვე, წავეყვანე.

როცა აღსარებისთვის მივედი, ვერაფერი გავიხსენე ისეთი, რის გამოც სინდისი მქენჯნიდა. ვერაფრით მივხვდი, რას მეკითხებოდა მოძღვარი, რა იყო ცოდვა. არადა, თურმე რამდენი გვქონია... ეკლესიურად ვცხოვრობ და ვიცი, რომ ყველაფერს თავს ვერ აარიდებ, მაგრამ ბრძოლა ხომ შეიძლება?

ვიოლა (60 წლის): სინანულის გზა მძიმეა, ძნელად სავალი, წინ ეკლებად და მძიმე ლოდებად ქცეული ჩვენი ცოდვები გვეღობება, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ და თუნდაც სისხლის ფასად მოვიპოვოთ სულიერი თავისუფლება. როცა საკუთარ თავს აჯობებ, აი, მაშინ ხარ გამარჯვებული.

ჩემი მთავარი ცოდვა სიხარბე გახლდათ. ამის შეცნობას თითქმის ათი წელი მოვანდომე. მეგონა, ნივთიერი მონაპოვარი იყო ყველაფერი და ხარბად ვიძენდი ძვირფას ნივთებსა და ანტიკვარიატს. სახლი მუზეუმად ვაქციე. სადმე რამე თუ მომეწონებოდა, იმ ნივთზე ოცნებაში ვათენ-ვაღამებდი. სხვას რომ ჩემზე უკეთესი სამკაული ჰკეთებოდა, შური და ჯავრი მომკლავდა. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამან გამომფიტა, გამომხრა... აღარ გავაგრძელებ, რადგან ახლა ეკლესიურად ვცხოვრობ და ჩემს ცოდვას გასაქანს არ ვაძლევ.

მარი (38 წლის): არის ცოდვები, რომელთაც უნებლიეთ სჩადი და ცოდვები, რომელთაც სჩადი იმის გამო, რომ საკუთარი თავი ვერ მოგითოკავს, ხორციელ სიამოვნებაზე უარი ვერ გითქვამს, თუმცა იცი, რომ ამით უფლისკენ მიმავალ გზას იხშობ.

ტაძარში სიარული რომ დავიწყე, ჯერ კიდევ მოწაფე ვიყავი. ვერაფრით დავაღწიე თავი სირცხვილის გრძნობას, აღსარება ვერ ვთქვი, თითქოს რაღაც მბოჭავდა და გასაქანს არ მაძლევდა. როცა მორწმუნე დეიდა ამის თაობაზე რამეს მკითხავდა, აბა, მე რა ცოდვა მაქვს-მეთქი, მივუგებდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ ამით მხოლოდ თავს ვიტყუებდი, რადგან კარგად ვიცოდი ჩემი ნაკლი. როგორც იქნა, გავბედე მოძღვართან მისვლა, მაგრამ ახლა მეორე ცოდვა შემომიჩნდა - მარხვის დაუცველობა. მცირე ასაკში ვახერხებდი თავის შეკავებას, ახლა კი პირისგემოს სიყვარული მძლევდა... ისევ უფალმა მიხსნა. ერთხელ, ვნების კვირას, მეგობართან წავედი, რომელსაც საკუთარი, ეზოიანი სახლი აქვს და მაყალზე მწვადები შევწვით.

შინ დაბრუნებულს ლოცვა მომინდა და ხატის წინ დავდექი. მაცხოვრის სახე ისეთი გატანჯული მეჩვენა, შევშინდი. ამან დამაფიქრა და საკუთარი უმსგავსობა თვალნათლივ დამანახვა. მაცხოვრის ტანჯვა დამიდგა თვალწინ და მივხვდი, გემოთმოყვარეობა როგორ ვნებდა, უფსკრულისკენ როგორ მიაქანებდა ჩემს სულს...

ნინო (29 წლის): ცოდვილი რომ იყოს, არავის სურს; ბევრმა, უბრალოდ, არ იცის, რა არის ცოდვა. ზოგს ჰგონია, ცოდვა მხოლოდ კაცის კვლა, მრუშობა და ქურდობაა. მეც ასე ვფიქრობდი, ამიტომ თავი უცოდველად მიმაჩნდა... წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლის წევრი ვარ. ჩვენი მოძღვარი ყოველთვის ცდილობს, უხილავი ცოდვებისთვის მიგვაქცევინოს ყურადღება. მისი წყალობით ბევრი რამ ვიცი და ვცდილობ, ვებრძოლო როგორც ხილულ, ასევე უხილავ, გულისა და გონებისმიერ ცოდვებს.
ბეჭდვა
1კ1