წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
როგორ მივედი ტაძარში
ოთხი შვილი აღგვზარდეს ჩემმა მშობლებმა, სიმართლის, სიკეთის, ადამიანის, სამშობლოს სიყვარულით. არ მოსწონდათ იმხანად ირგვლივ გამეფებული სიყალბე და უღმერთობა.

მამაჩემის, ნოდარის, ბაბუა სამსონ ჭიპაშვილი სოფლის დიაკვანი იყო, სანამ ბოლშევიკები მოვიდოდნენ. შინაგანად ღვთის რწმენა მშობლებისგან ჰქონდათ ჩემს დედ-მამას, ჩვენ კი მათგან გადმოგვეცა. მაგრამ სულ სხვა ძალა ჰქონია მოძღვრის სიტყვას - მის ქადაგებას.

სკოლა დამთავრებული მქონდა, თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, როდესაც 9 აპრილის შემდეგ ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებასთან ერთად ეკლესიისკენ მიიხედა ახალმა თუ ძველმა თაობამ. დაინთო სანთელი, გაჩნდა იმედი, მაგრამ მცირე იყო რელიგიური ცოდნა.

ტელევიზიით დაიწყო საეკლესო გადაცემა, რომელსაც მამა არჩილ მინდიაშვილი უძღვებოდა. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. გავიგე, რომ ამქვეყნად უცხოვრიათ წმინდა ადამიანებს - უფლის სიყვარულით მრავალგვარი თავგანწირვის მოქმედთ.

ორი კვირაღა რჩებოდა სააღდგომო დიდმარხვის დამთავრებამდე. მამა არჩილმა მოგვიწოდა, ბოლო ორი კვირა მაინც შეინახეთ მარხვა, ვინც რას დათესავს, იმასვე მოიმკისო. თითქოს ჩემს გასაგონად თქვა... სიხარულით მივიღე გადაწყვეტილება და ღვთის შეწევნით, მარხვაც შევინახე.

მაშინ ქარელის რაიონში ვცხოვრობდით, წარმოშობით კი ხარაგაულიდან ვართ. მივედი ქარელის ღვთისმშობლის ხარების ახალგახსნილ ტაძარში. მამა ზურაბ ზეინკლიშვილი ატარებდა წირვას. ორი კვირის შემდეგ ჩავაბარე პირველი აღსარება. იყო ცრემლი, სინანული და ზიარების სააღდგომო სიხარული.

მრავალი განსაცდელი მელოდა წინ: მამა ტრაგიკულად დამეღუპა; ოჯახი უსახსროდ დარჩა; ბინის გაყიდვა და თბილისში გადმოსვლა დავაპირეთ საცხოვრებლად, მაგრამ აქაც პრობლემები შეგვხვდა...

ჩემი ორი და დაოჯახებული იყო. მე, დედაჩემი და ჩემი ძმა კი დიდ დიღომში დავსახლდით. სამივენი ეკლესიურები ვიყავით, მაგრამ არ ვიცოდით, სადმე ახლოს ეკლესია თუ იყო. აქაც სიტყვა დაგვეხმარა. დედაჩემმა ყური მოჰკრა ორი მორწმუნის საუბარს, რომ პირველი მიკრორაიონის ერთ-ერთ სკოლაში ყოველთა წმიდათა სამლოცველო მოქმედებდა, სადაც მოძღვარი მამა დავითი (შაქარაშვილი) მსახურობდა. ბევრი სითბო და სიყვარული მივიღეთ ამ სამლოცველოში მოძღვრის, მესანთლეებისა თუ მრევლისგან. გამოგვყვა სიხარული იმისა, რომ ღმერთს არ დავშორდით.

მერე ზემო ფონიჭალის დასახლებაში გადავედით. ამიტომ აღსარებას პეტრე-პავლეს ტაძრის მოძღვარს მამა თეოდორე გიგნაძეს ვაბარებდი. გაიგო ჩემი გასაჭირი, დამლოცა, დამამშვიდა, გზა დამილოცა.

შემდეგ იყო ანჩისხატის წინამძღვარი მამა რევაზი (ტომარაძე). ხშირად მენატრება მისი მამაშვილური, თბილი ხმა, დალოცვა. შევდივარ დროდადრო ანჩისხატში და ვუსმენ...

ყოველი ადამიანი გამუდმებით რაღაცის ძიებაშია, იმისა, რაც ძალიან სჭირდება. მე კი, ცხოვრებისეული სიმძიმეებით დატვირთულს, სიმშვიდე მჭირდებოდა და მადლობა უფალს წყალობისთვის.

2007 წელს კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მისულმა მამა აბრაამ სოლომონიშვილთან შეხვედრა და გასაუბრება გადავწყვიტე. კიდევ ერთი ნათელი აინთო ჩემს სულში - იმედის, რწმენის, გადარჩენის, იმის მიღწევის, რაც მაკლდა... ყველას მოთმინებით უსმენს, ლოცავს და რჩევა-დარიგებით შეეწევა, უფლისკენ სავალი გზიდან რომ არ გადაუხვიონ. მისი სიმშვიდე, სიმდაბლე და მოთმინება მაგალითია ქრისტიანისთვის. მისი სიტყვა მალამოდ ედება მის მრევლს.

მოციქულთა მადლი და ძალი არ მოგკლებოდეთ, სამწყოსთვის თავდადებულო სულიერო მამებო! თქვენი ლოცვით კი უფალმა არ მოგვიშალოს საქართველოს გამთლიანებისა და გადარჩენის იმედი!
ლელა
ბეჭდვა
1კ1