წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ძვირფასო კარიბჭის რედაქციავ!
მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ. იმდენად კეთილ საქმეს ემსახურებით, სიტყვით ვერ გადმოგცემთ - სულიერ საზრდოს გვაწვდით. დიდი სიხარულით ველოდები ყველა ნომრის გამოსვლას და შეძლებისდაგვარად ვიძენ.

ამ წერილით მინდა ჩვენი ოჯახის მოძღვარს - მამა დავითს (დათუაშვილი, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელმსახური) მივულოცო დაბადების დღე - 25 დეკემბერი, ვუსურვო ჯანმრთელობა, სიძლიერე, ოჯახთან და სულიერ შვილებთან ერთად. ღმერთმა მშვიდობიანად გაასრულებინოს ის დიდი საქმე, რომელსაც შედგომილ არს - ეკლესიის მშენებლობა, რომლის აშენებაც ცოტა ჭიანურდება უსახსრობის გამო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არიან კეთილი ადამიანები, მრევლიც გვერდით ვუდგავართ და ნელ-ნელა საქმე წინ მიიწევს. გვსურს ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდეს - მოგეხსენებათ, გლდანი დიდია, მრევლმაც იმატა და გვინდა, ეკლესიებმაც იმატოს.

ჩვენი ოჯახის სულიერი ცხოვრება საკმაოდ მძიმე განსაცდელით დაიწყო - ჩემს მეუღლეს 8 წლის წინ ჯერ 59 წლის დედა გარდაეცვალა, წელიწად-ნახევარში - 32 წლის ძმა, 3 წლის თავზე კი შვილი - პატარა თამარი (2 წლისა და 7 თვის, თამარობა დილით დაბადებული). წარმოიდგინეთ, რა გადავიტანეთ! მაგრამ მადლობა ღმერთს, მალევე მივედით ეკლესიაში. დავიწყეთ ეკლესიური ცხოვრება და ჩვენი მამაოს წყალობით დაგვიბრუნდა იმედი მომავალი ცხოვრებისა, მივხვდით, რომ დამთავრებული არაფერია. უფლის მადლით და მამაოს კურთხევით, წლისთავზე პატარა ბიჭი გვაჩუქა ღმერთმა. ეს მეოთხე შვილია. 3 გოგო გვყავდა, თამუნა მესამე იყო. ახლა კი, უწმინდესის მოწოდებით და მამაოს რჩევით, კიდევ ვიფიქრეთ პატარაზე და მალე გვეყოლება კიდეც.

აი, ასეთი ყოფილა ეკლესიური ცხოვრება... სულ ვამბობ, რომ არ გვერწმუნა, რა გვეშველებოდა-მეთქი. სულიერად როცა მიჭირს, მამაოს მივმართავ და შესაფერ რჩევებს მაძლევს, რითაც სიმშვიდეს ვპოულობ.

ჩემი შვილებიც დადიან ეკლესიაში, პატარა ბიჭი უკვე 4 წლის მყავს, ხშირად ვაზიარებთ.

ასე რომ, სანამ გვიან არ არის, შეუდექით ეკლესიურ ცხოვრებას, მარტო რწმენა თუ გადაგვარჩენს.

ღმერთმა ყველა ეკლესიის მსახური გააძლიეროს და ბევრი კეთილი საქმე ეკეთებინოთ.
კეთილი სურვილებით ნანა და მიხეილი


ჩემი მოძღვარი
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ქრისტეს მოციქულები თავიანთ მოწაფეებს შვილებს უწოდებდნენ, მოწაფეები კი თავიანთ მოძღვარს - მამას. მოციქულებსა და მის მოწაფეებს, უფლისმიერი მადლით, თბილი და მზრუნველი ურთიერთობა ჰქონდათ.

ეს მადლი და სიყვარული მოუკლებლად მომდინარეობს დღემდე და დედაეკლესია თავის მკვიდრთ აზიარებს ბედნიერებას, რომელიც მამასა და სულიერ შვილებს შორის იბმება და ღვივდება.

უფალმა მოგვივლინა ისეთი ადამიანი, როგორიც მამა ილიაა (მაღლაფერიძე). მამა ილია 8 წელია მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარია. მან დიდი სიყვარული გააღვივა მრევლში, ბევრ სხვა ადამიანშიც. თავდადებული შრომით მრავალი მოაქცია უფლისკენ სავალ გზაზე და დედაეკლესიის მადლს აზიარა. მამა ილიამ ჩვენი ეკლესიის მრევლი, განურჩევლად ასაკისა, ქრისტესმიერი წმინდა სიყვარულით დაგვაკავშირა.

ბევრი რამ შეიძლება ითქვას ჩემს მოძღვარ მამა ილიაზე. ოთხი წლის წინ ძალიან მძიმედ გავხდი ავად, დიაგნოზით: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რამაც მარცხენა მხრივი პარეზი გამოიწვია და ლოგინს მიმაჯაჭვა. დავკარგე მეტყველების უნარიც. ჩემი მოძღვარი ხშირად მოდიოდა და ლოცულობდა ჩემთვის, მაზიარებდა უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს, ხშირად მესაუბრებოდა, რომ უფალს ძალიან ვუყვარვარ და ჩემი მდგომარეობა გამოსწორდება. უფლის იმედით ვიყავი...

გავიდა რამდენიმე ხანი და მოხდა სასწაული - ფეხზე დავდექი. მივედი ტაძარში და უფალს ჩემი გადარჩენისთვის მადლობა შევწირე. უფალი და მისი სახლი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.

დიდება ჩვენს შემოქმედს, უფალს, და მადლობა ჩემს მოძღვარს მამა ილიას, რომელმაც უფლისკენ სავალ გზაზე დამაყენა.

ძეგვის წმინდა სამების ტაძრის მრევლი
ლია ხუტაშვილი-მელიქიშვილისა


საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?..
საქართველოს კურთხეულ მიწა-წყალზე მრავალი წმინდანი გაბრწყინებულა, მრავალი მოწამის სისხლით მორწყულა ჩვენი მამული. სინანულის ცრემლით განბანილა მრავალი ცოდვილი სული. ვერც მურვან ყრუს, თემურ ლენგისა თუ სხვათა ლაშქრობამ აღმოფხვრა მართლმადიდებელი ერი და მართლმადიდებელი სული. მიუხედავად ძნელბედობისა, საქართველო მუდამ სამზეოზე იმყოფებოდა და მიუწვდომელი რჩებოდა.

თუმცა დღეს აღარ არის არც ბუღა თურქის, არც შაჰ-აბასისა თუ მრავალ სხვათა გამანადგურებელი შემოსევები, მაგრამ მათმა შვილებმა ბრძოლის სხვა გზა გამონახეს...

ჩვენ კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გორგასლის შვილები ვართ და, საბედნიეროდ ჩვენდა, დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, კვლავ გუგუნებენ ქართული ეკლესიის წმინდა ზარები - საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის!
პატივისცემით როინი
ბეჭდვა
1კ1