ჩვენ, მართლმადიდებლებს რომ გვაქვს საშველი, იმხელა ვის აქვს!
ჩვენ, მართლმადიდებლებს რომ გვაქვს საშველი, იმხელა ვის აქვს!
იქ, ზეციურ საქართველოში, ბევრი მვედრებელი და მშვიდობისმყოფელი გვყავს. ხანდახან ეჭვი "წამიღებს", იქნებ ჩვენი უმეცრებითა და უგუნურებით თავი მოვაბეზრეთ და ხელი აგვაღეს-მეთქი. აფორიაქებულ-აწეწილი ფიქრების დასაწმენდად ქართველ გმირებს ვიგონებ და ვხვდები, რამდენჯერ გადაგვარჩინა უფალმა. ახლა ჩვენს ზეციურ მშვიდობისმყოფელებსა და მეოხთაც ერევათ ალბათ ცრემლი, ასე დაპატარავებულ-დანაწევრებულებს რომ გვხედავენ...

დიმიტრი (60 წლის):
"ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა - ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს", - ბრძანებს პატრიარქი. ყველაფერზე მეტად ჩვენი წინაპრები მშვიდობიანობას ევედრებოდნენ უფალს, მშვიდობა ხომ ასე საჭიროა ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველოს "პრიორიტეტი" ამ მხრივ ის იყო, რომ გამუდმებულ ომსა და განსაცდელში უწევდა ცხოვრება. უამრავი თანამდგომი გვყავდა ჩვენთვის უხილავ სამყაროში - არაერთხელ უნახავთ მოლაშქრეებს, წმინდა გიორგი ხმალს რომ იქნევდა და შემოსეულ მტერს ერთმანეთზე "ქადასავით" ალაგებდა. ეს კი მაშინ ხდებოდა, როცა ქართველები ერთ პირზე იდგნენ. აკი ბრძანა ვაჟამ: "უყვარან ფშაველ-ხევსურნი, შემდგარნი ერთსა პირზედაო".

დღესაც ომი გვაქვს, ომი ხილულ და უხილავ მტრებთან. უხილავი მტერი უფრო საშიში მგონია, ვინც სამშობლოს გადაგაყვარებს, ბრძოლის ველზე გასვლაში შეგიშლის ხელს და შენს გონებას მხოლოდ ფულის შოვნისკენ მიმართავს, დაგაჩოქებს.

საშველი თუ გვაქვს? - ჩვენ, მართლმადიდებლებს რომ გვაქვს საშველი, იმხელა ვის აქვს! ლოცვა და მცნებების დაცვაა ჩვენი საშველი. მაშინ უფალი არ გაგვიმეტებს და შემოგვაშველებს წმინდა გიორგის, თეოდორე ტირონს და კიდევ უამრავ წმინდანს, რომლებმაც ჩვენი ერის ცნობიერების ჩამოყალიბებას, გადაგვარებისგან ხსნას შეუწყვეს ხელი.

ამ ომთან დაკავშირებით ერთი რამ მახსენდება, რისთვისაც შვილიშვილი კინაღამ შემომაკვდა. ჩემი ხნის კაცი ომს რომ უყურებს საკუთარ სამშობლოში და უსუსურობას განიცდის, ამაზე უარესი არის რამე? მთელი აგვისტო არ მიძინია. დარდი და ვარამი მკლავდა... ერთხელ ტელევიზორს ვუყურებდი და ვტიროდი კაცი. შემოაბოტა ჩემმა შვილიშვილმა. მართალია, ჯერ 12 წლისაა, მაგრამ ისეთი რამ თქვა, კინაღამ გული გამეგლიჯა - მაგ ომში წასვლა უაზრობა იყოო. გავფიცხდი და სულ გადაგვარებული ვეძახე. გული უფრო იმან მატკინა, რომ ვიცი, ბევრი ფიქრობს ასე. როგორიც უნდა იყოს ომი, შენ ეს მოვალეობისგან გათავისუფლებს?! ტერიტორიის დაკარგვა ხომ თავში საცემია, მაგრამ ამაზე მეტი ერის გადაგვარება, სულიერი უნაყოფობა და სამშობლოს უსიყვარულობაა. ვაჟა მიყვარს ძალიან და მის სიტყვებს მოვიშველიებ: "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება..." ჰოდა, თუ ეს არ იცის ქართველმა, შეისმენს მისას უფალი? შე კაი დედმამიშვილო, თუ შენი სამშობლო არ იქნა ბედნიერი, შენ როგორღა იხეირებ?

KARIBCHE


თეთო (35 წლის): მე აზებაიჯანელი ვარ, მაგრამ ბებია მყავდა ქართველი. მშობლები ძალიან გაჭირვებულები ჰყოლია და როცა ბაბუაჩემს მოსწონებია, უარი არ უთქვამთ. ბავშვებს ქართულად გვზრდიდა. მისი სალოცავი წმინდა გიორგი იყო, ღვთისმშობელიც ძალიან უყვარდა - ჩემი სამშობლოს განსაკუთრებული მფარველები არიანო. ამ ომის დღეებში პატრიარქმა რომ ბრძანა, ილოცეთო, ბებიაჩემის ლოცვა გამახსენდა: "უფალო, აკურთხე ერი შენი..." ამ სიტყვებს ხშირად ვამბობდი...

ერთხელ მითხრეს, ეს შენი სამშობლო არ არისო და გული ისე მეტკინა, ლამის მთელი კვირა ვტიროდი. აზერბაიჯანში სულ 3-4-ჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ დიდხანს მომიწია ყოფნამ და რომ ჩამოვედი, დავიჩოქე და მიწას დავუწყე კოცნა. რა გამოდის, მაშ, სამშობლო არ მაქვს? მე ეკლესიაშიც შევდივარ და წმინდა ნინოსთან ვლოცულობ. ძალიან მიყვარს. სულ ბავშვი იყო, საქართველოში რომ ჩამოვიდა. ახლაც ვიტყვი - წმინდა ნინო, გვიშველე! ისე, ერთი რამე მიკვირს - რუსებიც ხომ მართლმადიდებლები არიან და რატომ აკეთებენ ამას?

ეთერი (45 წლის): მშვიდობა ყველგან საჭიროა: სახელმწიფოშიც, ოჯახშიც, სამსახურშიც... აბა, დააკვირდით, როგორ არის აწყობილი იმ ადამიანთა ცხოვრება, რომლებიც ამაოებისთვის - ქონების შეძენისთვის კი არ იშლიან ნერვებს, არამედ შვილებსაც მშვიდად ზრდიან და იმაზეც ფიქრობენ, ვის რა არგონ.

ამას წინათ ერთი უცნაური რამ შემემთხვა და არ შემიძლია, არ ვთქვა.

ღვთისმშობელი რომ საოცარი სულიერებით განგვაწყობს და მშვიდობას გვანიჭებს, თქმა არ უნდა. ეკლესიასთან ჩამოვიარე. აბრა იყო გაკრული, ღვთისმშობლის ხატის გასამშვენიერებლად შესაწირავს ვაგროვებთო. 9 ლარი მქონდა. მომინდა შესაწირავის გაღება, მაგრამ მწარე გონებამ დაასწრო - ხელფასამდე ჯერ შორია, პურის ფულიც აღარ დაგრჩებაო... მაინც ვძლიე თავს და შევედი.

საღამოს შინ დაბრუნებულს მეზობელმა 50 ლარი მომიტანა - ერთ დროს მისესხებია და აღარ მახსოვდა. შემრცხვა დედა მარიამის, მე ხომ მაშინ მისი სასოება დავკარგე...

ფული არ არის მშვიდობის მომნიჭებელი, მაგრამ უფალი შიმშილისა და გაჭირვებისთვის არ გვიმეტებს.
ბეჭდვა
1კ1