წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
გახსენება
მთავარანგელოზთა დღესასწაული ახლოვდებოდა. სარეცელზე მიჯაჭვულმა მამა შალვამ მორიდებით ითხოვა, შეეწუხებინათ მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი , რათა მისთვის სულის გასვლის ლოცვები წაეკითხა. 20 ნოემბერს მეუფე იობი ჩამობრძანდა სართიჭალაში და ავადმყოფობისგან დაუძლურებულ მამაოს ლოცვები წაუკითხა. შემდეგ ექიმის მიერ დანიშნული ყველა წამალი და წვეთოვანი მოუხსნა, ოჯახის წევრებს კელაპტარი გადასცა და უთხრა: "დაანთეთ და ილოცეთ მისი სულისთვის"...

წუთები აკლდა მთავარანგელოზთა დღესასწაულის დადგომას... კელაპტარი ჩაიწვა... მამა შალვა დამშვიდდა... ყველას ეგონა, სააქაოს მობრუნდებაო, მაგრამ... მთავარანგელოზთა დღესასწაულის დადგომის წინ უფალს სული მიაბარა სართიჭალის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა შალვამ, რომელმაც სამღვდელო მოღვაწეობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფელ მჭადიჯვრის ასევე მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრიდან დაიწყო...

KARIBCHEმამა შალვას გარდაცვალებიდან ორი წელიწადი ისე უცებ გავიდა, ვითარცა გუშინდელი დღე. საქრისტიანოს კიდევ ერთი მადლმოსილი მოძღვარი გამოაკლდა, ხოლო ქართულ მწერლობას - პოეტი, რომელსაც საზოგადოება შალვა გოლისელის (იგი ხარაგაულის რაიონის სოფ. გოლისში დაიბადა) სახელით იცობს. მის კალამს ეკუთვნის ბრწყინვალე პოემა "დავით აღმაშენებელი", რომელიც ქრისტეს სიყვარულით არის გაჟღენთილი და ჭეშმარიტი სახელმძღვანელოა მომავალი თაობის აღსაზრდელად.

დეკანოზი და პოეტი უდიდესი მლოცველი გახლდათ. დღე და ღამეს ლოცვაში ატარებდა. თავის მცირე შემოსავალს, შემოწირულობებთან ერთად, ეკლესიების მშენებლობას და წიგნების გამოცემას ახმარდა. მან ააშენა სართიჭალის სამების, წმინდა გიორგისა და მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიები. მდიდარი არასოდეს ყოფილა; იგი ეკლესიას ამდიდრებდა მორწმუნეებით, ხოლო მათ - ღვთის სიტყვით.

მადლმოსილმა მოძღვარმა ისიც გაითვალისწინა, რომ მისი წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ რუდუნებით დაწყებული შემოქმედება სხვებს უნდა გაეგრძელებინათ - ცხადია, პირველ რიგში მის აღზრდილებს - სულიერ შვილებს. ბერად აღკვეცილმა მამა შალვას სულიერმა შვილმა,Bბერ-მონაზონმა იოსებმა (კარელიძე) ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მრავალი ტაძარი ააშენა და აღადგინა. ამავე ეპარქიაში მოღვაწეობს მამა შალვას კიდევ ერთი სულიერი შვილი, მასავით გამუდმებით ლოცვასა და მღვიძარებაში მყოფი, აწ უკვე სქემმღვდელმონაზვნის ხარისხში აყვანილი მამა სერაპიონი (წიკლაური).

მადლიერი მრევლი მხურვალედ ლოცულობს მამა შალვას სულის ცხონებისთვის. "გულითა მართალთა უყვარს სარწმუნოებაი, ხოლო პირმან უღმრთოთამან მოიღოს ბოროტი. შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ მტერნიცა მოყუარე იქმნებიან" (იგავნი 15,28).
იოსებ სიბოშვილი


მამაო, უფალი გფარავდეს, გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ მოძღვრის მძიმე ჯვარი!
გავლა იმ მრავალ საცდურს შორის, რომელიც დღევანდელ ადამიანს სულის ცხონების გზაზე ეღობება, შეუძლებელია... სულიერი მოძღვრის, კეთილი მწყემსის გარეშე, რომელიც მოწოდებულია, მართლად და სულიერად წარმართოს ცხოვრება თვისთა ცხოვართა, რათა არ მოვექცეთ ამსოფლიურ სიამეთა და განცხრომათა ტყვეობაში. ამგვარი მისიის ღირსეულ აღმსრულებელთა შორის მეგულვის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი, ჩვენი მამა აბრაამი (გორდელაძე), ისეთი გულისხმიერი ღაღადისით ევედრება უფალს ჩვენთვის, სულიერად სუსტი, უძლური მრევლისთვის... ტაძარი მისთვის ყველაფერია - სიყვარულიც, სითბოც, ოჯახიც, ნათესავიც... თუ აქამდე ხატებს შიშითა და მოკრძალებით შევცქეროდი, ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩემი გულითადი ლოცვა მათგან დიდი სიყვარულით შეისმინება და ეს სწორედ ის უფლისმიერი სიყვარულია, ქრისტიანობის არსს რომ განსაზღვრავს. მამა აბრაამი კი თავისი მწყემსმთავრული ღვაწლით მრევლს გვაძლევს იშვიათი თავმდაბლობის მაგალითს, როცა ქადაგებს უბრალო მრევლისთვის გასაგები სიტყვებით, დაუღალავად... საიდან ფლობს ამ უზღვავ ენერგიას? არასოდეს გვაგრძნობინებს უდროობას, დაღლილობას, ისე გადაგიხდის პარაკლისს, გიკურთხებს ბინას, ისე დაუდგება გვერდით ყველა შეჭირვებულს, ვისაც მისი ნუგეში და მხარში დგომა დასჭირდება. მე მჯერა, რომ მასზე დიდი წყალობაა ღვთისა. უკეთესი რაღა ვუსურვო?

ნოემბერში ჩვენს მამაოს დაბადების დღე აქვს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს მის ლამაზ ოჯახთან ერთად... მისი მრევლის საიმედოდ და საკეთილდღეოდ.

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვრის,
მამა აბრაამის მრევლის სახელით თეკლა თავართქილაძე

ბეჭდვა
1კ1