წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ბავშვობაში რწმენას არავინ მინერგავდა, პირიქით, ყოველი მხრიდან მესმოდა, ღმერთი არ არსებობსო, მაგრამ შემოქმედს მაინც ვეძებდი. გულის სიღრმეში მწამდა, რომ არსებობდა რაღაც, თუმცა არ ვიცოდი, რა.

როცა წამოვიზარდე, ახალი აღთქმის კითხვა დავიწყე, თუმცა წაკითხულის მთავარი აზრი არ მესმოდა.

ზოგჯერ წირვაზე მივდიოდი, სანთელს ვანთებდი, უმეტესად - მაშინ, როცა მიჭირდა.

მერე სტუდენტი გავხდი. ჯგუფელმა თავისი მეგობრები გამაცნო (მოგვიანებით გავიგე, ერთ-ერთი სექტის წევრები ყოფილან). მომხიბლა მათმა თბილმა საუბარმა, ყურადღებამ, რწმენამ...

გადიოდა დრო. მათთან უფრო და უფრო მეტი საერთო ვიპოვე, მერე თავიანთ შეკრებაზე მიმიწვიეს, მიქადაგეს... რელიგიურად გაუნათლებელმა, სულის სიმტკიცეს მოკლებულმა, ადვილად მივიღე და გავითავისე მათი ნათქვამი.

უამრავი დრო დავკარგე ამაოებაში, ბევრ საყვარელ ადამიანს ვატკინე გული და ზურგი ვაქციე, სანამ ბოლოს და ბოლოს არ შემაგნებინეს, რომ მცდარ გზას ვადექი.

თავდაპირველად გამიჭირდა ეკლესიაში მისვლა, მაგრამ მეგობრის დაჟინებული თხოვნით მაინც მივედი, მოძღვარს გავესაუბრე...

იქიდან წამოსულს თავში ყველაფერი ამერია, ვეღარ გამეგო, სად იყო სიმართლე და სად - სიცრუე, ცხოვრებაზე გული გამიტყდა, წუთისოფელი მეტისმეტად შევიყვარე.

...მაინც გამოჩნდა ნათელი სხივი - დედაეკლესია. უაზროდ მოხეტიალე სულმა ბოლოს იქ პოვა თავშესაფარი.

მინდა, ყველას ჭეშმარიტებისაკენ მოვუწოდო. რწმენა, ლოცვა და სინანული თუ გადაგვარჩენს. და კიდევ, უმორჩილესად მინდა გთხოვოთ, იკითხეთ წმინდა მამათა ცხოვრება, დაეწაფეთ სულიერ სიბრძნეს. ოდესღაც მეც რომ ასე მოვქცეულიყავი, გულში ამდენი ტკივილი აღარ ჩამრჩებოდა ჩემი წარსულის გამო.

გფარავდეთ უფალი. ამინ.

მე ვარ დედა ერთი ქართველი ჭაბუკისა, რომელიც ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში, ბერად აღიკვეცა.

ჩემი ვაჟი, პაატა ბოჩოს ძე ჭეჟია, ზუგდიდში დაიბადა 1966 წლის 14 ივნისს. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა (ორი კურსი დაასრულა). იცის რამდენიმე უცხო ენა.

90-იანი წლების მიწურულს მივლინებით გერმანიაში მოუხდა გამგზავრება. იქ სამი წელიწადი დაყო. სწორედ ამ პერიოდში გაიტაცა გერმანულმა ფილოსოფიამ, შემდეგ კი ბიბლიით დაინტერსდა...

2002 წლის იანვარში ველოდით, მაგრამ უეცრად საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან მივიღეთ წერილი, რომ ათონის წმინდა მთაზე ბერად შედგომა გადაეწყვიტა. რამდენიმე დღის შემდეგ, თებერვლის მიწურულს, გვამცნო, რომ 17 დღე ევლო და ფეხით მისულიყო წმინდა მთაზე, ივერონის მონასტერში, მაგრამ იქ არ მიეღოთ და პანტელეიმონის მონასტერში გადასულიყო. ეს მოხდა 2002 წლის 15 თებერვალს, მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულზე. უფლის ნებითა და ღვთისმშობლის მეოხებით, ჩემი ვაჟი მიიღეს მორჩილად და უწოდეს პეტრე, ხოლო სამი წლის მორჩილების შემდეგ, 2005 წლის 24 აპრილს, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, აღკვეცეს ბერად და უწოდეს ერმოლაოსი.

ცოლი ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 22 წლისამ შეირთო. მისი მეუღლე, ინგა თუთბერიძე, ამჟამად თბილისის 53-ე საუნივერსიტეტო სკოლაში მუშაობს, საქართველოს ისტორიას ასწავლის. ჰყავთ 2 ვაჟი, ბექა და დაჩი ჭეჟიები, 16 და 13 წლისანი. ისინიც 53-ე სკოლაში სწავლობენ, ფრიადოსნები არიან და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან.
ბეჭდვა
1კ1