სამშობლოს ტკივილი სხვა ყოფილა
სამშობლოს ტკივილი სხვა ყოფილა
უფალივით სამშობლოც ერთია ქვეყანაზე. სადაც უნდა წახვიდე, ვისაც უნდა შეეფარო, ის ტკივილი არ მოგასვენებს, შენი მამულის გაჭირვება რომ ჰქვია.

როცა ქართველთა შემართებასა და გმირობაზე გინდა ფიქრი და ლაპარაკი, უნდო გონება მაშინვე წამოატივტივებს მოღალატეთა გვარ-სახელებს... რა იციან უბედურებმა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა და დედა ღვთისა არავის შეუნდობს ღალატსა და ორგულობას.

მერი (74 წლის): თხუთმეტი წლის წინ ჯვართამაღლებას დაეცა სოხუმი. ეს საშინელება იყო, სასტიკი და შემარცხვენელი დამარცხება...

თბილისში ჩამოსულებს სიცივე და სიბნელე დაგვხვდა, გაღატაკებული და ბრძოლისგან დაღლილ-გაოგნებული ხალხი... ჩვენი ცხოვრება არ იყო ცხოვრება, უფრო არსებობას ჰგავდა, მაგრამ იმედი გვითბობდა სულს - ჩვენი ზღვა, ჩვენი მაგნოლიების სურნელით გაჟღენთილი ქუჩები ფიქრსა და ოცნებაში მაინც იყო ახლო. ეს გვაძლებინებდა. ახლა რა ვქნათ - იმედიც წაგვართვეს და დაგვარწმუნეს, რომ ვერასოდეს ვნახავთ და მოვიტირებთ ახლობლებისა და მშობლების, ზოგიერთნი კი შვილების საფლავებს. თბილისიც ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი, მაგრამ რამდენი დევნილი და ლტოლვილი უნდა დაიტიოს ამ ქალაქმა?!

ბოლო ხანებში ჩვენი "საძმოდან" ვიღაც-ვიღაცები შევიდნენ სოხუმში. ჩემი სიძეც იყო. გახარებული დაბრუნდა, აფხაზებმა კარგად მიმიღეს, მეტიც, ნანობენ კიდეც, ასე რომ გაგვიმეტესო. ახლა? აწი რა ვქნათ? თავიდან დაიწყო ყველაფერი, თავიდან გაღვივდა მტრობა და უნდობლობა.

არაერთხელ გაგვიგონია დაუფიქრებლად ნათქვამი - თქვენ საქართველოში ყველაზე უკეთ ცხოვრობდითო. განა ეს დასაყვედრებელია? არ ვქურდობდით და სხვას არაფერს ვტაცებდით, დღედაღამ ვშრომობდით და ის დალოცვილი მიწაც ამაგს არ გვიკარგავდა. რუსულად ლაპარაკობდით, ქართულს არ კადრულობდითო... ტყუილია ეს, აბა, აფხაზთან, ბერძენთან და რუსთან, გინდაც სომეხთან რა ენაზე უნდა გველაპარაკა?! ჩვენ ვიყავით დამნაშავე, ხელისუფლება ქართულზე მეტად რუსულს რომ სცემდა პატივს?! მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვიყავი და საქართველოს სიყვარულით ვზრდიდი მოსწავლეებს, ისინი კი ასობით იყვნენ. ქართველი დაგველაპარაკა და პასუხი რუსულად მივეცით? დამნაშავე არც ჩვენ ვართ და არც თქვენ, დამნაშავე ის არის, ვინც თავისი მიწა-წყალი ოცდაათ ვერცხლად გაყიდა...

ბაბალე (57 წლის): დღეს საქართველოზე ფიქრმა და დარდმა ყველანი გაგვაერთიანა. უიმედობა ცუდია, მაგრამ არც ნამეტანი დაარხეინება ვარგა, ბრძოლაა საჭირო, უნდა ვეცადოთ, ჩვენი მიწა-წყალი დავიბრუნოთ, ჩვენი სახლკარდაკარგული და საკუთარი კერიიდან აყრილი მოსახლეობა დავაბინაოთ. მართალია, დღეს იმედი ნაკლებია, მაგრამ საქართველოს ერთიანობაზე ფიქრი არ უნდა მოგვბეზრდეს.

ერთი ოსი მეზობელი მყავს, თავის დროზე, პირველად რომ აბორგდნენ ოსები, წამოყელყელავებული იყო. ახლა დარცხვენილი და შეწუხებულია. მაშინდელი შევახსენე და ვკითხე, ახლა რაღა მოგივიდა, რატომ ხარ ასე-მეთქი. მაშინ მეგონა, მართლა დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ახლა რუსები გადაგვყლაპავენო. შე მამაცხონებულო, ვის მიწაზე გინდოდა დამოუკიდებლობა?! დამოუკიდებელი არ იყავი, ვინ გაწუხებდა?

დიდი სისხლი ჩამოწვა ჩვენ შორის, ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა... მძიმეა ჩვენი ცხოვრება, გვიჭირს ამხელა ტკივილის გაძლება, მაგრამ უნდა გავუძლოთ! სათავეებს უნდა მივუბრუნდეთ და შვილები და შვილიშვილები სამშობლოსა და ღვთის სიყვარულით გავზარდოთ.

ამას წინათ ომზე ვლაპარაკობდით, - მეტი რა გვაქვს ახლა სალაპარაკო? - და ერთმა ახალგაზრდა გოგონამ, როცა ვთქვი, ალბათ ვაშავებთ და იმიტომ ვისჯებით-მეთქი, კითხვა შემომიბრუნა: მარტო ჩვენ ვაშავებთ? მთელი მსოფლიო აყვავებულია, ჩვენ კი გამუდმებულ ტანჯვაში ვართო. გული მეტკინა - ახალგაზრდებიც რამხელა ტკივილს ატარებენ. ჩვენ რომ გვგონია, არც ისეა საქმე, არ შეიძლება, ქართული გენის მატარებელს ქართული მიწა არ სტკიოდეს...

მაინც მინდა ვუპასუხო იმათ, ვინც ასე ფიქრობს: ქრისტე უფალიც აწამეს, აფურთხეს, ჯვარზე გააკრეს, მაგრამ აღდგა და კაცობრიობას სიცოცხლისა და უკვდავების სხივი მოჰფინა. საქართველოც აღდგება, არ გაგვწირავს უფალი, რადგანაც იცის, ტანჯვა რა არის, რა არის თვისტომთა ღალატი და გადამთიელთა უმადურობა.

ირაკლი (55 წლის): ორი წლის წინ შვილი გარდამეცვალა - ორი შვილის მამა ბრგე ვაჟკაცი ორ წამში გამოგვეცალა ხელიდან. მას შემდეგ სიცოცხლე არ მინდოდა... ეკლესიამ მიშველა. იქ რომ ვარ, მგონია, - და ასეცაა, - ჩემს შვილს ვახარებ. ამაოების განცდა, სასოწარკვეთილებაში რომ გადამეზრდებოდა ხოლმე, მაინც ვერ მოვიცილე...

ღმერთმა აშოროს ყველას ისეთი სატკივარი, ჩვენ რომ ახლა დაგვატყდა თავს. ამ ომმა მთლად მომიღო ბოლო... მაგრამ უბედურება ალბათ ამაგრებს ადამიანს. ტელევიზორში დაღუპული ჯარისკაცის დედა რომ ვნახე, რომელიც ყველა უცნობი ჯარისკაცის საფლავს უვლის, გონს მოვედი...

ამბობენ, სატკივრისგან სატკივარი განკურნავს ადამიანსო. განკურნების რა მოგახსენოთ, - სამშობლოს ტკივილი სხვა ყოფილა, - მაგრამ იმაში დავრწმუნდი, რომ "არას გვარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა". უნდა გავმხნევდეთ, გავუძლოთ და ფეხზე დავდგეთ! მომავალი თაობა მოდის და თავჩაქინდრული და უიმედობით გაჩანაგებული მამული არ უნდა დავახვედროთ.
ბეჭდვა
1კ1