როცა ამდენი წმინდა ნაწილი და ჯვარი გვიფარავს, სასოწარკვეთის უფლება არ გვაქვს!
როცა ამდენი წმინდა ნაწილი და ჯვარი გვიფარავს, სასოწარკვეთის უფლება არ გვაქვს!
მთელი გზა ჯვარი გულზე მქონდა მიხუტებული და გადარჩენას ვემუდარებოდი
არის მომენტები ერის, ადამიანის ცხოვრებაში, როცა მწუხარებას უფსკრულში ჩაჰყავხარ და... სასოწარკვეთა გულს გიღრღნის. ასეთ დროსაც მთავარი სიწმინდის - ჯვრის ძალით გადარჩენა უნდა ვევედროთ უფალს. მძიმეა ჯვარი. მძიმე იყო ის მაშინაც, როცა ქრისტეს ზურგზე მოჰკიდეს და გოლგოთაზე აატანინეს. ხომ აღდგა უფალი, ხომ გახდა მას შემდეგ ჯვარი პური ჩვენი არსობისა...

ნინო (35 წლის): როცა ჩვენი ქვეყნის იავარქმნა დაიწყეს, შოვში ვისვენებდი ქმარ-შვილთან ერთად. იქ ბევრს ვერაფერს ვიგებდით, მაგრამ იმ ხმამ კი მოაღწია, თბილისის დაბომბვას აპირებენო. ყველანი ლანდებად ვიქეცით, იქ დარჩენილებზე ფიქრი და ლაპარაკი იყო მხოლოდ ჩვენი საკეთებელი. ზოგი ამბობდა, აქ დავრჩეთ, იქნებ ეს ბავშვები მაინც გადავურჩინოთ ქვეყანასო, ზოგმა - თუ ყველა დაიხოცება, მე რა ჯანდაბად მინდა სიცოცხლეო. ხატი და ჯვარი მქონდა წაღებული შინიდან, დავილაგე წინ და მთელი ღამე ლოცვასა და ტირილში გავათენე - ღმერთო, მაჩვენე გზა-მეთქი.

მეორე დილით უცებ გადავწყვიტეთ წამოსვლა და როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ. მთელი გზა ჯვარი გულზე მქონდა მიხუტებული და გადარჩენას ვემუდარებოდი. მართალია, გული გასივებული მქონდა, მაგრამ მჯეროდა, მისი ძალა სამშვიდობოს გაგვიყვანდა.

იმ ღამეს ჩამეძინა, მაგრამ საოცარმა სიზმარმა - ვფიქრობ, ეს უფრო ჩვენება იყო - გამომაფხიზლა. მეზობელი აზერბაიჯანელი ბიჭი მესიზმრა, გულზე მოზრდილი ჯვარი ეკიდა. გამიხარდა და ვკითხე, გაქრისტიანდი-მეთქი? მისკენ გავიწიე. თავი მდუმარედ დამიქნია და ასევე უსიტყვოდ გამშორდა...

დილით გავიგე, გორში მოუკლავთ რუსებს. მერე ისიც თქვეს, თავგანწირვით იბრძოდა, ჩემს ქვეყანას მტერს არ დავანებებო. თურმე ბიჭები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან და ამ დროს მოუსწრო ტყვიამ...

თამარი (60 წლის): ჯვარი მარადიული სიცოცხლის დასაწყისია და როგორ შეიძლება არ გეიმედებოდეს? თუმცა ისიც ხშირია, როცა ეშმაკი გძლევს და სასოწარკვეთა შეგიპყრობს...

ახლა ჩემს მოუწყობელ ცხოვრებაზე როგორ შეიძლება ლაპარაკი, როცა ამისთანა ცოდვა-ბრალი ტრიალებს, მაგრამ საშინელი დილემის წინაშე დავდექი. მთელი სიცოცხლის ნაწვავ-ნადაგი თითქოს ერთ დღეს გამომეცალა ხელიდან. გამიჭირდა ბავშვობის სახლთან განშორება, თუმცა გარემოებამ ასე მოითხოვა - ყველაფერი გავყიდე და შვილებს გავუნაწილე. მორწმუნე კი მქვია, მაგრამ ისეთი დეპრესია დამეუფლა, ეკლესიაში ვერ შევდიოდი, ლოცვასაც ვერ ვბედავდი - უკუღმა მიბრუნდება-მეთქი. ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ჩემს სისულელეს უიღბლობასა და ღმერთს ვაბრალებდი. ამან შემაშინა და შემაწუხა...

ვიძალე და ეკლესიაში წავედი. წირვის შემდეგ მრევლი მოვიკითხე. მისაყვედურეს, რატომ აქამდე არ ჩანდიო. ნამდვილი მიზეზი არ მითქვამს... მერე - ახლა სხვა რაღა გვაქვს სალაპარაკო - საქართველოში დატრიალებულ უბედურებაზე ჩამოვარდა სიტყვა. ზოგს შევატყვე, იმედი დაკარგვოდა, ერთმა ახალგაზრდა ქალმა კი ასეთი რამ თქვა: ქვეყანას, სადაც უფლის კვართია დაბრძანებული, რისი უნდა ეშინოდესო. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა და მეორე დღეს მცხეთაში წავედი. უფლის კვართთან მისული ცრემლით ვეხვეწებოდი პატიებას გულაცრუებისთვის...

მანუჩარი (35 წლის): ცოლი ადრე შევირთე. ერთმანეთი გვიყვარდა და არ მინდოდა დამეკარგა, თუმცა ცოლის რჩენის არავითარი სახსარი არ მქონდა, ვიცოდი, რომ მთლიანად დედ-მამის კისერზე უნდა "ვმჯდარიყავი". მდიდარი მშობლები არ მყავდა, ჩემი რჩენა უჭირდათ და ჩემი ცოლ-შვილი ხომ მთლად გატეხდა წელში. თეონა ბევრს არაფერს ითხოვდა - მორიდებული და წყნარია, მაგრამ ბევრი რამ აკლდა. გული მტკიოდა, თუმცა ვერაფერს ვახერხებდი - ცოდნა მე არ მქონდა და მოხერხება, რომ ვაჭრობა მაინც დამეწყო. ამას როგორღაც გავუძლებდით, მაგრამ შვილი არ გვეძლეოდა და არც იმის საშუალება გვქონდა, სერიოზულად გვემკურნალა.

როგორც იქნა, მოვახერხეთ და ექიმთან მივედით. იმდენი წამალი გამოგვიწერა, სახლი რომ გაგვეყიდა, მაინც ვერ ვიყიდდით. დაღონებულები წამოვედით იქიდან...

უშვილობას თითქოს შევეგუეთ, მაგრამ ახლა იმის მეშინოდა, ავადმყოფობას უფრო მეტად არ ეჩინა თავი.

დედაჩემმა ეკლესიაში დაიწყო სიარული. ერთხელ გახარებული მოვიდა, მოძღვარს ველაპარაკე და შიომღვიმეში წასვლა გვირჩია, დიდი იმედი მომეცაო. მეზობელს შევეხვეწე და მანქანით მიგვიყვანა. ასე ვიარეთ ალბათ ერთი თვე...

სულ მალე შევიტყვე, რომ ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო. მამა შიოს მადლობის სათქმელად ვეახელით და შევპირდით კიდეც, რამდენსაც მოგვცემდა ღმერთი, იმდენ შვილს ვიყოლიებდით.

ჯერჯერობით სამი გვყავს...

როცა ამდენი წმინდა ნაწილი და ჯვარი გვიფარავს, სასოწარკვეთის უფლება არ გვაქვს!

ნუნუ (67 წლის): მე ასე ვფიქრობ და თუ ვინმე დამძრახავს, მისი საქმეა...

ჯვრისა და ეკლესიის გარეშე ქრისტიანი რომ ვერ იქნები, ამას რა ლაპარაკი უნდა! ღმერთმა ულამაზესი ბუნება და წინაპრები რომ მოგვცა - ესეც ცხადზე ცხადია. ამდენი სიწმინდე რომ არის ჩვენთან თავმოყრილი, ესეც ხომ უფლის ჩვენდამი სიყვარულზე მეტყველებს? ასეთი სიმდიდრის პატრონ ერს მეტი დაფიქრება და სიყვარული მართებს.

უფლის კვართი, ღვთისმშობლის კვართი, წმინდა ნინოს საფლავი და კიდევ უამრავი წმინდა ნაწილი რომ გვაქვს, ამაზე მეტი სიმდიდრე რაღა გვინდა?
ბეჭდვა
1კ1