წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჩემო ტკბილო და თბილო მამა ილია (ჩაკვეტაძე), იცოდეთ, როგორ მენატრებით! მამაო, ყოველდღე გიხსენებთ ლოცვები. მომიკითხეთ დიდი სიყვარულით მრევლი.

რჩეულთა შორის რჩეული ხართ თქვენი ღვთივგანბრძნობილი ცოდნით, გულმხურვალედ ევედრებით უფალს ჩვენთვის - სულიერად სუსტი და უძლური მრევლისთვის. თქვენი სულის სიძლიერე, რწმენა და იმედი, ჩვენდა უნებურად, ჩვენზეც გადმოდის და ამით სულიერ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. მინდა, გულწრფელი და დიდი მადლობა გითხრათ, მამა ილია, სულიერი შეწევნისთვის, თანადგომისთვის, რომელსაც ვგრძნობთ, გმადლობთ მე უღირსი, მამაო.

ვაჟიშვილის - ნიკოლოზის დაბადებას გილოცავთ. გაიხარეთ თქვენს ოჯახთან ერთად, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ.

ბატონ ჯიმი უსიტაშვილზე, ტაძრის აღმშენებელზე, დიდი წყალობაა ღვთისა, ისეთი მადლი მიუნიჭებია უფალს, რაღა ვუსურვო, მხოლოდ ერთი - დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენი მრევლის საიმედოდ.

ტაძარი ჩემთვის ყველაფერია - სიყვარულიც, სითბოც, ოჯახიც. მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც ჯერ არ დაუწყია ეკლესიური ცხოვრება: მივიდნენ ეკლესიაში და უფლის გზას შეუდგნენ.

უწმინდესსა და უნეტარესს მადლობას მოვახსენებ მამა ილიასთვის, ბატონ ჯიმი უსიტაშვილს კი ვმადლობთ მშვენიერი ტაძრისთვის.
თბილისის დიდმოწამე
ეკატერინეს ტაძრის მრევლი ელისაბედ ცანავა


ჩემს საყვარელ ძმებს და მამებს
ფუტკრის სკასავით ზუზუნებს ძამის ხეობა. სითბო, სიყვარული, მოყვასისთვის თავგანწირვაა მთავარი ძარღვი მეუფე იობისა, რითაც გვასაზრდოებს მარადჟამს. ამდენი ბერის ერთად აღვლენილი ლოცვა შევარდენივით აიჭრება ზეცისკენ, მზის ბრწყინვალების საუფლოში, და ჩვენს გმირ წინაპრებს აღძრავს ვედრებად ღვთისა.

უღრან ტყეში პატარძლებივით მორთულ-მოკაზმულან ულამაზესი მონასტრები - აბუხალი, ქოზიფა, მუხილეთი, ქვათეთრი, ორხევი და მრავალი სხვა. რამდენი სიკეთე, რამდენი სინანულის ცრემლი დაღვრილა აქ, ეს მხოლოდ უფალმა უწყის.

დღეს, როდესაც უზნეობამ ლამის შთანთქას ქართველი ახალგაზრდობა, ეს ხეობა იმედის შუქურაა და, შეიძლება ითქვას, მიღწეული ნაპირია ცხოვრების ბობოქარ ტალღებში მოხვედრილთათვის. აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა და იმდროინდელი საგუშაგო კოშკები დღემდეა შემორჩენილი. ერთი სიტყვით, ძამის ხეობა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ერის სულიერი ფერისცვალების, ზნეობრივი სისპეტაკის, აღმავლობისა და აღორძინების ქვაკუთხედი.

ხეობაში ოდითგანვე ყოფილა ბერმონაზვნური ცხოვრება. ამას ამტკიცებს ქოზიფის მამათა მონასტერი, აბუხალის კლდეებში არსებული გამოქვაბულები, სადაც ფრესკები და ტრაპეზის ქვებია შემორჩენილი. როგორც ჩანს, აქ განდეგილი ბერების სამყოფი იყო, აგრეთვე მუხილეთის უძველესი ტაძარი, რომელიც, მკვლევართა აზრით, XIV საუკუნის ბაზილიკაა. უფრო მეტიც - ეს ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობისაა, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ დედა ღვთისა კვლავაც მფარველობს თავის წილხვედრ ივერიას.

წვიმამ გადაიღო. ოხშივარი ასდის არემარეს. ონავარმა ქარმა ციდან მიმოფანტა ლეგა ღრუბლები, მნათობმა უხვად დააფრქვია მაცოცხლებელი სხივები დედამიწას. თაიგულებივით ულამაზესი მონასტრებით გულდამშვენებულმა ძამის ხეობამ კი საგალობელი უთხრა მზეს!
ყოფილი მორჩილი შერმადინი

KARIBCHE
მოგესალმებით, "კარიბჭის"რედაქციავ!
მინდა დაბადების დღე - 17 სექტემბერი მივულოცო შემოქმედელ მიტროპოლიტს მეუფე იოსებს. მთელი სულითა და გულით გილოცავთ ამ დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი სიყვარულის კალთა. მრავალს დაესწარით. უფალმა დღეთა სიმრავლე მოგანიჭოთ. თქვენი ლოცვა შეგვეწიოს მუდამ.

ღმერთმა გაგაძლიეროთ. ამინ!

ოზურგეთი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის
მრევლი ნუნუ
ბეჭდვა
1კ1