სანამ ამ ლოცვას იტყოდე, ყველა ბრაზი გვერდზე გადადე, თორემ ღმერთი გაგინაწყენდება
სანამ ამ ლოცვას იტყოდე, ყველა ბრაზი გვერდზე გადადე, თორემ ღმერთი გაგინაწყენდება
მზის სხივები შარავანდედად რომ შემოადგება დედამიწას და ცისკარი იფეთქებს, ქვეყნიერება აღუღუნდება. კიდევ ერთი დღე შემატა შენს ამქვეყნიურ არსებობას უფალმა და გაღვიძებისთანავე მთელი გულით უნდა შეჰღაღადო - "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...". ვაკეთებთ კი ამას? თუ ჯერ ამქვეყნიურ საქმეებს მოვილევთ და როცა მოვიცლით, მერე გვახსენდება უფალი? და რაც ყველაზე დიდი უმადურობაა - ლოცვის დროსაც "საქმეზე" ვფიქრობთ. იმას კი ვერ ვხვდებით, რომ ამით მამას - სამყაროსა და ჩვენს შემოქმედს შეურაცხვყოფთ...

ანზორი (67 წლის):
კარგია, შვილი მამას რომ განუდგება, ლანძღავს და შეურაცხყოფს? სასახელოა ასეთი შვილი? თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და მამაშვილობის მადლიც ძველებურად არ გვინათებს გზას.

მახსოვს, მამაჩემის სიტყვა კანონი იყო ჩვენთვის. ის კი არა, შინ შემოსულს ფეხზე ამდგარი ვხვდებოდით - ეს ტრადიცია იყო, რომელიც ქრისტიანობამ დაამკვიდრა და გააძლიერა ჩვენში. თუმცა მაშინ ღმერთის ხსენება კი აგვიკრძალეს, მაგრამ ქრისტიანული წესი ვერ შეცვალეს. მშობლების პატივისცემა შემოქმედის - დიდი მამის მცნების დაცვაა. ახლა ჩემი შვილიშვილი, მამამისს ფეხზე წამოუდგება კი არა, კომპიუტერში ცხვირშეყოფილი, კითხვაზე პასუხის გაცემასაც არ კადრულობს. რომელ დარიგებასა და ჭკუის სწავლებაზეა ლაპარაკი! ილაპარაკე და იქადაგე, რამდენიც გინდა, ვინ გისმენს... არადა, იცით, რა მიკვირს? ჩემი შვილიშვილი ეკლესიაში დადის, წირვა-ლოცვასაც ესწრება და რაღაცით სხვებსაც სჯობია, მაგრამ უფლისთვის ეს საკმარისია?

თავიდან რომ კითხვა დავსვი, ახლა მინდა გავცე პასუხი - მამის დამგმობ კაცს ადრე საზოგადოება ზურგს შეაქცევდა, მაგრამ ახლა ღვთის მგმობელიც რომ იყო, არავის ენაღვლება. იტყვიან - ყველას თავისი აზრი აქვსო!

ამას წინათ მეზობლები შევიკრიბეთ. სიტყვამ მოიტანა და ერთმა ნიჰილისტური კითხვა დასვა - ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხიო. იმდენი იკამათეს, საქმე ჩხუბამდე მივიდა. გადავირიე კაცი: ხალხო, რამ შეგშალათ, ეს ქვეყანა უფლის გაჩენილია, ნუთუ ბიბლია არც წაგიკითხავთ და არც მოგისმენიათ-მეთქი?! განა ამაზე ვიკამათებდით, საყოველთაო კანონზომიერებას რომ ვცნობდეთ? უფლის - დიდი მამის გაჩენილია ყოველივე და ცისმარე დღე მადლობას უნდა ვუხდიდეთ ამისთვის.

ამირანი (56 წლის): ბებიაჩემი მახსენდება... ერთადერთი ლოცვა - "მამაო ჩვენო" ახსოვდა ზეპირად და დღეში ბარე თორმეტჯერ იტყოდა. მაშინ მიკვირდა, ასეთ ძნელ სიტყვებს როგორ იმახსოვრებს-მეთქი და ვუთხარი კიდეც. მერე ვთხოვე, ესწავლებინა. ეტყობა, ეშინოდა და იმიტომ არ მასწავლიდა ­- ასე, 5-6 წლის თუ ვიქნებოდი. მერე დამარიგა, მარტო რომ დარჩები, შენთვის ილოცე ან გულში თქვი ხოლმეო. ისიც მითხრა, სანამ ამ ლოცვას იტყოდე, ყველა ბრაზი გვერდზე გადადე, თორემ ღმერთი გაგინაწყენდებაო.

მერე ცხოვრების მორევმა ისე ჩამითრია, ლოცვა არც კი მახსენდებოდა.

ერთ დღესაც ცუდად შევიქენი. ექიმებმა გამსინჯეს და - გულის ოპერაცია უნდა გაიკეთოო.

საშინელებაა, საქმის კეთება რომ გინდა და ჯანი არ მოგდევს! ვიწექი და ათას რამეზე ვფიქრობდი... ოჯახში ახლა უამრავი ლოცვანი გვქონდა, მაგრამ მათ წაკითხვისას მაინც ათასი ფიქრი მამძიმებდა, გულს ვერ ვუდებდი. ერთადერთი "მამაო ჩვენო" იყო, მძიმე ყოფას რომ მიმსუბუქებდა. თავს შევამჩნიე - ბებიაჩემის ინტონაციით ვკითხულობდი.

გულის ოპერაციამ კი მშვიდობით ჩაიარა, მაგრამ ახლა ისეთი რამ მოხდა, ლამის ვინატრო, ნეტავ მაშინ მოვმკვდარიყავი-მეთქი. თუ ყველა ქართველი აჰყვება პატრიარქის მოწოდებას და ზეციურ მამას ცოდვების მიტევებას შესთხოვს, ეშმაკის შემოტევას უთუოდ დავძლევთ.

დოდო (60 წლის): ეს ომი რომ დაიწყო, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. ყოველ დილით დანაშაულის განცდა მაღვიძებდა - მე ვჭამ, მძინავს, იქ კი ჩვენი ბიჭები სისხლს ღვრიან-მეთქი. უსუსურობაც დამეუფლა, ვერაფერს რომ ვერ ვაკეთებდი მათთვის. ბუნებით ოპტიმისტი ვარ, მიუხედავად ხანდაზმულობისა, სიცოცხლის სიყვარულიც მქონდა და არც ძნელბედობა მაშინებდა, ახლა კი ნელ-ნელა ვექცეოდი პესიმიზმის ბრჭყალებში. ვერც ჩემს თავს ვშველოდი რამეს და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა. თითქოს სულზე მომისწრო პატრიარქის მოწოდებამ და იმ ლოცვებმა, სამშვიდობოდ რომ უნდა გვეთქვა. დღედაღამ "მამაო ჩვენოს" ვიმეორებდი...

მსხვერპლი დიდია, მაგრამ ვიცი - წყალობით გადმოგვხედა ზეციურმა მამამ და უფრო მეტი აგვარიდა.

ერთმა რამემ ლამის გამიგლიჯა გული და არ შემიძლია, არ ვთქვა: იმ დღეს მეზობელმა შემომიარა. რესტორნის მეპატრონეა. ვკითხე, ალბათ ახლა აღარავინ შემოდის და რა უნდა ქნა-მეთქი. რას ამბობ, დასაჯდომ ადგილს ვერ იპოვი საღამოს 5 საათის შემდეგო. გულზე შემომეყარა! ყაზბეგის "ელგუჯას" გმირი სვიმონ ჩოფიკაშვილი გამახსენდა: "ახლა გლოვის დროა და ვიგლოვოთ, ძმებოო", რომ ეუბნება რუსებისგან გამწარებულ მოხევეებს.
ბეჭდვა
1კ1