წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
თიღვას მონასტერი
"არის თიღვას ჯუარის მონასტერი, რომელი აღაშენა ასულმან აღმაშენებელისამან თამარ". ისტორიული ცნობა ცხადყოფს, რომ ყორნისის რაიონის სოფელ თიღვის ტაძარი ერთიანი საქართველოს საჭეთმპყრობლის დავით აღმაშენებლის ასულის, შირვანის ქვრივი დედოფლის თამარის აგებულია.

ტაძარში საუკუნეების მანძილზე ლოცულობდა ფრონის ხეობის მოსახლეობა. მერე რეგიონს დაპატრონებულებმა ტაძრის შესასვლელიდან ნახევარტონიანი ზარი მოიპარეს, ქართველთა ათასწლოვანი საფლავების გათხრებით ისახელეს თავი.

ფრონის შენაკადის ოჟეროას ხეობაში, ფერდობზე, სოფელი ლისაა გაშენებული. აქ აღმოჩენილი ბრინჯაოსა და რკინის იარაღები და სამკაულები ძვ. წ. აღ-ის VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. დღეს იქ ქართველები აღარ ცხოვრობენ. მის აღმოსავლეთით, მაღალ მთაზე, კოშკია აღმართული მცირე გალავნით. კოშკს აღმოსავლეთით მიშენებული აქვს ბაზილიკის ტიპის პატარა ეკლესია, რომელსაც ლისის ჯვარს უწოდებდნენ. ეკლესიის შესასვლელის თავზე ქვის დიდი, მომრგვალებული ფილა-ლოდი დევს. მასზე ნუსხა-ხუცურით რვასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერაა. მეცნიერთა აზრით, ის XV-XVI საუკუნეებს ეკუთვნის, თვით ძეგლი კი გაცილებით ადრე, VII-VIII საუკუნეებშია აგებული.

დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს, გორაზე, დგას სვერის ციხე, რომელიც ხეობას იცავდა. ვახუშტი მის აშენებას თეიმურაზ მაჩაბელს მიაწერს.

დიდი ლიახვის პატარა შენაკადის ფაწის აღმოსავლეთით, სოფელ ჩასავლელთან, ტყეში, ბაზილიკა დგას, რომელსაც ჩამოსახლებული ოსები "ვასთირჭის" (წმიდა გიორგის) ეკლესიას ეძახიან. მასზე შემორჩენილია მრავალსაუკუნოვანი ფრესკები და ქართული ასომთავრულის ფრაგმენტები. ძეგლი ბედის ანაბარაა მიტოვებული. იქ არავინ ცხოვრობს.

ბოეთის ნახევრადმღვიმის ეკლესია მეჯუდის ხეობაში, რომელიც მთიან, კლდოვან ადგილზეა აგებული, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან დარბაზი და დამხმარე ნაგებობები აქვს მიშენებული. იგი IX საუკუნის ძეგლია, რასაც ეკლესიაზე შემორჩენილი წარწერა ცხადყოფს. იგი 1912 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ასეთი წარწერაა: "ქრისტე, მეუფეო ყოველთაო, ადიდე ერისთავი იოანე, ძე ბაკურ ყანჩაელისა, პატრონი წმინდის ეკლესიისა". სხვა წარწერები ძეგლის ამგებებს - ვაჩესა და ბეშქენს, ღმერთს, ხუროთმოძღვარ გაბრიელს ადიდებს.

ქსნის ხეობაში, წირქოლის ციხის დასავლეთით, აგებული ღვთისმშობლის ეკლესია, აკად. გ. ჩუბინაშვილის აზრით, VIII საუკუნისაა. იგი ბაზილიკური დარბაზოვნის გუმბათოვანში გადაზრდის ნიმუშია.

პატარა ლიახვის ხეობის ისტორიული სოფელი არწისხევი წყაროებში XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე იხსენიება. XIV საუკუნიდან იგი, როგორც ციხე-გალავანი, ქსნის ერისთავთა გამგებლობაშია. მის ქვითკირის კედლებს დღესაც ახსოვთ სისხლიანი ბატალიები...

სრული უყურადღებობა, წვიმა და თოვლი დაუნდობლად ანადგურებს ჯერ კიდევ შემორჩენილ წარწერებს, მხატვრობას... მრავალტანჯული სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ციხესიმაგრეები ისე ინგრევა, რომ უმეტესობა შეუსწავლელია. ჯერ იქ არქეოლოგის ნიჩაბი და წერაქვიც კი არ დაკრულა. კიდევ მეტი - არამცთუ მათი შესწავლა-შენარჩუნება, ზოგიერთისა არსებობაც კი არ იციან...

მოდით, საქართველოში მცხოვრებო ძმებო ოსებო, ნურავის მივცემთ საშუალებას, გათელოს ჩვენი მორალური ფასეულობანი და ის სიყვარული, რომელიც საუკუნეებიდან მოგვყვება. ღმერთს ნუ ჩამოვშორდებით. სანამ გვიან არ არის, ვთხოვოთ საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომ შიდა ქართლის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შემორჩენილ კულტურის ძეგლებს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდეს და შთამომავლობას შემოვუნახოთ.

ვილენ ქორიძე
ბეჭდვა
1კ1