"დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო, შენზე ვართ მონდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით..."
"დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო, შენზე ვართ მონდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით..."
"სამშობლო მზეა, რომელიც შორიდანაც კი გვათბობსო", - მითხრა ერთმა ქართველმა ემიგრანტმა გერმანიაში ყოფნისას. ამ სიტყვებმა გული მატკინა და ამ ტკივილით დამამახსოვრა თავი.

სამშობლო ყველა ერის შვილს უყვარსო, მეტყვით. დიახ, ასეა და არც მე მაქვს გამორჩეულობის პრეტენზია, მაგრამ ერთხელ კიდევ გავიხსენებ ილიას სიტყვებს - "ჯვარცმული ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულოო", საქართველოს რომ მიმართავდა...

მეგი: გერმანიაში ჩემი წამოსვლა მეტად მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა - შვილი მყავდა მძიმე ავადმყოფი. როცა ექიმებმა ყველა იმედი გადამიწურეს, მხოლოდ მაშინღა გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა. ეს ძალიან მძიმე იყო, იმ წლების გახსენებაც არ მინდა. მართალია, გერმანელებმა საოცარი სითბო და სიყვარული მაჩვენეს, მაგრამ სევდა, რომელსაც სახელი არ აქვს, გულსა და სულს მიღრღნიდა. გარდა იმისა, რომ საქართველოში დამრჩა ქმარ-შვილი, დედ-მამა და ყველა ახლობელი, ჩემი "წყალჭალა" მენატრებოდა, ჩემი მცხეთა არ მანებებდა თავს და მიუხედავად იმისა, რომ ახლა არაფერი მაკლია და ყველანი ერთად ვართ, ალბათ ვერასოდეს შევეგუები იმ აზრს, რომ სამუდამოდ აქ უნდა ვიცხოვრო.

ჩვენი ნავსაყუდელი ვაიმარის მართლმადიდებელი ეკლესიაა, იქ ვიკრიბებით კვირაობით და საეკლესიო დღესასწაულებზე ქართველები და უნდა ნახოთ, რა სიხარულია. მოძღვარი რუსია, მამა მიხაილ რაარი, მაგრამ ქართველები ისე უყვარს, იტყვის ხოლმე, როცა თქვენთან ვარ, საქართველოს ვხედავო. მადლის მატარებელი ხალხი ხართ და მინდა ის ქვეყანა ვნახო, რომელმაც ასეთი ადამიანები შვაო.

მარიამი: საქართველო მხოლოდ საკუთარი ქვეყანა არ არის ჩემთვის; იგი იმდენად მეტია, ამ გრძნობისთვის სახელის დარქმევა მიჭირს. ვერ ვიტყვი, რომ გერმანელებმა ან სხვა ეროვნების ხალხმა მეგობრობა არ იციან, მაგრამ ქართველივით შენი ჭირისა და ლხინის გათავისება უჭირთ. აქ ასეა: შენი საქმე შენი საქმეა, სხვისი - სხვისი. არავინ გაათევს ღამეს შენზე ფიქრში. მოკლედ, როგორც ჩვენში იტყვიან, სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი. როცა საქართველოში ჩამოვედი, აეროპორტშივე ვიგრძენი საოცარი მადლი და ვთქვი კიდეც ჩემებთან - მივხვდი, რამ გადაარჩინა-მეთქი საქართველო. მე ვიცი, რა არის ხიბლი და ისიც ვიცი, რა ნაკლი აქვს ჩემს ხალხს, მაგრამ ღირსებაც ბევრი გვაქვს... გვჯერა, რომ ოდესმე ყველანი სამშობლოში მოვიყრით თავს. შეიძლება, მავანმა ჩაიცინოს - ახლა ვინ გიშლითო. სხვადასხვა მიზეზი... მე აქ ვარ გათხოვილი დ ქმარ-შვილი გერმანელი მყავს.

დავითი: ბევრი გაჭირვება ვნახე საქართველოში. უსახსროდ რომ დავრჩი, სულიერადაც გამიჭირდა. ამან გადამაწყვეტინა ჩემი ქვეყნის დატოვება... ახლა მატერიალური პრობლემები მოვაგვარე, მაგრამ რა გითხრათ... არ მინდა, თავის მართლებასავით გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, ღმერთსა და ეკლესიასთან უფრო ახლოს რომ ვყოფილიყავი, უფრო იოლად დავძლევდი ყოველივეს.

აქ ბევრი ქართველია. როცა ერთმანეთს შევხვდებით, რომ იტყვიან, ჩვენი სული საქართველოში ტრიალებს. აბა, სამშობლოს სიყვარული რა თავმოსაწონებელია, - კაცი თუ ხარ, შენი გაჩენის ადგილი, წინაპრების ძვალთშესალაგი უნდა გიყვარდეს, - მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: უამრავი ეროვნების ადამიანს დავუახლოვდი, ბევრთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ სამშობლოს ისეთი თავგანწირული სიყვარული, ქართველებს რომ გვაქვს, არც ერთი მათგანისთვის არ შემიმჩნევია, არც ის სევდა ამომიკითხავს მათ თვალებში, ქართველის მზერას რომ დაბინდავს ხოლმე.

ცოტნე: სამშობლოს სიყვარული ქართველისთვის რომ სისხლხორცეულია, ამას ჩვენი წინაპრების, თუნდაც ჩვენ მიერ განვლილი გზა მოწმობს. ჩვენი მწერლობა და ისტორია დიდი თავდადების ისტორიაა. მტრის მოლოდინში წერა და ფრესკების ხატვა ადვილი ხომ არ ჰგონია ვინმეს? - შიში არ ჰქონდათ, სასწორზე სამშობლო იდო და ქმნა მისი გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება გახლდათ. უფალი იდგა ჩვენ გვერდით და როცა ჩვენს სულიერ სიძაბუნეს დაინახავდა, გადარჩენის საშველს მოგვიძებნიდა. ეს საშველი ზოგჯერ გრიგოლ ხანძთელი იყო, ზოგჯერ - აბო თბილელი და ზოგჯერ - ექვთიმე თაყაიშვილი... ისინი არ ყოფილან მხოლოდ მოწამენი, ისინი ერის მოძღვარნი იყვნენ და თავიანთი ცხოვრებით მომავალ თაობას არგადაშენების გზას უნათებდნენ. ქართველები რატომ გარბიან საზღვარგარეთ? - მერე რა, გგონიათ, იმათ სამშობლო არ უყვართ? იქნებ ეს გზაც გასავლელია... გრიგოლ რობაქიძისა არ იყოს: "დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო, შენზე ვართ მონდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით..."
ბეჭდვა
1კ1