"რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი!.."
"რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი!.."
საუნჯე ზოგისთვის ოქრო-ვერცხლია, ზოგისთვის - ქრისტეს ჯვარი, სხვათათვის კი ეროვნული მონაპოვარი: გარდასულთა მიერ რუდუნებით ნაგები ტაძრები და ციხე-კოშკები, უძველესი ფოლიანტები, საიდანაც ჩვენი ხალხის სუნთქვა ისმის და სადაც გადაშლილია მრავალსაუკუნოვანი ისტორია ქართველი ერისა. ფერგადასული ფურცლები ინახავენ ხსოვნას ბრძოლისა, ნგრევისა, შენებისა... ვწერდით და ვხატავდით, ჩუქურთმებს ვაგვირისტებდით... მტერი მოდიოდა და გვინგრევდა, მაინც ვერ ვჩერდებოდით, რადგან ვიცოდით, შეჩერება სიკვდილს უდრიდა. ეს სულთქმაა ჩვენი საუნჯე, ხელიხელსაგოგმანები განძი.

ინგა (55 წლის): საუნჯეს ალბათ ვერასოდეს შეელევი.

გახსოვთ, საშინელი წლები გამოვიარეთ. ოჯახში უამრავი ძვირფასი ნივთი გვქონდა. თვალი რომ გავახილე, იმ დღიდან მხოლოდ მათ გარემოცვაში ვცხოვრობდი. მართალი გითხრათ, მიყვარდა თითოეული მათგანი, რადგან, ბებიაჩემის მონაყოლით, ყოველი ნივთი რაღაც ამბავს, რაღაც მოვლენას უკავშირდებოდა. სათითაოდ გავიტანეთ ოჯახიდან და ნავთად, პურად... ვაქციეთ.

ერთი მაცხოვრის ხატი გვქონდა, ვერცხლის პერანგში ჩასმული. ერთხელ ოჯახში ჩემი მეუღლის მეგობარი გვეწვია. მიუხედავად საყოველთაო გაჭირვებისა, მის ოჯახს არაფერი მოჰკლებია. ნივთების ფასიც იცოდა, ბევრი რამ იყიდა ჩვენგან და თვალი მაცხოვრის ხატსაც დაადგა. იმდენი ფული შემოგვთავაზა, რამდენიც ყველა ნივთში ერთად გადაგვიხადა. გაჭირვება - შიმშილი, სიცივე დიდი უბედურებაა, მაგრამ... ცოტა ხანს კი ვიჭოჭმანე, თან ქალიშვილიც ვერ მყავდა კარგად, მაგრამ თითქოს რაღაცამ გამომაფხიზლა. ყოველი განსაცდელისას ეს ხატი იყო ჩვენი მშველელი. ველაპარაკებოდი - ხან ცრემლს ვღვრიდი პირქვე დამხობილი, ხანაც სიხარულს ვუზიარებდი და მისი ოჯახიდან გატანა ჩვენი სიცოცხლის დიდ ნაწილს წაიღებდა. უარი ვუთხარი...

ეს ხატია ჩვენი საუნჯე და ჩვენი ოჯახის მცველი და მეოხი.

გურანდა (40 წლის):
არაფერი განსაკუთრებული არ გვქონია ოჯახში - ჩემს წინაპრებს ყველაფერი "ტორქსინში" ჩაუბარებიათ. რამდენიმე წიგნიღა შემოგვრჩა ბაბუის ნაქონი. ერთი მათგანი "ვეფხისტყაოსანი" იყო - გაცრეცილ-გაყვითლებული ფურცლებით. "ვეფხისტყაოსანი" მარტო ჩემთვის არ არის განძი და საუნჯე, მისი შემეცნება ყველა ქართველისთვის აუცილებელია, მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა გელაპარაკოთ.

სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ანუ მშობლიურ ქართულს ვასწავლი. ვფიქრობ, სწორედ ქართული ენაა ჩვენი საუნჯე, დღეს კი იგი პატივაყრილია. ასე გალანძღული ის არასოდეს ყოფილა. ბევრჯერ ვიბრძოლეთ და სისხლი ვღვარეთ მის გადასარჩენად და ახლა ახალი განსაცდელი გვატყდება თავს - თვისტომი, ჯიშით ქართველები ცდილობენ მის ამოძირკვას, მოსპობას!.. არ მინდა პესიმისტი ვიყო, - ეს ხომ უფლის სასოების დაკარგვაა! - ჰოდა, ღმერთი არ დაუშვებს მისი მადიდებელი ენის მოსპობას.

მიხეილი (30 წლის):
შარშან ზაფხულს ტაო-კლარჯეთში ვიმოგზაურე. ამაზე მეტი საუნჯე რაღა გინდათ, მაგრამ ჩვენ რომ არ გვეკუთვნის? ჩვენი უნიათობით დავკარგეთ ის, რაც წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში შექმნეს, რასაც სიცოცხლე მიუძღვნეს. უფალმა დაგვსაჯაო, ხშირად გვითქვამს იქ ყოფნისას და ეს მართლაც ასეა - მხოლოდ მოღალატეებსა და სამშობლოს გამყიდველებს სჯის უფალი. წინაპართა ხელნაკიდები ყოველი ჩუქურთმა, ყოველი ლოდი განძია, მაგრამ ვიცით კი მისი ფასი? ზოგიერთს ცრემლი სდიოდა, დადიოდა და ტიროდა... სატირალია, აბა, რა, ამხელა მიწა-წყლისა და მამა-პაპათა ნამოღვაწარის დაკარგვა. გრიგოლ ხანძთელისა და წმინდა მამათა ლოცვით გაჯერებული კედლები თითქოს შველას გვთხოვენ, მაგრამ შეგვიძლია კი? იმას ვუვლით კი, რაც შემოგვრჩა? საშინელი გულისტკივილი და უსუსურობის განცდა გამომყვა იქიდან...

გალაკტიონი ნიკორწმინდასა და მის ჩუქურთმებს მიიჩნევდა უდიდეს განძად: "რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი..." განა სვეტიცხოველი და ჯვარი არ არის ჩვენი საფიცარი? თუ არ არის, უნდა გახდეს! მაშინ იქნები ნამდვილი ქართველი, როცა მიხვდები, რა დაგიტოვეს წინაპრებმა, როგორ იზრუნეს შენზე, შენს სულზე... სიამაყე და თავმოწონება რა საკადრისია ქრისტიანისთვის, მაგრამ მოფრთხილება ხომ უნდა სახელს, იმას, რომ ქრისტეს კვართის ქვეყანა სხვათა სასაცილო არ გავხადოთ?!.

სვიმეონი (50 წლის):
განძი და საუნჯე ჩვენი ის ტრადიციები მგონია, რომელთაც ქრისტიანობა უდევს საფუძვლად: დედ-მამის პატივისცემა, მოხუცისა და ქალის თაყვანისცემა, პატიოსნებისა და უმანკოების შენახვა, დაძმური და მოყვასის სიყვარული, თანადგომა... გულსატკენია, რომ ნელ-ნელა ვკარგავთ ამდენ რამეს...

ამას წინათ ავტობუსით ვმგზავრობდი. ფეხმძიმე გოგონა ამოვიდა. ფეხზე ვიდექი, თორემ ადგილს როგორ არ დავუთმობდი. ცალ მხარეს რომ სკამებია, ახალგაზრდები იქ იყვნენ ჩამწკრივებული. არც კი შერხეულან, გარე-გარე დაიწყეს ყურება. ეს არ არის უბედურება? ტრადიცია თუ არ გახსოვს, სინდისიც აღარ გაქვს?

დარეჯანი (72 წლის):
ჩემს ახალგაზრდობაში ანტიკვარიატი შემოვიდა მოდაში და მეც მისი დიდი შემგროვებელი ვიყავი. მაშინ საკომისიო მაღაზიები იყო და დილიდან საღამომდე გარს ვუვლიდი მათ. ჩემი სახლი მუზეუმს ჰგავდა, ვინც კი შემოვიდოდა, ამ ნივთების ტყვეობაში ექცეოდა. ყველაფერი ეს მიმაჩნდა საუნჯედ, მაგრამ... გარემოებებმა მიმახვედრა, რომ ეს ასე არ ყოფილა.

სიმდიდრე გულს გიქვავებს, სხვათა გაჭირვება აღარ გესმის და ნელ-ნელა ქრება ის, რაც მართლა განძია ადამიანისთვის - სული. მადლობა უფალს, რომ ამას მიმახვედრა.
ბეჭდვა
1კ1