დანგრეული ოჯახის შვილი ვარ და ამან ჩემს სულს დაღი დააჩნია
დანგრეული ოჯახის შვილი ვარ და ამან ჩემს სულს დაღი დააჩნია
უფალი მარტო არასოდეს გვტოვებს, თუმცა ზოგჯერ საკუთარი დედ-მამაც კი გვწირავს მარტოობისთვის. დედმამიშვილობა ტვირთიც არის და ნუგეშიც. მხოლოდ ხორციელი სიახლოვე არაფერია, თუ დებსა და ძმებს სულიერი სითბო და სიყვარული არ აკავშირებთ. არადა, რამდენი მაგალითია იმისა, რომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდებიან. ისიც არაერთხელ გვინახავს, სრულიად უცხო ადამიანებს ნამდვილი დაძმობა რომ გაუწევიათ ერთმანეთისთვის. ჩვენი მეოხი და ჩვენთვის მლოცველი დანი და ძმანი კი "სულიერი საჭურვლით" აღჭურვავენ ჩვენს სულს.

ელზა (60 წლის):
დედისერთა ვარ და ეს ჩემი ტკივილია. დედაჩემს უფროსი შვილი ერთი წლისა გარდაცვლია და იმაზე მგლოვიარეს უთქვამს, შვილს აღარ გავაჩენო. მერე, ეტყობა, დრომ თავისი გაიტანა და მაინც გადაწყვიტა შვილის გაჩენა, თუმცა ჩემს მეტი არ მისცა ღმერთმა.

შური ცუდი თვისებაა, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ, მშურდა, სხვებს დებიც რომ ჰყავდათ და ძმებიც. როცა გავიზარდე, ეს ტკივილად მექცა. სანამ დედ-მამა ცოცხალი მყავდა, იმდენად ვერ ვგრძნობდი, მერე უფრო ვიგრძენი, ჭირისა და ლხინის მოზიარე რომ მჭირდებოდა.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ ამ ბოლო დროს მოდად იქცა ერთშვილიანობა. მინდა ყველა ახალგაზრდა დედამ გაისიგრძეგანოს, რა ძნელია, როცა შვილს მარტო ტოვებ. ქმარ-შვილი სხვაა, დედმამიშვილი - სულ სხვა. მარტოობით შეშინებულმა ოთხი შვილი გავაჩინე, მაგრამ რაც უფრო შევდივარ ასაკში, მით მეტად ვგრძნობ, რომ არავინ მყავს, ვისაც გულს გადავუშლი. შვილსა და ქმარს ყველაფერს ვერ ეტყვი, დედმამიშვილი კი სხვანაირად დაგიდგება გვერდით.

გიორგი (32 წლის):
ოჯახს რომ შექმნი და მშობელი ხდები, ამბიციები გვერდით უნდა გადადო და ისე იცხოვრო, შვილის ინტერესები არ შეიწირო. მიხვდით, ალბათ, რომ დანგრეული ოჯახის შვილი ვარ და ამან ჩემს სულს დაღი დააჩნია.

მამა ძალიან მიყვარდა და როცა ოჯახიდან წავიდა, დიდხანს ვერ მოვინელე. გრძნობების გამომჟღავნების მრცხვენოდა და დარდს გულში ვიკლავდი. დედა რიგიანი, კარგი მეოჯახე ქალი იყო, მაგრამ ვერ გეტყვით, რა მოხდა, რატომ ვერ შეეგუვნენ ერთმანეთს... თუმცა ვიცი, ამის მიზეზი მაინც ღალატი იყო. მამა თურმე პატიებას სთხოვდა, მაგრამ დედამ ჩემ გამოც კი არ დაიხია უკან.

ასე დავრჩი მარტო. ჩვენს ოჯახში მამაჩემის სახელის ხსენებასაც ერიდებოდნენ და მის შესახებ არაფერი ვიცოდი, თუმცა რამდენჯერმე სკოლაში მომაკითხა. დედისგან დარიგებული ვიყავი და არ დაველაპარაკე.

მარტოობას ძალიან განვიცდიდი. რამდენჯერ წამომცდენია, ძმა ან და რომ მყავდეს, ჩემი საქმე სხვაგვარად იქნებოდა-მეთქი. ცოლი შევირთე და შვილებიც მეყოლა, მაგრამ დედმამიშვილი მაინც მესაკლისებოდა.

ერთხელ შინ გვიან დაბრუნებულს ცოლმა მითხრა, ვიღაც გოგონა სამი დღეა გირეკავს და შენთან შეხვედრას ითხოვსო... თან ეჭვიანი მზერა მესროლა. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის, მაგრამ შინაგანად მაინც დავიძაბე. ერთ დღესაც ცოლმა ყურმილი მომაჩეჩა და თვითონ იქვე ჩასაფრდა. გიო, მე დარეჯანი ვარო. მერე რა გინდა-მეთქი, - უხეშად ვკითხე. გაუკვირდა, ეტყობა, ეგონა, მის შესახებ ვიცოდი. დარეჯანი ვარ, შენი და, შენი ნახვა მინდა, უარი არ მითხრაო. ცივმა ოფლმა დამასხა და ხმაც ამიკანკალდა. მისამართი მითხარი და ახლავე მოვალ-მეთქი. სახლიდან ისე გავვარდი, ცოლისთვის სიტყვაც არ მითქვამს. დარეჯანიც, როგორც ჩანს, აღელვებული იყო, კართან იდგა. როგორც კი ზარის დასარეკად ხელი ავწიე, კარი გაიღო და გადამეხვია. ორივე ვტიროდით...

მამა გარდაცვლილიყო, ორმოციც არ ჰქონდათ გადახდილი. დედამისმაც თბილად მიმიღო. ისე ვიყავი გახარებული, არც კი გამხსენებია, რამხელა ტკივილი მომაყენა ამ ქალმა. მთხოვა, შვილო, გულში ნუ ჩაიდებ ჩვენს შეცდომას და დარეჯანს ძმობა გაუწიე, შენს მეტი არავინ ჰყავსო. ჩვენ ახლა ისე ვართ, როგორც ნამდვილ და-ძმას შეეფერება. რაც მთავარია, მისმა გამოჩენამ დიდი სულიერი სიცარიელე შემივსო.

დავითი (30 წლის):
ჩვენ სამნი ვართ, მაგრამ ძმა არ გვყავს და ამას ყოველთვის განვიცდიდი. ძმობას მეგობრები მიწევენ - ალბათ ესეცაა ჩვენი ერის გამორჩეული თვისება.

ერთი წელი ბელგიაში ვიცხოვრე და ვერ გეტყვით, იქაური ურთიერთობებით მოხიბლული დავრჩი-მეთქი. იქ და-ძმებს შორისაც საკმაოდ ოფიციალური დამოკიდებულებაა, ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. სხვის ცხოვრებაში ჩარევა არ მიაჩნიათ საჭიროდ და თქვენ წარმოიდგინეთ, დედმამიშვილიც სხვად ითვლება. ზოგჯერ ბიძა და დეიდა დისშვილს ან ძმისშვილს არც კი იცნობს.

ერთი გამორჩეული მეგობარი მყავს, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, მეზობლებიც ვიყავით და კლასელებიც. ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ჩვენნაირი, ერთად ვჩხუბობდით და საქმეებსაც ერთად "ვარჩევდით". ჩვენგან ის განასხვავებდა, რომ სხვანაირად ჩაფიქრებული იყო, უსამართლობას ვერ იტანდა, ხანდახან კი ისეთ რამეს იტყოდა, ერთმანეთს გაოგნებულები შევცქეროდით. მერე ეკლესიაში დაიწყო სიარული. ნელ-ნელა ისეთი ეკლესიური გახდა, ვატყობდით, მხოლოდ ღვთის სიყვარული აცოცხლებდა და მისი სამსახური ეწადა. სწორად მივხვდით - მალე მორჩილი, მერე კი ბერი გახდა.

ჩვენი ბიჭები სხვადასხვა გზით წავიდნენ: ზოგი ცოლ-შვილს მოეკიდა, ზოგმა კი, მიმძიმს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არაორდინარული გზა აირჩია. ჩვენს ბავშვობის მეგობარს ახლა "მამაოს" ვეძახით, ჰოდა, ჩვენი მამაო ყველას დამრიგებელი და მეოხია. "მე ვლოცულობ თქვენთვის", - გვეტყვის, როცა გაჭირვების ან ჩადენილი შეცდომის შესახებ შევჩივლებთ. მისი სიტყვა თითქოს გულსა და ტვინს ერთნაირად ხვდება და ის ბიჭებიც, რომლებიც დიდი წესიერებით არ გამოირჩევიან, უჯერებენ, დაცდილობენ, უკეთესად იცხოვრონ. პირადად მე მასზე უკეთესი არავინ მყავს. ის ფიზიკურადაც ჩემ გვერდითაა და სულიერადაც. მადლობა უფალს, ასეთი ადამიანი რომ დამიყენა გვერდით...
ბეჭდვა
1კ1