წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მალე დაბადებიდან ორმოცდათოთხმეტი წელი შემისრულდება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩემი თაობის ადამიანები დავიბადეთ და გავიზარდეთ ათეიზმის იდეებით გაჯერებულ ქვეყანაში. მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ეკლესიას განვიხილავდი როგორც ჩვენი ისტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელმაც თავისი საქმე შეასრულა და დღეს მხოლოდ გარდასულ დღეთა მოსაგონარს წარმოადგენდა. შევიდოდი ტაძარში, ვანთებდი სანთელს, ვიწერდი პირჯვარს... მეგონა, რაც უფრო დიდ სანთელს დავანთებდი, მით უფრო განსაკუთრებულ საქმეს გავაკეთებდი. ეკლესიაში ყოფნისას ხან შიში და ხან სიმშვიდე მეუფლებოდა, რასაც ვერ ვაცნობიერებდი. დიდ საქმეებს ვიყავი შეჭიდებული და ამ საკითხის გარკვევას ყოველთვის სახვალიოდ ვდებდი.

ერთხელ საზღვარგარეთ გახლდით საქმიანი მივლინებით. ავად გავხდი, სიცხე მქონდა და ვიხილე ასეთი სიზმარი: ლამაზ მინდორზე მივდიოდი. გარშემო ყველაფერი ია-ვარდით იყო მოფენილი. მარცხენა მხარეს ლამაზი ქვით ნაგები ეკლესია გამოჩნდა. სანთლის დანთება გადავწყვიტე, მაგრამ რაღაც ძალამ არ გამიშვა. გზა განვაგრძე, თუმცა სხვა ძალა ეკლესიისკენ მეწეოდა. შორს, სადღაც ჩემი გარდაცვლილი დედის სახეს მოვკარი თვალი. რაღაცას მანიშნებდა, მაგრამ იმდენად მინდოდა წინსვლა, მინიშნებას ყურადღება არ მივაქციე. ყვავილოვან მდელოზე სიარული დიდ სიამოვნებას მგვრიდა. მთაზე შეფენილ ხასხასა მწვანე ბალახზე ყაყაჩოებით მოფენილი ბილიკი მიიკლაკნებოდა. სიამოვნებით ავყევი ბილიკს, მაგრამ ნელ-ნელა ყაყაჩოები სისხლს დაემსგავსა და აუტანელი გახდა იქ ყოფნა. სამშვიდობოზე გასვლის იმედით მაინც წინ მივიწევდი. სისხლის მდინარეში ფეხი მიცურდა, შველას ვითხოვდი. მშველელი არ ჩანდა... უკან მივიხედე. აღარც სიმწვანე იყო, აღარც ეკლესია. ყველაფერი წყვდიადს მოეცვა. ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი. ვიფიქრე, ახლა კი მეშველა-მეთქი. უცნობმა, რომელსაც ვერ ვხედავდი, მთის მწვერვალზე ამიყვანა, საიდანაც უფსკრულის კონტურები დავინახე. სასოწარკვეთილი შველას ვითხოვდი. უეცრად ზურგში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და უკუნეთ სიბნელეში გადავეშვი. მივხვდი, ჯოჯოხეთისკენ მივექანებოდი...

უცებ ჩემ გარშემო წარმოუდგენელი სითბო დატრიალდა და უცნობმა ქალბატონმა ხელებზე დაწვენილი ამომიყვანა უფსკრულიდან. უცნობს მრგვალი ქართული სახე ჰქონდა, თეთრი თავსაბურავი თმებს მთლიანად უფარავდა. ლამაზი, შავი თვალ-წარბი მის კეთილშობილებას ხიბლს მატებდა. მისი სახე სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

ამიხდა სიზმარი. მთელი ჩემი ბიზნესი და მისი საშუალებით შექმნილი ქონებრივი ხუხულა, მეგობარ-ახლობლების "წყალობით" თავზე დამექცა. განადგურებული და ჯანმრთელობაშერყეული მიმიყვანეს ერთ ქალბატონთან, რომელიც გახლდათ და ახლაც გახლავთ წილკნის ღვთისმშობლის ეკლესიის მრევლის წევრი.

ჰოი საკვირველებავ!.. ცხრა წლის შემდეგ შევხვდი იმ ქალბატონს, რომელმაც სიზმარში ქვესკნელში ჩანთქმას გადამარჩინა. შეხვედრის შემდეგ დაიწყო ჩემი ჭეშმარიტი ცხოვრება დედამიწაზე. ჩემი აწ უკვე დედობილის, სოფიო როსტიაშვილ-მეძმარიაშვილის დახმარებით გავხდი წილკნის ღვთისმშობლის ეკლესიის მრევლი, სადაც შევიგრძენი ის მადლი, რომელიც უდიდესი სიმდიდრეა ადამიანისა. იქ ვისმენდი მთავარეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილი) ჭეშმარიტად ქრისტეს სიყვარულით გაჯერებულ ქადაგებას. პირველი აღსარება მამა გაბრიელს (ოდიშელიძე) ჩავაბარე და ქრისტეს სისხლსა და ხორცს პირველად მეუფის ხელით ვეზიარე.

გამუდმებული ლოცვისა და მარხვის შედეგად გამოვჯანმრთელდი. ჩემი არეული ცხოვრებაც მოწესრიგდა. სოფიომ მთავარეპისკოპოს ზოსიმეს წიგნები წამაკითხა, რაც ჩემი შთაგონების წყარო გახდა და ახლა უკვე შვიდი წიგნისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი ვარ. სულიერების გაძლიერებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემმა მოძღვარმა, ეკლესიების მშენებელმა და პოეტმა, აწ გარდაცვლილმა დეკანოზმა შალვამ (შუბითიძე). წარსულში გულით ავადმყოფი, უფლის შეწევნით, მრევლის წევრებთან ერთად ფეხით ავედი დავითგარეჯის, ანტონ მარტომყოფელის, შიო მღვიმელის, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრებში.

დიდხანს ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა თქვენთვის ყოველივე ზემოთქმული. ბოლოს "კარიბჭის" სიყვარულმა და ავტორიტეტმა ამაღებინა ხელში კალამი. იმედი მაქვს, უარს არ მეტყვით, რომ თქვენი ჟურნალის მეშვეობით ამაოების მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებისთვის, დედაეკლესიისკენ შემობრუნებისა და ჩემი ამქვეყნიური სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსს ზოსიმეს (შიოშვილი), ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსს თადეოზს (იორამაშვილი), მამა შალვას (შუბითიძე), მამა გაბრიელს (ოდიშელიძე), მამა ანტონს (ბეჟაშვილი), მამა ანტონს (ნადიბაიძე), მამა გაიოზს (დვალი), მამა მიქაელს (ღუღუნიშვილი), მამა ალექსანდრეს (ვაჩეიშვილი); ჩემს დედობილს სოფიო როსტიაშვილ-მეძმარიაშვილს, ჩემს სულიერ დებს ელენე (ლეილა) ქურთიაშვილს და ნინო სარჯველაძეს. თანადგომისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წილკნის ღვთისმშობლის, თბილისის წმინდა სამების, თბილისის წმინდა ბარბარეს, სართიჭალის წმინდა ლაზარეს, მთავარანგელოზთა და პატარძეულის წმინდა შიო მღვიმელის ეკლესიების მრევლს.

საეკლესიო და საერო ცხოვრებაში განვლილმა გზამ თვალნათლივ დამანახა, რომ ჭეშმარიტი ქართველი ის არის, ვისთვისაც მართლმადიდებლობისა და სამშობლოს სიყვარული განუყოფელია. აი, ასეთ სიყვარულს ქადაგებს თქვენი ჟურნალი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
იოსებ სიბოშვილი,
სართიჭალა
ბეჭდვა
1კ1