მცირედმორწმუნეები ვართ, გვიჭირს იმ სასწაულების დაჯერება, რომლებიც ირგვლივ ხდება
მცირედმორწმუნეები ვართ, გვიჭირს იმ სასწაულების დაჯერება, რომლებიც ირგვლივ ხდება
კურნება სულისა - ხორცისთვისაც სამკურნალოა. როცა ჩვენ, არაწმინდა აზრებით შეპყრობილნი და განკითხვასა და სხვა ბიწიერ ცოდვებში ჩაფლულნი, ვაბინძურებთ და ვძაბავთ გონებას, გულს, როგორღა გვექნება სხეული ჯანსაღი? როცა ზიარების მადლით შევიმოსებით, გვეუბნებიან: "საკურნებლად სულისა და ხორცისაო". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოდვისგან განწმენდილებს და გულგასუფთავებულებს ერთნაირად განგვეკურნება სული და სხეული. სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნა ჩვენთვის არავის დაუწესებია და თუ დროზე ადრე დაგვიუძლურდება ხორცი, ესეც ჩვენი ცოდვების და არასწორი ცხოვრების ბრალია.

ციალა (68 წლის): - ჩემი ცხოვრება შეიძლება იმის მაგალითად გამოდგეს, რაოდენ ძლიერია უფალი და თუ რწმენაში გაძლიერდები, ნებისმიერი სენი უკან დაიხევს. 10 წლის წინ სარძევე ჯირკვლის სიმსივნე დამიდგინეს. მანამდე მე და ჩემი მეუღლე ავარიაში მოვყევით და სიკვდილს ძლივს გადავურჩით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემს დასაფიქრებლად მოხდა, მანამდე ურწმუნო ვიყავი. როცა ოპერაცია გამიკეთეს და, როგორც მერე გავიგე, ჩემს სიცოცხლეზე ხელი ჩაიქნიეს, სიკვდილის შიშმა ისე დამაფრთხო, უფალს შევევედრე, ოღონდ სიცოცხლე გამიხანგრძლივე და ყველა ცოდვას მოვინანიებ-მეთქი. ცოდვა კი ნებისმიერ ადამიანს უამრავი აქვს. ფეხზე დავდექი თუ არა, ეკლესიას მივაშურე და მოძღვარს აღსარება ჩავაბარე. ის ღამე თეთრად გავათენე, რადგან ისე მეჩქარებოდა ზიარების მიღება, როგორც მწყურვალს წყლის დალევა. მერე მოძღვარმა ჯანმრთელობის პარაკლისი გადამიხადა. ნელ-ნელა დავდექი ფეხზე და ჩემდა გასაკვირად, რადგან მაშინ ჯერ კიდევ მცირედმორწმუნე ვიყავი, გავძლიერდი. მერე მოძღვარმა მირჩია, "ყოველთა დედუფლის" დაუჯდომელი წამეკითხა... მას შემდეგ ეკლესიის შვილი ვარ, ყოველ დღესასწაულზე ვეზიარები და ეს მაძლევს ძალას.

ნანა (54 წლის): - ჩემს ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს - ერთადერთი შვილი ნარკოტიკებს შეეჩვია. ნარკოლოგიურში რამდენჯერმე დავაწვინეთ, მაგრამ იქიდან გამოსული უარესს სჩადიოდა. ერთადერთი გზა გვრჩებოდა - ეკლესია. თავიდან გაგვიჭირდა მისი დამორჩილება და საშველად ნაცნობ მოძღვართან მივედი. თითქმის ნახევარი დღე დაყო ჩვენს ოჯახში მოძღვარმა, ჩემი შვილი წრიალებდა, ვატყობდი, ერთი სული ჰქონდა, როდის გავარდებოდა გარეთ, როდის დააღწევდა თავს აქაურობას. მოძღვარი გავისტუმრეთ და თვითონაც უკან მიჰყვა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ფხიზელი და ჩაფიქრებული მალევე დაბრუნდა. მეორე დღე შაბათი იყო. ჩვენ, მე და ჩემი რძალი, საღამოს ლოცვაზე წასასვლელად ვემზადებოდით. მისთვის არაფერი გვითქვამს, თვითონ მოინდომა წამოსვლა. ეკლესიაში გარინდებული იდგა. ვამჩნევდი, მის სულში რაღაც ხდებოდა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. მეორე დილითაც ჩვენთან ერთად წამოვიდა წირვაზე. მალე მარხვა იწყებოდა. მთხოვა, - დედა, ხელი შემიწყვე, რომ ვიმარხულოო. აღსარებაზეც მივიდა და ეზიარა კიდეც. ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე გამოსწორდა, მაგრამ ნელ-ნელა მოერია თავს. ერთხელ დაღონებული დაბრუნდა - მოძღვარს შევპირდი, ნარკოტიკს აღარ გავეკარები-მეთქი. ვერ შევასრულე პირობა და ახლა მრცხვენია, აღსარებაზე ვერ მივალ, სჯობია მარტყოფში წავიდე და მერე ვეზიაროო. არ დაგვიშლია. სამი თვე იყო მარტყოფის მამათა მონასტერში. საოცრად შეცვლილი დაბრუნდა.

ბაკური (32 წლის): - ხორციელ ტკივილებს და ავადმყოფობას ხშირად განსაცდელად აღვიქვამთ, არადა იმდენი მეოხი გვყავს, თუკი მათ მხურვალე ლოცვით მივმართავთ, ამგვარ განსაცდელს იოლად დავაღწევთ თავს. ცოლი ადრე შევირთე. ის 16 წლის იყო, მე - 18-ის. მშობლები შიშობდნენ, რომ მალე მოგვბეზრდებოდა ერთმანეთი. თან ამას უშვილობაც დაერთო. ჩვენ ძველებურად გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ბოლო ხანს ჩემს ცოლს უცნაური სევდიანობა დაეტყო. ჩვილის დანახვაზე ცრემლით ევსებოდა თვალები. ურწმუნო ოჯახი არც ჩემია და არც მისი, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებას რატომღაც ვერ ვახერხებდით. მეზობელი გვყავს ერთი, იმათი რძალი ერთი ციდა გოგოა და ოთხი შვილი გააჩინა ოთხ წელიწადში. ყოველ შაბათ-კვირას დაამწკრივებს ბავშვებს, ერთს ხელში დაიჭერს და ეკლესიაში მიჰყავს. არასოდეს გამიგონია ამ ბავშვების ავადმყოფობა, თუმცა ბევრი რამ აკლიათ. მორიდებით ვკითხე, ასეთი ჯანმრთელები რომ არიან, რას უკეთებ ასეთს-მეთქი. ყოველკვირა ვაზიარებ, სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს ვაძლევ დილდილაობით და ავად რა გახდითო. თვითონ ბავშვებიც საოცარნი არიან. მათი ჩხუბი და აყალმაყალი არასოდეს გაგვიგონია. მივბაძეთ მათ და მე და ჩემმა ცოლმაც ეკლესიაში დავიწყეთ სიარული. ვცდილობდით, ღვთის მოსაწონად გვეცხოვრა, შიომღვიმეშიც ავედით რამდენჯერმე და ვილოცეთ. ხშირი ზიარებითა და ლოცვით, ეტყობა, ჩვენი სულიც განიკურნა და ხორციც. ახლა შვილი გვყავს და ძალიან ბედნიერები ვართ. კიდევ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს უვერცხლო მკურნალნი კოზმა და დამიანე. მათი მეოხებით ხშირად დამიძლევია ესა თუ ის სენი.
ბეჭდვა
1კ1