ერთი შეკითხვა მრევლს
ერთი შეკითხვა მრევლს
როგორ აირჩიეთ სულიერი მოძღვარი?
ლაზარე (25 წლის): - ზესტაფონში გავიზარდე. იმხანად ჩვენს ქალაქში ეკლესია არ იყო და განსვენებული მეუფე კონსტანტინე კერძო სახლში მოწყობილ სამლოცველოში ატარებდა წირვა-ლოცვას.

როცა გაგიჭირდება, ღმერთი უფრო მეტად მაშინ გახსენდება და მეც მე-9 კლასში ვიყავი, გამოცდების წინ პირველად რომ მივედი სამლოცველოში. "შორტებსა" და მოკლე მაისურში გამოწყობილი დავესწარი ჩემს ცხოვრებაში პირველ ლოცვას. მსახურების დასრულების შემდეგ მრევლის ერთ-ერთმა წევრმა მამაშვილურად დამარიგა, რომ ეკლესიაში შესაფერისად ჩამეცვა. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა და მადლობელიც დავრჩი, მაგრამ უხეშად რომ მოემართა, ეკლესიაში მეორედ მისვლა ალბათ გამიჭირდებოდა.

ამის შემდეგ შინ ხშირად ვამბობდი "მამაო ჩვენოს", თუმცა ეკლესიური ცხოვრება არ დამიწყია და მხოლოდ ხანდახან თუ შევივლიდი სამლოცველოში. არც კი ვიცოდი, ყოველ ქრისტიანს სულიერი მოძღვარი რომ უნდა ჰყოლოდა, თუმცა სასულიერო პირებს პატივს ვცემდი.

მოგვიანებით თბილისში ჩამოვედი და უნივერსიტეტში ჩავაბარე. ყველა ადამიანს თავისი პრობლემები და შინაგანი ბრძოლა აქვს. სტუდენტობისას სულიერად სულ აფორიაქებული ვიყავი.

მოხდა ისე, რომ ჩემი მეგობარი ქაშვეთის ტაძარში სტიქაროსანი გახდა. ჩვენ ვძმაკაცობდით და "ვძველბიჭობდით" და როცა ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ ის შეიცვალა, ამან ძალიან გამაკვირვა და გამახარა კიდეც. ეს ჩემთვისაც სასიკეთო აღმოჩნდა - იგი მისაბაძი მაგალითი გახდა ჩემთვის. ჩემი სტიქაროსანი მეგობარი ხშირად იყო ეკლესიაში და უფრო მეტად მისი სიყვარულით, მის სანახავად მივდიოდი ტაძარში.

სულიერად ძალიან გამიჭირდა და ცოდვებმა შემაწუხა. სიმშვიდე ვერსად ვპოვე. მივხვდი, ეკლესიის გარდა ვერაფერი მიშველიდა და პირველი აღსარებისკენ ნაბიჯი სწორედ ამან გადამადგმევინა.

გადავწყვიტე, მოძღვართან მივსულიყავი. თავიდან მრცხვენოდა და მერიდებოდა. ვფიქრობდი, როგორ გავუმხილო ჩემი ცოდვები, რას იფიქრებს ჩემზე-მეთქი. ბოლოს მივედი მამა კონსტანტინე გიორგაძესთან, რომელმაც სიყვარულით, მეგობრულად მიმიღო, ჩემთვის გასაგებ ენაზე, ვაჟკაცურად მესაუბრა, რამაც უფრო მეტად დამაახლოვა მასთან.

მოძღვარს პირველი აღსარება რომ ჩავაბარე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი! ზიარების შემდეგ საოცარმა სიხარულმა მოიცვა ჩემი გული და გამიჩნდა სურვილი, ყველას დავხმარებოდი. მივხვდი, რომ სწორი გზა ავირჩიე და ჩემი ცხოვრების მთავარ მიზანს მივაგენი. ამის შემდეგ სასწაულებრივად შეიცვალა ჩემი ცხოვრება - ცოდვებისკენ გახედვაც აღარ მინდოდა.

მოძღვართან ჩემი ურთიერთობა ადვილად აეწყო - იგი არა მარტო ჩემი სულიერი მამა, არამედ მეგობარიც გახდა, თუმცა მისდამი რიდი და კრძალვა ყოველთვის მაქვს. მიხარია, რომ მოძღვარი მყავს და ვცდილობ, ყველა მნიშვნელოვანი საქმის დაწყების წინ მისგან ლოცვა-კურთხევა ავიღო. სულიერი მოძღვრის დალოცვას, ლოცვა-კურთხევას დიდი ძალა აქვს, რაშიც არაერთხელ დავრწმუნებულვარ.

გიორგი (28 წლის): - ჩემი ოჯახი არაეკლესიურად ცხოვრობდა და მეც წელიწადში რამდენჯერმე თუ მივიდოდი ეკლესიაში. ჩემი ეკლესიურობა მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ დიდ დღესასწაულებზე ტაძარში სანთელი დამენთო, თუმცა ჩემს თავში მუდამ ვეძებდი უფალს, მაინტერესებდა ყველაფერი, რაც ქრისტიანობას შეეხებოდა.

უკვე ინსტიტუტს ვამთავრებდი, 21-22 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ჰყავდა მოძღვარი - მამა გიორგი სხირტლაძე და მირჩია, მასთან მივსულიყავი. მოგვიანებით შემახვედრა კიდეც მამა გიორგის. ტაძარში მოქცევის წესები არ ვიცოდი, მაგრამ მამა გიორგიმ ყურადღებით მომისმინა, მამაშვილური სიყვარულით ამიხსნა ქრისტიანული მოძღვრება, ეკლესიური ცხოვრების ნიუანსები და პირველი აღსარებისთვის მომამზადა.

ვმადლობ ღმერთს და ჩემს მოძღვარს, რომ დამაყენეს უფლის გზაზე და ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, მოინანიონ ცოდვები და აირჩიონ მაცხოვნებელი გზა, რომელსაც სასუფევლისკენ მივყავართ.

რუსუდანი (22 წლის): - ეკლესიაში 8 წლის წინ, სრულიად შემთხვევით მოვხვდი, თუმცა ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. თავიდანვე უდიდესი სურვილი მქონდა, მარხვა შემენახა, მაგრამ მარხვისა და ლოცვის წესები არ ვიცოდი და არც ეკლესიური ცხოვრების არსი და მნიშვნელობა მესმოდა.

ერთხელაც ჩემმა მეზობელმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, მამა რევაზ ოთარაშვილთან მიმიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი, პირველი აღსარება ჩავაბარე. პირველი აღსარება და ზიარება გახდა საწყისი ჩემი ქრისტიანული ცხოვრებისა. მამა რევაზი ძალიან ლმობიერი, თბილი ადამიანი აღმოჩნდა, ის ყოველთვის ცდილობდა, განემარტა ჩემთვის საინტერესო საკითხები.

მინდა, თქვენი ჟურნალის ყველა მკითხველს ვუსურვო, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება და აირჩიონ სულიერი მოძღვარი. ის მათ ჭეშმარიტების გზას უჩვენებს, ღვთის სიტყვას განუმარტავს და ცოდვებისგან განთავისუფლებაში დაეხმარება, რაც შემდგომი სულიერი წარმატების საწინდარი გახდება. მოძღვართან მისვლაში კი ჩვენი ცოდვების სიმძიმემ არ უნდა დაგვაბრკოლოს, რადგან, როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა გვასწავლის, "არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა".

ტიტე (24 წლის): - სანამ ეკლესიაში მივიდოდი, რელიგიის შესახებ ზოგადი წარმოდგენა მქონდა. მანამდე სანთლის დასანთებად თუ შევიდოდი ტაძარში, ისიც - იშვიათად. სტუდენტობისას თავისუფალ დროს ძირითადად ძმაკაცებთან ერთად გართობაში ვატარებდი.

19 წლის ვიყავი, როდესაც გიორგობის დღესასწაულზე ქაშვეთის ტაძარში პატრიარქის წირვას დავესწარი. წირვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თუმცა ეკლესიური ცხოვრება მაშინვე არ დამიწყია. მიუხედავად ამისა, ეს გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან პირველად გამიჩნდა სურვილი, ეკლესიაში მევლო და მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ რაც შეიძლება მეტი გამეგო. ხშირად ვუსმენდი საპატრიარქოს რადიოს, განსაკუთრებით - დეკანოზ გიორგი სხირტლაძის ქადაგებებს, რამაც აზროვნება სრულიად შემიცვალა. გადავწყვიტე, მამა გიორგი გამეცნო და სულიერი მოძღვრობა მეთხოვა.

მოძღვართან პირველი შეხვედრისას ძალიან დაბნეული ვიყავი და მამა გიორგის საუბრიდან, ფაქტობრივად, ბევრი ვერაფერი დავიმახსოვრე. შემდეგ ერთ-ერთმა სტიქაროსანმა ამიხსნა, როგორ უნდა დამეწყო ეკლესიური ცხოვრება. მაშინვე შევიძინე ლოცვანი - ის გახდა ჩემი პირველი სახელმძღვანელო სულიერ ცხოვრებაში. ამის შემდეგ ხშირად ვესწრებოდი წირვა-ლოცვას და ქრისტიანული მოძღვრების შესწავლას ვცდილობდი. მამა გიორგის ლოცვა-კურთხევით, მოძღვრის ქადაგებები იბეჭდებოდა და მრევლს უფასოდ გვირიგდებოდა. მოძღვრის ბიბლიოთეკითაც ვსარგებლობდით. ასე თანდათანობით შემიყვარდა წიგნი და თავადაც ვცდილობდი საეკლესიო ლიტერატურის შეძენას. საერო წიგნებშიც სულიერ სარგებელს ვეძებდი. მოგვიანებით მოძღვარმა, ღვთის წყალობით, სტიქარითაც შემმოსა.

მამა გიორგის ყოველი რჩევა-დარიგება ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ვმადლობ უფალს და ჩემს სულიერ მოძღვარს ყველაფრისთვის.
ბეჭდვა
1კ1