წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ღრმად მორწმუნე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ის კი მახსოვს, ყოველ შაბათ საღამოს დედა სანთელს რომ აანთებდა, უფალს ადიდებდა და მშვიდობასა და ოჯახის კეთილდღეობას შესთხოვდა. საოცრად კეთილი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში მომაკლდა მისი სითბო. ღმერთო, დაუმკვიდრე სასუფეველი!

მერე, როცა ოჯახი შევქმენი და შვილის მოლოდინში ბევრმა წელმა განვლო, დავფიქრდი და ჩემს თავს ვუთხარი: იქნებ ეს პრობლემა ტაძარში მისვლითა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით მოგვარდეს-მეთქი. მე ცოდვილი ასეც მოვიქეცი.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოძღვარს მამა ფოკას, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას მრევლის სულიერებისთვის.

მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რაც უშვილობით გამოწვეულმა წლებმა მიაყენა ჩემს პატარა ლამაზ ოჯახს, დღეს ვმადლობ და ვადიდებ უფალს, რადგან მანვე ისურვა, მოწყალე კალთა გადაეფარებინა ჩემთვის და სევდის მორევიდან ფრთაგაშლილი ამომიყვანა - თხუთმეტი წლის ლოდინის შემდეგ შვილი გვაჩუქა. ამ სიხარულისთვის ვმადლობ უფალს და ვთხოვ ყველას - დავადგეთ ტაძრისკენ მიმავალ გზას. მერწმუნეთ, უფალი არასოდეს მიგვატოვებს, მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა.

აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალის საბავშვო დამატებისთვის. მეც ვეცდები, ჩემი ცოტნე ღირსეული და ღვთისმოშიში აღვზარდო.
პატივისცემით თქვენი
ჟურნალის ერთგული მკითხველი, იოანე ნათლისმცემლის
სახელობის ტაძრის მრევლი ნატალია, ბორჯომი, ახალდაბა


ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო ილია II!
მოგმართავთ უდიდესი მოკრძალებით, მოწიწებით, სიყვარულით, იმედით...

თქვენს საახალწლო ლოცვა-კურთხევას ვასრულებ და დალოცვის წერილს გიგზავნით.

ჯანმრთელობას, მხნეობას, გამძლეობას, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, ჩვენო მწყემსმთავარო და მთელი ერის სულიერო მამავ! დიდხანს ისმოდეს თქვენი ხმა სრულიად საქართველოში, ჩემს ოჯახში და ყველგან, ყველას ოჯახში!

მე (და ალბათ არამარტო მე) უდიდეს ძალას, მადლს მანიჭებს თქვენს წირვაზე დასწრება, თქვენი გამოჩენა ეკრანზე, თქვენი ხმის გაგონება რადიო "ივერიაში". ასე მგონია, ჩვენს ოჯახში შემობრძანდებით ხოლმე და დაგვლოცავთ. ერთ-ერთი თქვენი ასეთი გამოჩენისას ჩემი 3 წლის შვილიშვილი ელენე მიცუნცულდა ტელევიზორთან, თავი მიადო, ემთხვია, დაიხარა და გამოცუნცულდა... ამან ჩემში უდიდესი სიხარული გამოიწვია, რადგან იმედი მაქვს, პოტენციური ეკლესიური ქრისტიანი იზრდება, რისთვისაც ვმადლობ უფალს და თქვენ, ჩვენო უწმინდესო! ბედნიერია თქვენს ფრთებქვეშ შეყუჟული ახლანდელი თაობა, ასეთი მწყემსი რომ ჰყავთ.

მე - გულწრფელად ვაღიარებ - ათეისტურ ეპოქაში გავიზარდე. სანთელს კი ვანთებდი, ტაძარშიც შევდიოდი, მაგრამ ქრისტიანობის არსში ძალიან ცუდად ვერკვეოდი - ასე მგონია, ჯურღმულში ვიყავი და რა ბედნიერი ვარ - გამოვედი ამ ჯურღმულიდან. ნაბიჯ-ნაბიჯ ვეწაფები, ვცდილობ ეკლესიურად ცხოვრებას, ვარ აღმსარებელ-მაზიარებელი. მყავს მოძღვარი - მამა გიორგი ჩაჩავა, რომელმაც ბევრ რამეზე ამიხილა თვალი.

სამწუხაროდ, ეკლესიაში ტრაგიკულმა შემთხვევამ მიგვიყვანა 1983 წელს. შვილებიც - 8 წლის დავითი და 6 წლის რუსუდანი - 1983 წლის 25 დეკემბერს მოვნათლეთ სიონის ტაძარში. საოცარი საზეიმო წირვა მიმდინარეობდა. თქვენ მაშინ გიხილეთ პირველად. ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვიცოდი, რომ თქვენი ინტრონიზაციის - აღსაყდრების დღე ყოფილა. დედის დასწრება არ შეიძლებაო ნათლობაზე (ესეც არ ვიცოდი ზუსტად), ამიტომ უნებლიე შემსწრე გავხდი უჩვეულო წირვისა - ამან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. დღევანდელ დღესავით მახსოვს ის ნათელი დღე. გაოცებული, გაოგნებული გამოვედი ტაძრიდან...

ბედნიერების, სიხარულის, ყოველგვარი სიკეთის, სიმშვიდის მომტანი იყოს ეს წელი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. მსუბუქად გეტარებინოთ, ჩვენო საყვარელო პატრიარქო, ის მძიმე ტვირთი, რაც უფალმა დაგაკისრათ. ვისურვებდი, თქვენი ყოველი ლოცვა ასე დაგემთავრებინოთ: ღმერთმა გააძლიეროს გაერთიანებული სრულიად საქართველო და იქ მცხოვრები ხალხი. ამინ!
უდიდესი მოკრძალებით
მხევალი ღვთისა ნელი


მცხეთის რაიონში, სოფელ დიღომში არის პატარა ეკლესია, რომელიც წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. მე ამ სოფელში 11 წელია ვცხოვრობ და არ მინახავს, ამ ტაძარში წირვა აღვლენილიყო. დგას ტაძარი ობლად და შველას ითხოვს, ითხოვს წინამძღვარს, ითხოვს მრევლს... ძალიან მტკივა გული, ასე უმოქმედოდ რომ ვხედავ ეკლესიას...

სოფელში უამრავი მოხუცი, ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც შორს წასვლას ვერ ახერხებენ და ეკლესიის მადლის გარეშე რჩებიან.

სოფლის სახელით უმორჩილესად გთხოვთ "კარიბჭის" რედაქციას, ხმა მიაწვდინოთ იმ სასულიერო პირებს, ვისაც ტაძარში ღირსეული წინამძღვრის გამოგზავნა ევალება, რათა ამოქმედდეს ტაძარი და ჩატარდეს წირვა.

წინასწარ გიხდით მადლობას. ღმერთი შეგეწიოთ.
თამარი
ბეჭდვა
1კ1