როცა თანამდებობა მივიღე, ვიგრძენი, როგორ შეიცვალა ჩემთვის სამყარო
როცა თანამდებობა მივიღე, ვიგრძენი, როგორ შეიცვალა ჩემთვის სამყარო
ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყნის და, შესაბამისად, თითოეული ადამიანის ბედი. ჩვენ ყველანი ჩვენი ქვეყნის ავ-კარგს ვატარებთ, ტყუილად კი არ უთქვამთ, ხალხს ის მთავრობა ჰყავს, რომელსაც იმსახურებსო. ერთიც არის - ზნეობაამაღლებულ მამულიშვილს შეუძლია, ქვეყნის საჭე წაღმა მოატრიალოს და ხალხიც წაღმა ატაროს.

პეტრე (65 წლის):
მთავრობისმოყვარეობა, ვფიქრობ, ძალაუფლების სიყვარულია. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც სათავეში მოექცე; შესაძლოა, სულ პატარა ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ისეთი სისასტიკე გამოიჩინო, ისე ბოროტად გამოიყენო შენი უფლებები, ბევრ ადამიანს სიცოცხლე გაუმწარო.

სრულიად ახალგაზრდა მივედი გემზე სამუშაოდ. ჩვენი კაპიტანი რუსი იყო. ასეთი კეთილშობილი პიროვნება იშვიათად შემხვედრია.

ერთი ახალგაზრდა კაცი მუშაობდა ჩვენს გემზე. მორწმუნე ოჯახიდან იყო, ხატები და ჯვრები გულის ჯიბით დაჰქონდა - გამოჩენის ეშინოდა. კომკავშირის მდივანმა შეიტყო ამის შესახებ და გემის კაპიტანს ჩაუკაკლა - მისი დასჯა მოსთხოვა. ალბათ დღეს ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავდა ეს - თუ არ დასჯიდა, თვითონ დაისჯებოდა. კაპიტანმა ახალგაზრდა დაიბარა და უთხრა - შენს კაიუტაში გამოფინე და თუ რამე მოხდება, ჩემს თავზე ვიღებო... ამის გამო მართლაც შეხვდა უსიამოვნება, მაგრამ ისე დაიცვა მორწმუნე კაცი, მას შემდეგ ვეღარავინ ბედავდა მისთვის ჯვრის ტარების აკრძალვას.

ასეთი მაგალითი უამრავი იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი, ღვთის ნებით, სათავეში მოვექცევით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ჩვენს ხელქვეითებს ცხოვრება გავუადვილოთ.

გოდერძი (50 წლის): ძალიან ხშირია, რომ ადამიანს თანამდებობის კიბეზე ანაცვლება "ავად მოუხდება", ქედმაღალი, ამპარტავანი ხდება. ალბათ ასე ვიყავი მეც, როცა სამსახურში დამაწინაურეს - ერთ-ერთი საწარმოს დირექტორი გავხდი. თავმდაბალი და მორიდებული არასდროს ვყოფილვარ, ძალაუფლების ხელში აღება მიყვარდა და ამიტომაც ჯიუტად მივიწევდი იერარქიული კიბის სათავისკენ. როცა თანამდებობა მივიღე, ვიგრძენი, როგორ შეიცვალა ჩემთვის სამყარო, როგორი უმნიშვნელონი გახდნენ ის ადამიანები, რომლებთანაც ქეიფიც მიყვარდა და დროს ტარებაც. ეტყობა, თავადაც მიხვდნენ ამას და ნელ-ნელა ყველა შემომეცალა. ჩემი მეუღლეც, რომელიც ათას ადგილას მუშაობდა, რომ ოჯახის რჩენაში მომხმარებოდა, ახლა მიწაზე ფეხის დადგმას აღარ კადრულობდა, შვილები მძღოლს მიჰყავდა სკოლაში. თვითონ აღარსად მუშაობდა, მაგრამ სადილის მოსამზადებლად ქალი დაიქირავა. ერთხელ შევესწარი, ეს ჩემი ჩუმი და მოკრძალებული მეუღლე როგორ ეჩხუბებოდა დამხმარე ქალს: ეგღა მაკლია, ჩემი სიტყვა არ გაიგონოო. ის კი აწურული იდგა.

ერთხელ სოფლიდან ბიძაშვილი მესტუმრა. ძმებივით ვიყავით გაზრდილები. მე დედ-მამა გარდაცვლილი მყავდა და სოფელში რომ ჩავდიოდით, სანამ ჩვენს მიტოვებულ სახლ-კარს მოვაწესრიგებდით, მათთან ვიყავით. ჩიტის რძეს არ გვაკლებდნენ. ჩემმა ცოლმა ცხვირი აუბზუა, ათასი შენიშვნა მისცა. ჩვენი ნახვით და გამდიდრებით გამოწვეული სიხარული ჩემს ბიძაშვილს თანდათან გაუნელდა და ახლა დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით... მერე დამიმარტოხელა და მითხრა, თხოვნა მქონდა შენთან, მაგრამ ახლა აზრი არ აქვს, ძალიან შეცვლილხართ, გული გაგქვავებიათ. წავალ ჩემს გზაზე და როცა გამოერკვევით, ძველებურად ჩამოდით ჩემთან, სიხარულით მიგიღებთო. ერთი წუთით კი მოვედი გონს, მაგრამ მერე ისევ ჩამითრია ძალაუფლებით ტკბობამ...

ყველაფერი მთავრდება და მეც "ჩამომალაბორანტეს". მეტიც - ციხეს ძლივს გადავრჩი...

ყველაფერი ღვთისგან ჩვენს სასიკეთოდაა მოვლენილი და უფალმა გამომაფხიზლა, მიმახვედრა, ძალაუფლებას არასოდეს სხვათა სასიკეთოდ არ გამოვიყენებდი და არც ვიყავი ღირსი იმისა, რაც მომანიჭა.

თამარი (55 წლის): ახალგაზრდობაში ერთ-ერთ ინსტიტუტში ვმუშაობდი. დირექტორი ერთი ღვთისპირიდან გადავარდნილი კაცი იყო. ამას რომ ვამბობ, მეშინია, განკითხვა არ გამომივიდეს, მაგრამ თუ ცუდზე არაფერი ვთქვით, "კარგი როგორ უნდა ვაქოთ"? მართლა შეყვარებული იყო თავის თანამდებობაზე, არც მალავდა. მისი კრედო იყო, სამსახურში არც ფეხმძიმე და არც შვილიანი ქალი არ მიეღო. სახლი რომ დაგწვოდა, ფეხს არ გამოგადგმევინებდა - თქვენ-თქვენი გაჭირვება ამ დაწესებულების ზღურბლთან დატოვეთო.

როცა ჩვენი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, გამოგვიცხადეს, ახალი დირექტორი გეყოლებათო. გავიგეთ, რომ ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო და გულზე შემოგვეყარა. კრებაზე თავჩაღუნულები ვისხედით - ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთო. მეორე დილით ჩამოგვიარა, ყველას გაგვეცნო და გვითხრა: დღეიდან ჩემი სახით მეგობარი გეყოლებათ, ადამიანები ვართ, ყველას ჩვენ-ჩვენი გაჭირვება გვაქვს, მაგრამ ურთიერთთანადგომით ყველაფერი დაიძლევა. დღეს მე გავხდი თქვენი უფროსი, შესაძლოა, ხვალ ყველაფერი შეიცვალოს და თქვენც ხელმძღვანელი მუშაკები გახდეთ, წამალიც კი რომ დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, თითოეული თქვენგანის სატკივარი ჩემი სატკივარია და თუ დახმარებისთვის მომმართავთ, მადლობელი დაგრჩებითო.

წამალი ვახსენე და ალბათ ბევრმა არ იცის, რა ძნელი საშოვნელი იყო იმხანად მედიკამენტები. მისი სიტყვები მაშინ ლიტონი მეგონა, მაგრამ საქმით ამტკიცებდა კაცთმოყვარეობას. თითქოს ყველაფერი შეიცვალა, განათდა, სამსახურებრივი საქმიანობისადმი მიდგომაც სხვანაირი გახდა - როცა სამსახურში მისვლა გიხარია, როცა იქ თანამგრძნობი სამართლიანი ადამიანები გეგულება, საქმისადმი დამოკიდებულებაც, პასუხისმგებლობაც და ერთგულებაც იზრდება.
ბეჭდვა
1კ1