წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
უფალი ყოველთვის ჩვენთაა, ჩვენ კი ყველთვის ვერ ვხედავთ
აღდგომის ღამეს ლიტანიობაზე ვიყავი, ღამე გავათიე და ვეზიარე. აღდგომის დღესასწაულზე დღის მეორე ნახევარში სტუმრებს ველოდი, რადგან შინაც მინდოდა დღესასწაულის აღნიშვნა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სტუმრები წავიდნენ. მეუღლეს არ დაულევია.

გრილი დღე იყო და დენის გათბობის რადიატორი ლოჯიაში ჩართული მქონდა. რადიატორს თავისი ფეხები აქვს ორივე მხარეს. ჩემი მეუღლე რადიატორთან იჯდა, მე სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი. სავარძლის გაწევის ხმა რომ გავიგონე, გავიხედე. დავინახე, რომ ადგა. ნამდვილად არ ვიცი. რადიატორს ფეხი წამოჰკრა თუ თავბრუ დაეხვა, მაგრამ წელში ვერ გასწორდა და რადიატორს ეცემოდა. ეს სულ 2-3 წამში მოხდა. გავვარდი სამზარეულოდან ლოჯიაში. როგორ მოვასწარი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დავიჭირე და არ დაეცა. იქვე ჟურნალების მაგიდაზე ჩამოვსვი. ერთიანად ვცახცახებდით ორივენი. დიდხანს იჯდა, ადგომისა ეშინოდა, ისევ არ დავვარდეო. ეგონა, ვერ გაივლიდა. 10-15 წუთის შემდეგ ავაყენე, ორი-სამი ნაბიჯი გავატარე ხელჩაკიდებულმა. თითქოს ფეხებში დამბლა ჰქონდა. ძლივს დავსვი სკამზე. ნახევარი საათი იჯდა. შეშინებულს გულის საშუალებები დავალევინე. ადგომისა და საწოლთან მისვლის ეშინოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მივიყვანე საწოლთან.

ვუმკურნალე და მომჯობინდა. ფაქტობრივად, გადავრჩი. მადლობა შევწირე უფალს და ფიქრად ვიქეცი - ის, რაც ჩემს მეუღლეს შეემთხვა, ჩემი აზრით, არ იყო ჩვეულებრივი ფაქტი. უფალმა დაიჭირა ჩემი ხელებით და ამარიდა განსაცდელი, ამარიდა ტრაგედია და გადამარჩინა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ხშირად ამბობს, სასწაულები ჩვენს ირგვლივ ბევრი ხდება, ჩვენ უნდა შევძლოთ მათი დანახვაო. მადლობა უფალს, ამჯერად ნამდვილად დავინახე. სხვანაირად ამხელა კაცი ასე მსუბუქად როგორ დავიჭირე? დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!

ორშაბათი დღე ექიმებთან რეკვასა და კონსულტაციებში გავატარე. სამშაბათს დაახლოებით 12-13 საათზე მომივიდა აზრად, სასწრაფოდ მეკურთხებინა სახლი. წელიწადში ერთხელ ყოველთვის ასე ვიქცევი. მეუღლეს მარტო ვერ დავტოვებდი, ამიტომ ეს საკითხი ტელეფონით უნდა მომეგვარებინა. დავფიქრდი, ვისთვის შეიძლებოდა დამერეკა. ზოგის ტელეფონი არ პასუხობდა, ზოგს არ ეცალა. უკვე დაახლოებით 15 საათი იქნებოდა, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, კურთხევა მაინცდამაინც იმ დღეს მინდოდა. რადგან ივერიის ღვთისმშობლის ხსენების დღე იყო, ღვთისმშობელს შემწეობა ვთხოვე... და გამახსენდა მამა დავით შენგელია - წმინდა მკურნალ პანტელეიმონის ტაძრის მოძღვარი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია განთავსებული. რამდენიმე წლის წინათაც მას ვაკურთხებინე ბინა. მოვიძიე ტაძრის ტელეფონი და დავრეკე. მამა დავითი ტაძარში ბრძანდებოდა.

დამავიწყდა აღმენიშნა, რომ საშინელი ამინდი იყო - ქარიანი წვიმა. მამა დავითმა მისამართი ჩაიწერა და მითხრა, 5 საათზე მანდ ვიქნებიო. ზუსტად 5 საათზე მობრძანდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა დავითს მანქანა არ ჰყოლია და ამ ამინდში სამარშრუტო ტაქსით მოსულა, მერე კი ფეხით უვლია. არაჩვეულებრივად მადლიანად აკურთხა ბინა, დამლოცა და მითხრა, ყოველ ხუთშაბათს 4 საათზე იწყება და 6 საათზე მთავრდება პარაკლისი, იქნებ დაესწროო.

გაკვირვებული ვარ ამ ადამიანის გულისხმიერებით, თავმდაბლობით, უბრალოებით, მორიდებით, მზრუნველობით ყველას მიმართ. რა უბრალოა, რა სათნო და ალალი, არავითარი სიმკაცრე არავის მიმართ, მხოლოდ სიყვარული, უსაზღვრო სიყვარული. საუბრობს დაბალი ხმით, გალობასავით. ყველას ისე მიმართავს, თითქოს ეუბნება, მოდით, არ გააცდინოთ მსახურება, არ დაკარგოთ ეს მადლიო. რა ბედნიერებაა ასეთი მოძღვარი, ასეთი კარგი მრევლი! ბედნიერია საქართველოს ეკლესია, რომ მამა დავითისნაირი უანგარო მღვდლები ჰყავს! დარწმუნებული ვარ, უფალს ძალიან უყვარს მისი თავმდაბლობის გამო. ღმერთმა დაგლოცოთ, მამა დავით, ჯანმრთელობას გისურვებთ. მრავალ დღესასწაულს დაესწარით! შეეწიოს თქვენი ლოცვა თქვენს სულიერ შვილებს, ყველას, ვისთვისაც ლოცულობთ და ჩემნაირებსაც, რომელნიც თქვენი სულიერი შვილები არ არიან, მაგრამ თქვენ ყველას ერთნაირი სიყვარულით უყურებთ. ისინი ხომ ყველანი უფლის შვილები არიან და თქვენც უფლისმიერი მოსიყვარულე თვალებით შვილებივით შეჰყურებთ და ლოცავთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს ყველა ეკლესიის მსახური, რომელიც ხალხს ასე იზიდავს და კრებს უფლის სახლში. თქვენს შემხედვარეს მრავალ ცოდვილს აეხილება თვალი.

ღმერთმა ამრავლოს მამა დავით შენგელიასნაირი მწყემსნი კეთილნი!

თინათინი
ბეჭდვა
1კ1