მაინც შრომით მოპოვებული ლუკმა მირჩევნია
მაინც შრომით მოპოვებული ლუკმა მირჩევნია
სულის წამხდენ ვნებათა შორის ერთ-ერთი სიზარმაცეა, ამიტომაც უფრთხოდნენ წმიდა მამები ოდითგანვე უდებების ცოდვას და ზარმაცთა და მცონარეთა მიმართ სიმკაცრეს იჩენდნენ. ასე იყო VIII საუკუნეში, როცა გრიგოლ ხანძთელი "არავის უდებთაგანს შეიწყნარებდა". სიზარმაცე ცოდვის დასაწყისია - მატერიალურ ცხოვრებაში იგი შიმშილსა და სიღატაკეს იწვევს, სულიერ ცხოვრებაში - ღმერთის უგულებელყოფას, რადგან თუ ადამიანი სიზარმაცის გამო არ ლოცულობს, მას ეშმაკი ადვილად მოერევა და სხვა ცოდვებში ჩააგდებს.

ნინო (30 წლის): - მორწმუნე დედა მყავს, მამა არც ათეისტია და არც მორწმუნე. ეკლესიაში სიარული მაინცდამაინც არ უყვარს. ამას მისი განკითხვისთვის არ ვამბობ, მეცოდება ყველა ადამიანი, რომელიც ღმერთს არ იცნობს ისე, როგორც უნდა იცნობდეს, მამა - მით უფრო. ერთხელ მკითხა, - წირვაზე რამდენი საათი დგახართ ფეხზეო. სამი და ზოგჯერ მეტიც-მეთქი. გაგიჟდა - მაგდენი ხანი ფეხზე რა დამაყენებს, მაგას არ ჯობს, ვიძინოო?! ვფიქრობ, ეს არის სიზარმაცე, რომელიც ნელ-ნელა ადამიანის სულს იპყრობს და სხეულს ნეტარებისკენ მიაქცევს, ამას კი სხვა სიამოვნებანიც მოჰყვება და იწყება ცოდვისაკენ სწრაფვა.

მამია (34 წლის): - სიზარმაცე არა მარტო ღმერთს დაგვაშორებს, მატერიალურ გაჭირვებაშიც ჩაგვაგდებს. ადამიანს ყველაფერი სჭირდება - ჩაცმა, ჭამა, განათლების მიღება. მართალია, ჩვენს ქვეყანაში იმ ძველი გამონათქვამის აზრი: "ვინც არ მუშაობს, არ ჭამს" - თითქოს შეიცვალა და ახლა ზოგჯერ ირონიულად ამბობენ, ვინც არ მუშაობს, ის ჭამსო, მაგრამ მე მაინც შრომით მოპოვებული ლუკმა მირჩევნია. სად არ გადამაგდო განგებამ ლუკმაპურის საძიებლად, მაგრამ არსად არ მომიპარავს, სულიც არ წამსვლია არაფერზე, ყველგან ვშრომობდი, მშობლებს და ცოლ-შვილს ასე ვარჩენდი. სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე. ვერ ვიტყვი, კარგი ექიმი დავდექი ინსტიტუტის დამთავრებისთანავე-მეთქი, მაგრამ რომ მემუშავა, პრაქტიკასაც მივიღებდი და ალბათ პროფესიულ დონესაც ავიმაღლებდი. ცოლ-შვილს მოვეკიდე და უხელფასოდ ყოფნაც არას მარგებდა. ესპანეთში წავედი, მერე ამერიკაში. იქ ხალხი 5 საათიდან იწყებს მუშაობას, მაგრამ მე ვიტყოდი, ქართველებიც არ ვართ ზარმაცები. ალბათ ასეთიც გამოგვერევა, მაგრამ მე, რაჭაში გაზრდილ კაცს, ამაში ვერავინ დამარწმუნებს. რაც შეეხება ლოცვის დაზარებას, ეს უფრო სავალალოა, ვიდრე ის, რომ სამუშაოდ წასვლა დაგეზაროს.

ინეზა (45 წლის): - ვერ დავიკვეხნი, რომ დიდი მორწმუნე ვარ, მაგრამ წირვა-ლოცვას ვესწრები და ლოცვებს დილა-საღამოს ვკითხულობ. ლოცვების კითხვისას მგონია, თითქოს რაღაც დამცავი გარსი შემომერტყმება ხოლმე და ბოროტთა მოდგომილებისაგან მიცავს. ერთი ხანობა ძალიან ვიღლებოდი, სისუსტე მომეძალა და ლოცვების კითხვაც დამეზარა, ერთი სიტყვით, სიზარმაცემ მძლია. ყოველღამე საშინელ სიზმრებს ვხედავდი. ეშმაკმა, ეტყობა, გონება გამითიშა და კარგა ხანს ვერ მივხვდი მიზეზს... ახლა ძალიან ვფრთხილობ, რომ კვლავ არ მძლიოს სიზარმაცემ. ყოველ საღამოს ლოცვებს გულმოდგინედ ვკითხულობ, რათა ღამეული "სტუმრები" დავაფრთხო.

ელენე (40 წლის): - ჩემი სიზარმაცე უფრო ხორციელად ვლინდებოდა. 20 წლისა გავთხოვდი. დედამთილი საოცრად მოწესრიგებული ქალი შემხვდა. კარგა ხანს უხმოდ ითმენდა ჩემს სიზარმაცეს. მართლა მეზარებოდა ყველაფერი - ფეხსაცმელს, სადაც გავიხდიდი, იქ დავაგდებდი, ბავშვი ტირილით კვდებოდა და მე ძილს თავს ვერ ვართმევდი. ჩემი დედამთილის ერთ დროს დაწკრიალებული ოჯახი ბუნაგს დაემსგავსა, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას. მეტი ვეღარ აიტანეს და ჩემმა ქმარმა მითხრა: შენთან ცხოვრება არ შემიძლია, სიბინძურეში არასოდეს ყოფილა ჩვენი ოჯახი და შენ თუ არ წახვალ, მე დავტოვებ აქაურობასო. გამიკვირდა, მაგრამ მისი ნათქვამის საშინელებას ჩავწვდი და დედასთან გავქანდი. დედა სულ მსაყვედურობდა ამის გამო, მაგრამ ვერაფერი შემასმინა და ახლა, როცა სავალალო შედეგი დაინახა, მირჩია, საქმე არ გამერთულებინა და დედამთილისთვის მეთხოვა დახმარება. მართლაც, ვთხოვე დედამთილს, ესწავლებინა ჩემთვის ყველაფერი და თუ საჭირო გახდებოდა, შენიშვნაც მოეცა. თანდათან კარგი მეოჯახე დავდექი და ოჯახშიც სიმშვიდემ დაისადგურა. ეს იმიტომ, რომ სიზარმაცე დაიძლია... მერე გავაცნობიერე, რამხელა სიქველეა შრომა, დროც სწაფად გადის და მოვლილ-დასუფთავებული ქმარ-შვილის ყურებაც ხომ დიდი სიამოვნებაა. რაც შეეხება სულიერ სიზარმაცეს - ამის დაძლევა ცოტა მიჭირს; დილით, ხანდახან ისე ვიწყებ საქმიანობას, ლოცვის თქმა მავიწყდება, არადა საქმეს მადლი არ მიჰყვება, თუ ლოცვითი ძალა არ მიეცა.
ბეჭდვა
1კ1