წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
სამტრედიის რაიონში არის სოფელი ჭაგანი. იქ ღვთისმშობლის შობის ტაძარია. წირვა-ლოცვას აღასრულებს ამ ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი მამა აკაკი (ჟვანია).

მე ლტოლვილი ვარ და შემთხვევით მოვხვდი ამ ეკლესიაში წირვაზე. შემდეგ დავესწარი ნათლობას, რომელიც მამა აკაკიმ ჩაატარა. აღფრთოვანებული დავრჩი - ასეთი სათნო, კეთილი და თავმდაბალი მღვდლი ჯერ არ მინახავს. საუბარში გავიგე, რომ მამა აკაკი სულ ახალგაზრდა იკურთხა მღვდლად. ძალიან ბევრი დაბრკოლება, ნერვიულობა და ჩხუბიც მოსვლია, ეკლესიაში წესრიგი რომ აღედგინა, მაგრამ ის ძალიან უყვართ, რადგან ძალზე გამორჩეული პიროვნებაა.

როგორც გავიგე, 19 იანვარს მამა აკაკის 30 წელი შეუსრულდა. მინდა ვისარგებლო თქვენი ჟურნალით და ჩემი მოკრძალებული მილოცვა გადავცე, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და ულევი სიხარული ოჯახსა და საზოგადო მოღვაწეობაში.

27 იანვარს მამა აკაკის ძმა უძლურებაში მყოფი ირაკლი, 27 წლის გახდა. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და მალე თანატოლების გვერდით დგომას.

დაგლოცოთ ღმერთმა თქვენ და თქვენი ეკლესიის მრევლი!
ნ. კილასონია


ჩემს სათაყვანებელ ჟურნალ "კარიბჭეს"
მე ცოდვილმა სამოცდაათ წელს მივაღწიე. დაილოცა უფლის განგება! როგორც განაგებს ჩემს ცხოვრებას, თვითონვე მიკვირს. ბავშვობაში ლექსის ერთი სტროფის დაზეპირებაც არ შემეძლო და მადლობა უფალს, ამ ასაკში რომ შევძელი მის სადიდებლად ლოცვების დასწავლა.

რა არ გამოვიარე ამ ხნის განმავლობაში! ამ ასაკსაც უფლის წყალობით მოვაღწიე. დიდება და მადლობა ყველაფრისთვის! ვცხოვრობ ხელმოკლედ, ხორციელი ნათესავებისგან მიტოვებული. სამაგიეროდ, არ ვავიწყდები სულიერ დებს. ღმერთმა უშველოთ.

გავცქერი ფანჯრის სარკმლიდან ზეცას, აღვაპყრობ თვალებს და ვევედრები უფალს: "შემიწყალე, იესო ტკბილო!" თქვენი ბრწყინვალე ჟურნალი მშველის, სულიერად მასაზრდოებს. დაილოცა თქვენი გაჩენის დღე! ყველა ჟურნალის წევრს უღრმესი მადლობა. ვცდილობ, არც ერთი ნომერი არ გამოვტოვო.

თქვენ რომ გწერთ, თითქოს გულს ვიოხებ.
ცოდვილი სარა


"კარიბჭისთვის"... კარიბჭისკენ?!
ცოდვილის შეგონებანი
ჩვენი ერთ-ერთი უბედურება ის არის, რომ ხშირად უფალს ისე ვთხოვთ, როგორც "ზღაპრულ ჯინს" ან "ოქროს თევზს", რომელმაც ჩვენი ახირებული და ცოდვილი სურვილი უნდა შეგვისრულოს.

იოლი გვგონია საკუთარი ცოდვების დაუნახავად ცხოვრება, რთულად გვეჩვენება შედარებით მსუბუქი ცოდვების მონანიება და ძალიან ძნელად - მძიმე ცოდვებისგან დახსნა... ახალი შარვლით თავს მოვიწონებთ, მტვრით ოდნავ დასვრილს დავიბერტყავთ და ვიამპარტავნებთ, ცხიმიანი ლაქა კი ძნელად ამოსაწმენდია.

თუ სული სავსეა მადლით, ცოდვა ძნელად შეაღწევს მასში, მაგრამ თუ ცარიელია, ადვილად ივსება, თუმცა მცირე მადლს შეუძლია, დააცარიელოს კიდეც მისგან...

გალაკტიონმა თქვა:

"არ მიცხოვრია მე ქვეყანაზე,
მე გავიარე სიცოცხლის ახლოს".


მე ვერასოდეს გავხდები გალაკტიონი, ამოდენა თავმდაბლობისგან შორს ვარ, მაგრამ არ მინდა, სიცოცხლეს გავუარო, მინდა, სიცოცხლე დავიმკვიდრო... მე ჭკნობის პირას მისული ხე ვარ, რომელსაც მორწყვა სჭირდება და რომელმაც ნაყოფი უნდა გამოიღოს, რომ არ მოკვეთონ...

"კარიბჭის" მკითხველებს ვთხოვ, ლოცვებში მომიხსენიონ უღირსი შვილი და უხმარი მონა ღვთისა ლევანი...

პ.ს. თქვენი ჟურნალი მეგზურია, რომელიც, თუ გულდასმით მოუსმენ ადამიანი, ღვთის კარიბჭემდე მიგაცილებს.

გაიხარეთ მრავალჟამიერ!
ზუგდიდი


მადლს წლები კი არა, მადლი ემატება
წლები კი ჩვენს მოძღვარს მართლაც მომატებია. შრომასა და ღვაწლში შეუმჩნევლად გაიარა დრომ. 60 წლის გახდა მამა გიორგი (დეკანოზი გიორგი ცნობილაძე). რამდენი ადამიანი გადაურჩენია სულიერი სიკვდილისგან ამ ხნის მანძილზე. უფლის ნებით გახდა ღვთისმსახური და ამ გზიდან არ გადაუხვევია. მადლობელი ვართ უფლისა, რომ მამა გიორგის შეგვახვედრა სულიერების ძიებაში, ჭეშმარიტი გზის ძიებაში. ჩვენს მოძღვარს კი ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას - სულიერსაც და ხორციელსაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - ღვთის შემწეობას იმ ჯვრის ზიდვისას, მოძღვრის მძიმე ტვირთი რომ ჰქვია.

ხორციელად ხუთი შვილის მშობელი თითოეული ჩვენგანის სულიერი მამაა. ამიტომ გვინდა, მისი ლოცვა, მადლი და თანადგომა არასდროს მოგვაკლოს ღმერთმა მის სულიერ შვილებს. გვსურს, ხმამაღლა ვუთხრათ: იდღეგრძელეთ, მამა გიორგი!
ზემო ვეძისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის
სახელობის ტაძრის მრევლი
ბეჭდვა
1კ1