არავინ იცის, ვინ ექცევა მაჭირვებლად და როდის
არავინ იცის, ვინ ექცევა მაჭირვებლად და როდის
როცა ჩვენი ცხოვრების მზე გარდავა, როცა გრძნობები ჩაცხრება, მივხვდებით, რომ ყველაზე მეტი მაჭირვებელი საკუთარი თავი ყოფილა. მანამდე კი, ვიდრე გვეჩვენება, რომ ვინმე გვმტრობს, ვიღაცას არ ვუყვარვართ და მახეს გვიგებს, ვუსმინოთ უფალს და წრფელი გულით ვილოცოთ მტრებზე. უფალმა ადამიანები სიყვარულისთვის გააჩინა, მაგრამ ისინი ერთმანეთს კი არა, თვით ღმერთსაც გაუმტერდნენ. ქრისტიანებს ყველა ვნების საკურნებელი ლოცვა გვაქვს და თუკი მოვინდომებთ, საკუთარ და სხვის გულშიც აღმოვფხვრით ავად შეჩენილ სიძულვილის ჭიას.

ელენე (53 წლის): - ახალგაზრდობაში ბევრ რამეს ვერ ვაანალიზებდი. 20 წლისა გავთხოვდი და, როგორც ჩანს, ავ-კარგის გარჩევა მიჭირდა. ჩემს ქმარს დედინაცვალი ჰყავდა. არ იყო ურიგო ქალი, მაგრამ ცოტა ენა კი ჰქონდა მწარე. შესაძლოა, ვერ ვუგებდი, თორემ ჩემს საზიანოდ არაფერს ამბობდა. არ ვეპუებოდი, ერთს რომ მეტყოდა, ათს ვუბრუნებდი, მერე ვებუტებოდი. ამის გამო ოჯახში სიტუაცია სულ დაძაბული იყო. ჩემს ქმარსაც გაუჭირდა ასე ცხოვრება და ერთხელ მითხრა, - მოკიდე ბავშვებს ხელი და სხვაგან გადავიდეთ საცხოვრებლადო. ჩემი მამამთილი ლამის გადაირია, მაგრამ მერე მაინც დაგვთანხმდა, ეტყობა იმასაც მობეზრებული ჰქონდა ქალების წიოკი. ვიქირავეთ ბინა, მაგრამ იმდენი პრობლემა შეგვექმნა, ხანდახან დედამთილის ხმა, თუნდაც ჩემთვის უსიამოვნო ლაპარაკი მენატრებოდა კიდეც. მალე მოვლენები ისე განვითარდა, იძულებული გავხდით, შინ დავბრუნებულიყავით - მამამთილი ლოგინად ჩავარდა. დედამთილმა მისვლისთანავე შემაწია ავი სიტყვა - ხომ მიაღწიე, რაც გინდოდა, აწი მაინც მოისვენეო. ვიცოდი, ჩემი ბრალი არ იყო იმ ღვთისნიერი კაცის ავადმყოფობა, მაგრამ ენა არ შემიბრუნებია, უკვე ეკლესიის გზას ვადექი და დათმენა ვამჯობინე. მამამთილს ღამეებს ვუთენებდი, მამასავით ვუვლიდი, დედამთილი კი დღისით მცვლიდა. ჩვენს შორის ყველაფერი შეიცვალა. ერთხელ, შუაღამისას შემოვიდა, სკამზე ჩამოძინებულს ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. თითქოს გულში რაღაც გალღვა, ყველა წყენა ერთბაშად დამავიწყდა, თითქოს ფრთები გამომესხა. ქართველებს ერთი შესანიშნავი სიბრძნე დაგვიტოვეს წინაპრებმა - რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო. ამ სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე გამოვცადე.

დარეჯანი (49 წლის): - არავინ იცის, ვინ ექცევა მაჭირვებლად და როდის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, მოთმინებით აღვიჭურვოთ და სიავეს სიავე არ მივაგებოთ. ჩვენ სამი და-ძმა ვიყავით. დედ-მამა ადრე გარდაგვეცვალა, დავრჩით მოხუცი ბებიის ამარა და, ბუნებრივია, როგორც ყველაზე უფროსს, მე დამეკისრა უმცროსი ძმების მოვლა. კარგი შესახედავი ვიყავი და თაყვანისმცემელიც ბევრი მყავდა, მაგრამ არ გავთხოვდი, - ჩემს ძმებს მზრუნველობა მოაკლდებათ-მეთქი. ორივეს უმაღლესი დავამთავრებინე, ცოლები კი თავიანთი ნებით შეირთეს და მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია, თუმცა ვიცოდი, რომ ერთ სახლში ორი რძლის ყოფნა მთლად სასიამოვნო არ იქნებოდა. სანამ შვილები ეყოლებოდათ, მანამ თანხმობით ცხოვრობდნენ, მერე უფროსმა რძალმა დაიწყო წუწუნი. უმცროსი და მეც მის გადაკრულ ლაპარაკს ყურს არ ვუგდებდით, ვცდილობდით, არაფერი შეგვემჩნია. რომ არაფერი გაუვიდა, ხმამაღლა ლაპარაკს და ჩხუბსაც არ ერიდებოდა. თავიდან ჩემი ძმა სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა, მაგრამ მერე ისიც ცოლს აჰყვა. ერთხელ, როცა კონფლიქტის ჩაწყნარება მოვინდომე, რძალმა ხელი მკრა და მომაძახა, - შენ მაინც მოგვშორდიო, არადა ყველაფერში მისი ხელის შემწყობი ვიყავი და მატერიალურადაც ვეხმარებოდი - ვმუშაობდი და კარგი ხელფასი მქონდა. ის ღამე თეთრად გავათენე. შაბათ-კვირას ბინა მოვძებნე და გადავედი. უმცროსი ძმა და რძალი თავს იკლავდნენ, უშენოდ აქ რა გაგვაძლებინებსო, მაგრამ დავამშვიდე, იქნებ საქმე გამოკეთდეს-მეთქი. უფროს ძმას ხმა არ ამოუღია, პირიქით, გახარებული ჩანდა, რომ თავიდან მიშორებდა. ერთხელ უმცროსი რძალი ატირებული მოვიდა და მითხრა, - ჩვენი იქ გაჩერება არ შეიძლება, სადღაც უნდა გადავიკარგოთო. მალე საზღვარგარეთ წავიდნენ. იქ მუშაობით ბინის ფულიც იშოვეს და ჩამოვიდნენ. მე ახლა მათთან ვცხოვრობ. სიავე ცუდია, მაგრამ ზოგჯერ ღმერთი ამ განსაცდელსაც მოგვივლენს გამოსაფხიზლებლად.

გენადი (30 წლის): - ადამიანს მტერი და მაჭირვებელი ყოველთვის ჰყავს, მთავარია, შენ როგორ მიუდგები ამ საკითხს. მე ასეთ რამეს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ერთხელ მეც გამომითხარეს ძირი. ადამიანმა, რომელიც სამსახურში მივიყვანე, იმდენი ქნა, იქიდან გამომაგდო. ბევრი ვიფიქრე, როგორ გადამეხადა სამაგიერო, მაგრამ მერე თავი დავანებე... მალე ღმერთმა ხელი მომიმართა და უკეთესი სამსახური ვიშოვე. ხანდახან ადამიანთა უმადურობა საოცრად მტკენს გულს. მამაჩემი საკმაოდ გამოცდილი იურისტია, არც კაცის ცნობა ეშლება, მაგრამ ერთხელ ისე შეცდა, ლამის მთელი ოჯახი გადაგვიყოლა. კერძო სახლი გვაქვს და ქვედა სართულზე ორ ოთახს ვაქირავებთ. ახალგაზრდა კაცი მოგვადგა - ბინის ქირაობა უნდოდა. შვილივით მიიღეს დედამ და მამამ, ისე არ ისადილებდნენ, მისთვისაც რომ არ დაეძახათ. ერთხელ მამაჩემს სთხოვა, ბიზნესს ვიწყებ და იქნებ ფულის ბანკიდან გამოტანაში დამეხმაროთო. დატრიალდა მამაჩემი და გირაოდ ბინა და მანქანა ჩადო... მალე ის ჩვენი მდგმური ისე დაიკარგა, მის კვალსაც ვერ მივაგენით. იძულებული გავხდით, ვალი ჩვენ გადაგვეხადა... მამას ნერვიულობაზე ინფარქტი დაემართა და ძლივს გადავარჩინეთ. ამან თავისი დაღი დააჩნია - ყოველთვის სიკეთის მკეთებელ კაცს ადამიანის ნდობა დაეკარგა...
ბეჭდვა
1კ1