წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ძვირფასო რედაქციავ, პატივცემულო რედაქტორო!
წარმატებებს გისურვებთ იმ კეთილშობილური საქმისთვის, რაც გამოიხატება ჟურნალ "კარიბჭის" დაარსებაში.

ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ და მოუთმენლად ველოდები ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას, რადგან მისი ყოველი გვერდი, ყოველი წინადადება რაღაც ახალს გვაწვდის და გვასწავლის.

მინდოდა მომეწერა თქვენთვის, თუ როგორ მივედი მოძღვართან, მაგრამ ვერ ვბედავდი.

ნუ ჩამითვლით კადნიერებად, მოგწეროთ ის უდავო ჭეშმარიტება, რომ ყველა ღვთისმსახური ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს მედიცინაში, ფსიქიატრიაში, იცოდეს ფსიქოლოგია, საფუძვლიანად იცნობდეს თითოეულ სულიერ შვილს, არ უნდა გამოეპაროს არც ერთი ნიუანსი. მოძღვარი ღრმად უნდა აანალიზებდეს, მასთან მისული აღმსარებელი სინანულით ლაპარაკობს თუ უბრალოდ ანერვიულებულია. მოძღვართან ურთიერთობაში და დარიგებების ასრულებაში ირკვევა, რამდენად სწორ გზაზე დგას მისი სულიერება.

ხუთი წელი ყოველ კვირადღეს წირვა-ლოცვასა და ყველა მართლმადიდებლურ დღესასწაულს საკათედრო ტაძარში ვესწრებოდი და შინ სულიერად დამშვიდებული, თითქოს შეცვლილი, ხალისით ვბრუნდებოდი. ეს გრძნობა მომდევნო კვირამდე მყოფნიდა, მაგრამ შინაგანად რაღაც უფრო მეტს ვესწრაფოდი. მეც მინდოდა აღსარება მეთქვა, მაგრამ მოძღვარი არ მყავდა. თითოეულ ღვთისმსახურს უამრავი სულიერი შვილი ჰყავდა და ვფიქრობდი, სად სცალიათ ჩემთვის-მეთქი. ერთხელ, გამთენიისას, ძილ-ღვიძილში ვიღაცის ძახილი ჩამესმა. მაშინვე თითქოს გავიხედე და ჩემს კართან ღია ეტლი დავინახე, რომელშიც სამი საეკლესიოტანსაცმლიანი პიროვნება იჯდა. რა გნებავთ-მეთქი. ერთ-ერთმა მიპასუხა: მამა იონა გსაყვედურობს, - რატომ წირვაზე არ მესწრებაო. ამ წინადადებამ უცებ გამომაფხიზლა, მაშინვე წამოვდექი. იმდენად ახლოს და მკვეთრად ჩამესმა მიმავალი ეტლის ბორბლების ხმა, ქუჩაში გავიხედე, რათა უფრო ახლოს დამენახა.

დილის ლოცვები წავიკითხე, ტაძარში მივედი და ვიკითხე, ვინ იყო მამა იონა. მიპასუხეს, - ახალნაკურთხი ახალგაზრდა მღვდელი და წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარიაო.

ასე მივედი მამა იონასთან. მისვლისთანავე გამოცხადების შესახებ ვუთხარი, შემდეგ ვთხოვე, მოძღვარი არ მყავს და თქვენთან დავრჩები-მეთქი.

როცა ყოველ დილით ამბიონზე გამოჩნდება ასკეტური, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა მოძღვარი, რომელიც ჩინებული მკაფიო მეტყველებით და მშვენიერი ხმით ლოცავს საქართველოს, პატრიარქს, ეპისკოპოსს, მრევლს, ვგრძნობ, როგორ იღვრება სულში ნათელი იმედი, რწმენა, სასოება და იგრძნობა, ამ ლოცვითა და გალობით როგორ ჩამოდის ზეციური მთავრობა დედამიწაზე მთელი თავისი დიდებულებით.

გავიდა რამდენიმე თვე. მოვემზადე აღსარებისთვის და იმდენი რამ ვუთხარი პირველად, იმდენი რამ გავიხსენე, მე თვითონ სირცხვილით ვიწვოდი და სახე ოფლით დამენამა. როცა მოძღვარს ავხედე, ისეთი განცვიფრებული სახე ჰქონდა, გამიელვა - აბა, ამას ვინ შემინდობს-მეთქი. რაც კი ვუთხარი, ყველა წინადადებაზე დამატებით მკითხა, ბევრი მიმითითა, მირჩია, ლოცვებთან ერთად ფსალმუნებიც მეკითხა, დამარიგა და შენდობის ლოცვა რომ წაიკითხა, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როგორ მომეშვა დაჭიმული და დაძაბული სისხლძარღვები და სხეული.

როცა მოძღვარს ვესაუბრები, ძალიან თავმდაბლად და მოკლედ იძლევა პასუხს. "ეკლესია შიგ სულში და გულში მაქვს. ტაძარში კი ღვთისმსახურებაა. არასოდეს მიფიქრია, ამერჩია სხვა გზა, არასოდეს დავმდგარვარ სხვა არჩევანის წინაშე, ღვთისმსახურის სამოსზეც კი ბავშვობიდან ვოცნებობდი", - ამბობს მამა იონა. დარმუნებული ვარ, ასეთივე თავმდაბალია იგი საკუთარ ოჯახშიც, სადაც ასეთივე სულიერად ლამაზი მეუღლე და პატარა გოგონა ჰყავს და კიდევ ერთ ახალ ოჯახის წევრს ელოდებიან.

ხმამაღლა კი მინდა ვთქვა: "უფალო, აცხოვნე და შეიწყალე სულიერი მამა, მოძღვარი, მასწავლებელი ჩემი, რომელიც მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისთვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა".

რეზო, ქუთაისის მწვანეყვავილას
მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლიდან
ბეჭდვა
1კ1