კითხულობთ თუ არა სასულიერო ლიტერატურას?
კითხულობთ თუ არა სასულიერო ლიტერატურას?
იაკობი (23 წლის): ძირითადად ეგზეგეტიკას - ბიბლიის განმარტებებს, წმინდა მამათა და დოგმატური ხასიათის ნაშრომებს ვკითხულობ. ამჟამად წმინდა იოანე დამასკელის "მართლმადიდებელი სარწმუნოების გარდამოცემას" ვეცნობი. ახლახან დავასრულე თეოფილაქტე ბულგარელის სახარების განმარტება, წავიკითხე წმინდა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ქადაგებანი.

სამწუხაროდ, კითხვას ცოტა დროს ვუთმობ, რადგან სწავლასთან ერთად ვმუშაობ კიდეც. უდროობისა თუ სიზარმაცის გამო საღვთისმეტყველო ლიტერატურას ვერ ვკითხულობ და ამას ძალიან განვიცდი. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტად მოვინდომებ. საერთოდ, უმეტესად იმ ლიტერატურას ვეცნობი, რომელშიც მარტივი, გასაგები ენითაა გადმოცემული საეკლესიო მოძღვრება. ეს ჯერ კიდევ ახალი სფეროა ჩემთვის და ამიტომ გარკვეულ სიძნელეებს ვაწყდები. მიჭირს ძველი ქართული ტექსტების კითხვაც, თუმცა ძველქართულ სახარებას შედარებით იოლად ვიგებ.

თავისუფალ დროს სიამოვნებით ვუსმენ საპატრიარქოს რადიოს. საერთოდ, რადიოს მოსმენას ნაკლები ძალისხმევა და კონცენტრაცია სჭირდება, ვიდრე წიგნის კითხვას და ამიტომ დაღლილობისას საეკლესიო გადაცემებს ვუსმენ. პრესიდან კი ძირითადად ჟურნალ "კარიბჭესა" და გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანს" ვკითხულობ.

ელენე (16 წლის):
ეკლესიაში საკმაოდ დიდი ხანია დავდივარ და სულიერი მოძღვარიც მყავს, შეძლებისდაგვარად ვინახავ მარხვასაც, მაგრამ საეკლესიო ლიტერატურას თითქმის არ ვკითხულობ. კითხვა კი მიყვარს, მაგრამ რატომღაც პოპულარულ საერო ჟურნალ-გაზეთებს უფრო ვკითხულობ, ვიდრე სასულიეროს.

ბოლო ხანს ვუყურებ ტელეკომპანია "ივერიას", რადგან ჩემს ოჯახს ეს არხი ძალიან უყვარს.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენი ჟურნალი "კარიბჭეც" არასდროს წამიკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ მას მრევლის დიდი ნაწილი კითხულობს. ვეცდები, თქვენს ჟურნალსაც უფრო ახლოს გავეცნო.

ნინო (23 წლის):
ჩემი აზრით, ყოველმა მორწმუნემ (განსაკუთრებით კი დამწყებმა) სულიერი მოძღვრისგან უნდა აიღოს ლოცვა-კურთხევა იმისა, თუ რა სახის რელიგიურ ლიტერატურას გაეცნოს, თავისი სულიერი მდგომარეობისა თუ განათლების შესაბამისად.

საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გარდა, დიდი ინტერესით ვკითხულობ ისტორიულ, ფსიქოლოგიურ, სამეცნიერო ნაშრომებს. წიგნის კითხვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და სულიერად მამდიდრებს. უდავოა, რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო ძლიერი ხარ.

ჩვენს დროში წიგნს ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა - ინტერნეტი, ტელევიზია, რადიო... თუმცა ვფიქრობ, წიგნი მაინც შეუცვლელია. ჩვენი პატრიარქიც მუდამ მოგვიწოდებს, ყოველდღიურად ვიკითხოთ წიგნები. მეც ვცდილობ, ხშირად წავიკითხო წმინდა წერილი და მისი განმარტებები, წმინდანთა ქადაგებანი, საეკლესიო და საღვთისმეტყველო ლიტერატურა, თუმცა ამას ხან ვახერხებ და ხან ვერა.

ჩემი დედაეკლესიაში მოსვლაც წიგნს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიურ ოჯახში ვიზრდებოდი, დილა-საღამოს ლოცვებსაც კი არ ვკითხულობდი, არ მქონდა გაცნობიერებული მართლმადიდებლობის არსი და მნიშვნელობა. ძალიან კარგად მახსოვს - 15 წლის ვიყავი. ერთ დღეს გავიღვიძე და მაგიდაზე "წმინდა ანტონი დიდის ცხოვრება" დამხვდა. მისი საოცარი მოღვაწეობისა და სასწაულების გაცნობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, გამიჩნდა სინანული ცოდვების გამო, ლოცვის სურვილი... ამის შემდეგ აქტიური მრევლი გავხდი.

შევთხოვ უფალს, ისეთი მტკიცე სარწმუნოება მომანიჭოს, როგორიც იმ წმინდა მოწამეებს ჰქონდათ, რომელთაც ღვთის რწმენა და სიყვარული საკუთარი სისხლით დაამოწმეს.

ზურა (32 წლის):
სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გახლავართ და ძალზე დაკავებული ვარ, მაგრამ სასულიერო ლიტერატურის კითხვას მაინც ვახერხებ. ლოცვების გარდა, ვცდილობ, ყოველდღე სახარების თითო თავი მაინც წავიკითხო და გავეცნო იმ წმინდანთა მოღვაწეობას, რომლის ხსენებაც აღესრულება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას მართლმადიდებლური კედლის კალენდრის გამოცემისთვის, რომლის სისტემატური მკითხველიც ვარ.

პირველი საეკლესიო წიგნი, რომელიც დედაეკლესიაში მოსვლის შემდეგ წავიკითხე, კატეხიზმო იყო. მას მოჰყვა ჩემი სულიერი მოძღვრის - დეკანოზ გიორგი სხირტლაძის "მღვდლის დარიგებანი".

მოძღვართან, მრევლის წევრებთან ურთიერთობა და მართლმადიდებლური ლიტერატურის კითხვა დიდად დამეხმარა ჭეშმარიტების შეცნობაში, რისთვისაც ვმადლობ უფალს და ჩემს მოძღვარს. წმინდა მამათა ცხოვრებისა და რჩევა-დარიგებების გაცნობა სულიერად მაძლიერებს, ცხოვრებისეული განსაცდელების გადატანაში მეხმარება და, რაც მთავარია, ხშირად მაფიქრებს ამქვეყნიური ცხოვრების მიზანზე, ცხონებაზე...
ბეჭდვა
1კ1