წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
"ღმერთი არასდროს მიგატოვებთ"
დიდი ხანი არ არის, რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული. ამას კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ერთხელაც მომინდა წამეკითხა ლოცვები. წავიკითხე ერთხელ, ორჯერ... მომესურვა, გამეგრძელებინა ლოცვების, დაუჯდომლებისა და ფსალმუნების კითხვა. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მივედი - მინდოდა ამეყვანა მოძღვარი. მოძღვარმა - აღსარება ჩამაბარეო. შემრცხვა და რაღაც-რაღაცები დავუმალე. რამდენიმე კვირაში კი შევწყვიტე ეკლესიაში სიარული. ღვთის წყალობით, სვანეთის უბანში აშენდა წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია. მყავს მოძღვარი, მამა მალხაზი - ღმერთმა დალოცოს იგი და მისი ოჯახი. არ ვაპირებ, ეკლესიაში სიარულს დავანებო თავი. ჟურნალ "კარიბჭიდან" ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ახლაც ვსწავლობ და კიდევ ვისწავლი. ღმერთი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.
კახაბერ გალუმოვი, 15 წლის


ღვთივკურთხეულო ჟურნალო "კარიბჭევ"!
მოგესალმებით გურიიდან. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მადლისთვის, რომელსაც უხვად აფრქვევს თქვენი ჟურნალის ფურცლები. დაფუძნების დღიდან თქვენი მკითხველი ვარ. სათუთად ვინახავ თითოეულ ნომერს და მოუთმენლად ველოდები ახალს ჩემს ტკბილ მოძღვართან და სულიერ და-ძმებთან ერთად.

საპატრიარქოს რადიო "ივერიასაც" ხშირად ვუსმენ. მინდა მათაც ვმადლობდე უფლის ერთგული მსახურებისთვის. ხუთშაბათობით "ივერიაში" დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებანი გადის ხოლმე. გულწრფელად გთხოვთ, დაბეჭდეთ მამა თეოდორეს ქადაგებები. მისი მადლიანი სიტყვა ბევრს გაუთბობს ამა სოფლის ამაოებით გაყინულ გულს. დაბეჭდილს მეტი წაიკითხავს და რეგიონებსაც მოგვწვდება მისი ხმა, რადგან რადიომაუწყებლობა ყველგან არ ვრცელდება.

კიდევ მაქვს ერთი თხოვნა. იქნებ გურიასაც დაეთმოს ჟურნალის მადლიანი ფურცლები. ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, როცა საყვარელი ჟურნალის ფურცლებზე ვერ ვნახე მასალა გურიის საკათედრო ტაძრის გახსნასა და გურიაში პატრიარქის ჩამობრძანებაზე. ეს ალბათ პატარა ბავშვის მშობლისადმი ეჭვიანობას ჰგავს, მაგრამ 3 სექტემბერი ხომ ჩვენთვის უბედნიერესი დღე იყო...

მინდა უწმინდესს მივულოცო საიუბილეო თარიღი და დღეგრძელობა ვუსურვო ქართველთა სანუგეშოდ და ღვთის სადიდებლად. მადლობა უფალს, რომ ასეთი სულიერი წინამძღოლი გვარგუნა.

ღმერთმა გაგაძლიეროთ.
მხევალი უფლისა მაია
ოზურგეთი


დიდი სიყვარულით ველოდები "კარიბჭის" თითოეულ ნომერს. ყველა იმ წერილის წაკითხვისას, რასაც ბეჭდავთ, დიდ სითბოს ვგრძნობ. მადლობა უფალს.

ბოდიშის მოხდით გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ჩემი გვარის წარმომავლობის შესახებ.

10 წელია ეკლესიის წიაღში ვარ. მინდა დიდი სიყვარულით მოვიხსენიო ჩემი სულიერი მოძღვარი, ოზურგეთის წმინდა კვირიკეს და ივლიტას ტაძრის წინამძღვარი მამა მათე გორდელაძე და მამა შიო მენაბდე. მათ ბევრი რამ მასწავლეს.

მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო საქართველოს სულიერ საჭეთმპყრობელს ილია II-ს და ყველა სასულიერო პირს. გვფარავდეს უფლის უდიდესი მადლი სრულიად საქართველოს. ამინ!
თქვენი მონამორჩილი
ზვიად ოდიშვილი
ბეჭდვა
1კ1