ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა ისეთი რამ, რამაც ამაომეტყველებაზე ხელი ამაღებინა
ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა ისეთი რამ, რამაც ამაომეტყველებაზე ხელი ამაღებინა
"ყველაზე მძიმე ცოდვას სიმართლის წინააღმდეგ წარმოადგენს გატეხა ფიცისა - დაპირებისა, რომელიც დადებულ იქნა წინაშე სიწმინდეთა - ჯვრისა და სახარებისა", - გვასწავლიან წმინდა მამები. ქრისტიანი ძალზე ფრთხილად უნდა იძლეოდეს დაპირებას, ისიც პირობითი ფორმით, დათქმით - "უკუეთუ ღვთის ნება იქნება", ე.ი. თუ არ შემიშლის ხელს რაიმე, რაც ადამიანზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ თუ დაპირება მიცემულია, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის შესასრულებლად.

გიორგი (40 წლის): - ყბედ ადამიანს არც ცრუ დაპირებების მიცემა უჭირს. სხვებზე ლაპარაკის უფლება მე, ჩვეულებრივ მოკვდავს, ვინ მომცა - ჩემს თავზე მოგახსენებთ. ბავშვობიდან მრავალსიტყვაობა მიყვარდა, ვლაპარაკობდი ყოველ წუთს. მამაჩემი მარიგებდა, - შვილო, ამდენი ლაპარაკი კაცისთვის შეუფერებელია, შენ კი, მგონი, ძილშიც ლაპარაკობო.

ბავშვობაში ბავშვურ დაპირებებს ვიძლეოდი, რომ წამოვიზარდე, უკვე სერიოზულად დავაიმედებდი ადამიანს - ამას გაგიკეთებ, იმას გაჩუქებ-მეთქი, მაგრამ არასერიოზული კაცის მიცემული დაპირებაც ხომ არასერიოზულია - ან მაშინვე მავიწყდებოდა, ან მინდოდა ვინმეს დავხმარებოდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. უფალი ყოველთვის ცდილობს ჩვენს გამოფხიზლებას და ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა ისეთი რამ, რამაც ამაომეტყველებაზე ხელი ამაღებინა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამსახური ვერსად ვიშოვე. მამაჩემმა მეგობარს სთხოვა დახმარება. აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვა: ჯერ მითხრა, ინგლისური არ იცი ისე, როგორც საჭიროაო. სასწრაფოდ დამიქირავეს მასწავლებელი და სამი თვე ინგლისურის მეტი არაფერი მახსოვდა, მერე - კომპიუტერი საფუძვლიანად უნდა ისწავლოო და ზედ ვათენ-ვაღამებდი. საბოლოოდ, უარით გამომისტუმრა. ძალიან მეტკინა გული. მაშინ გამახსენდა, - რამდენი კაცი დამიიმედებია ასე... ამ შემთხვევაში ცოდნა მაინც შემრჩა და ჩემგან მოტყუებულებს რა შერჩათ? მას შემდეგ ძალზე ვფრთხილობ - ან არავის არაფერს ვპირდები, თუ კარგად არ დავფიქრდები, ანდა თავს მოვიკლავ და ვასრულებ, რადგან ვიცი, ასე ჰაიჰარად მიცემული სიტყვა ყბედობაა, რომელიც ამპარტავნების საფუძველია.

დოდო (63 წლის): - დაუფიქრებლად მიცემული აღთქმა ტყუილია, ტყუილი კი - ცოდვის მშობელი. ჩემი ცრუ დაპირება მახსენდება: ძალზე ახალგაზრდას დამეხოცა მშობლები. გასათხოვარი ვიყავი და ფაქტობრივად მარტო დავრჩი. საშინელი მწუხარება დამეუფლა. ერთხელ სევდაშემოწოლილს მეგობარმა სიგარეტი მომაწოდა - დაგამშვიდებსო. ასე დავიწყე მოწევა. როცა გათხოვება დავაპირე, საქმროს ვუთხარი, ვეწევი-მეთქი. დედაჩემმა რომ გაიგოს, შენთან გაკარების უფლებას არ მომცემსო. მას შემდეგ ვფრთხილობდი - თუ პაემანზე მივდიოდი, იმ დღეს არ ვეწეოდი, ვეუბნებოდი, თავი უკვე დავანებე-მეთქი.

ქმრის ოჯახში მოწევას რას გავბედავდი. ხან ერთ მწეველ დაქალთან გავრბოდი, ხან - მეორესთან. ქმარი ამაზე საშინლად ბრაზობდა. მეც მომბეზრდა ამდენი ჭიჭყინი და ხატის წინ პირობა დავდე, მოწევას თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი - მაინც წამიცდებოდა ხელი... აღსარებაშიც ვერ ვბედავდი სიმართლის თქმას - მეშინოდა, მაგრამ ერთხელ საშინელი განცდით გამეღვიძა, ეტყობა, ცოდვა არ მასვენებდა. გათენდა თუ არა, ეკლესიას მივაშურე და მოძღვარს გული გადავუშალე. დამარიგა და აღთქმის მნიშვნელობაც ამიხსნა... მაინც მიჭირდა ამ მავნე ჩვევასთან გამოთხოვება, მაგრამ, უფლის შემწეობით, დავძლიე განსაცდელი.

მედეა (55 წლის): - რამდენიმე წლის წინათ მძიმე განსაცდელის წინაშე დავდექი - ფული დამჭირდა სასწრაფოდ და ერთ მევახშეს მივადექი კარს. მასესხა 500 დოლარი, მაგრამ თვეში 50 დოლარი უნდა მეხადა. ისე ვიყავი გახარებული, არც დავფიქრებულვარ, ისე წამოვიღე ფული და დავპირდი, ყოველი თვის დასაწყისში გადაგიხდი-მეთქი. თავდაპირველად პირობას ვასრულებდი, მაგრამ შემდეგ გამიჭირდა - ის 500 დოლარი კი გადავიხადე, მაგრამ დაგროვებული ოთხი თვის ფული ვეღარ მივეცი... მე და ჩემი ოჯახის წევრები ერთმანეთთან თავს ვიმართლებდით - არ გვაქვს და რა ვქნათო, მაგრამ გულისგულში კარგად ვიცოდი, არ ვიყავი მართალი. ეს შემდეგ სხვებმაც დამიდასტურეს. ღმერთს ვევედრებოდი, ისე ნუ მომკლავ, იმ ვალის დარდი გამყვეს-მეთქი. უფალი ყოვლისშემწეა და მომეხმარა - ჩემს ქმარს მალე საქმე გამოუჩნდა და ის ფული გადავიხადეთ. მაგრამ თავიდან რომ დავფიქრებულიყავი, ხომ არ ვჭამდი სირცხვილს?

იოანე (32 წლის): - ამაოდმეტყველება ქრისტიანობას ეწინააღმდეგება. მეც არაერთხელ წარმომითქვამს აბსოლუტურად არასაჭირო სიტყვები. ასე იყო მაშინაც, როცა შვილი გამიხდა ავად და ღმერთს შევფიცე, როგორც კი საშუალება მექნება, ცხვარს შემოგწირავ-მეთქი. ეს ნამდვილად გაუაზრებელი დაპირება იყო, რადგან მაშინ ცხვრის კი არა, პურის საყიდელი ფული არ გვქონდა. ბავშვი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მე ვერ შევძელი აღთქმის ასრულება, სიტყვას და მით უფრო უფლისთვის მიცემულ სიტყვას თუ ქმედება არ მოჰყვება, იგი ფუჭია. უფალს ჩვენგან გულწრფელი, სიყვარულით ნათქვამი ლოცვა უნდა და არა ცხვარი, მამალი და ა.შ. მაგრამ თუ იტყვი, უნდა შეასრულო. წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "თქმით შენ შობ სიტყვას, შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენკენ ან შენ წინააღმდეგ".
ბეჭდვა
1კ1