ბევრჯერ უსამართლოდ დამისჯია ჩემი შვილები და ახლა ვნანობ
ბევრჯერ უსამართლოდ დამისჯია ჩემი შვილები და ახლა ვნანობ
ყველა საქმე უმნიშვნელოა ერისა და ღვთის წინაშე, გარდა იმისა, რომ გავზარდოთ ჩვენი შვილები ხორციელ ვნებებზე ამაღლებულნი. ჩვენი კეთილდღეობის საფუძველი დედ-მამის პატივისცემა და შვილების ღვთის მცნებებით აღზრდაა. მაშინ მოგვეგება მისაგებელი, მაშინ გვექნება მოთმინების სიხარულით აღსავსე ახალგაზრდობა და ტკბილი სიბერე.

ნინო (51 წლის): - ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და პრობლემებსაც ჩვეულებრივად, დიდი გულთაძვრის გარეშე ვუდგები, მაგრამ შვილისგან ნათქვამი უდიერი სიტყვაც კი საოცრად მტკენს გულს, თუმცა იმასაც მახსენებს, რაც მიწყენინებია ჩემი მშობლებისთვის. ალბათ დედაშვილობაში არსებული კონფლიქტები დროის ბრალიცაა, რაღაცნაირად დამკვიდრდა ბოროტი დედამთილის, ბოროტი რძლის სტერეოტიპები და ამანაც გააღრმავა უფსკრული დედასა და შვილებს შორის. დედაშვილობაზე როცა ლაპარაკობენ, უნებურად თავსაფრიანი დედაკაცი მახსენდება, მისი ცხოვრება ძალზე ახლოა დღევანდელი დედების ყოფასთან. მხოლოდ შვილებზე ვერ ვიტყვი აუგს, უფროსებიც ვცოდავთ. მოზარდთან დიდი სიფრთხილეა საჭირო. შვილისთვის დედა სალოცავია და მის სულს ფაქიზად უნდა მიუდგე. ბევრჯერ უსამართლოდ დამისჯია ჩემი შვილები და ახლა ვნანობ. ხანდახან ქალი ქმარზე გაბრაზდება და შვილებზე გადააქვს მრისხანება, ეს კი მათ სულს აუხეშებს.

ალექსანდრე (60 წლის): - არ მინდა ვთქვა, ჩვენს დროს ასე იყო და იდეალურები ვიყავით-მეთქი. ჩვენ ხომ "შვლის ნუკრის ნაამბობი" ცრემლს გვადენდა, ახლაც ტირიან ბავშვები პატარა ნუკრის უბედობაზე. ჩემი შვილიშვილების მაგალითით ვიცი ეს და სხვა ბავშვებსაც ვადევნებ თვალყურს. რა თქმა უნდა, აღზრდის პრინციპები შეიცვალა - ახლა ბავშვებს სხვა ინტერესები აქვთ, ის გმირები მოსწონთ, რომლებიც ადრე სიძულვილს იმსახურებდნენ. დედაშვილობა მადლია. შვილის გაზრდას ზნეობა უნდა დაუდო საფუძვლად; როცა მას სხვა ინტერესები ჩაენაცვლება, დეგრადაციაც არ დააყოვნებს. იდეალური შვილი არ ვყოფილვარ, მაგრამ დედა ნამდვილად იდეალური მყავდა - სიკეთით სავსე, ერთგული, მზრუნველი. შვილების თანდასწრებით მამაჩემისთვის ურიგო სიტყვა არასოდეს უკადრებია. საღამო ჩვენთვის ზეიმი იყო - დედა დაგვსხამდა და ათას ამბავს გვიყვებოდა. ყველა ამბავში გმირი იმარჯვებდა, შეიძლება იღუპებოდა, მაგრამ იმარჯვებდა. ეს იგივე რელიგია იყო, ჩუმი მართლმადიდებლური გაკვეთილები, ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები, თორემ მაშინ, აბა, რა ვიცოდი.

ლიზა (50 წლის): - მე ეკლესიური არ ვარ, თუმცა არც ათეისტი გახლავართ. დანაშაულად მიმაჩნია ის, რომ ვერ ვმარხულობ, ხშირად ვერ ვლოცულობ და ასევე ხშირად ვერ ვესწრები წირვა-ლოცვას. მიუხედავად იმისა, შვილები მართლმადიებლური სულით და ზნეობით აღვზარდე. ჩემი ვაჟის მოზარდობას უზნეობის წლები დაემთხვა და მაშინ მოვიმარჯვე იარაღად ქრისტეს მცნებები და უფლის ცხოვრება. ამან შემაძლებინა მისთვის თვალი ამეხილა და მიმეხვედრებინა, რა იყო კარგი და რა - ცუდი და ბოროტება. დედაშვილობა ორმხრივი სიყვარულია, ბევრისგან გამიგონია, ოღონდ ჩემი შვილი იყოს კარგად და მისგან არაფერს ვითხოვო. მაშინ რა გამოდის - თავად ხდები მონაწილე იმ საქციელისა, რასაც უფლის მცნების დარღვევა ჰქვია! ნამდვილად ვითხოვ სიყვარულს - ეს მათი მოვალეობაა - და ვერ ვიტან, როცა შვილები დედ-მამას სახელით მიმართავენ.

თინა (40 წლის): - აპოკალიფსური მხეცის ბრჭყალი ყველაფერს დაეტყო და მათ შორის დედაშვილურ დამოკიდებულებასაც. ახალს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეს შვილი გოგონების
70%-ს მძიმე ტვირთად მიაჩნია. დედაშვილობა სიყვარულია, დიდი, უკიდეგანო სიყვარული, მოთმინება, მორჩილება, სიმშვიდე - ერთი სიტყვით, მასში უფლისმიერი სიყვარულის ყველა ნიუანსია ჩადებული. ზოგჯერ ცხოვრება გაიძულებს, შვილს გაექცე, მოვალეობას თავი აარიდო. ზოგჯერ ისეთი დაღლილი მოვდივარ, საწოლამდე ძლივს მივათრევ ფეხებს, არადა მთელი დღით მიტოვებულ ბავშვებს ხომ სითბო, მზრუნველობა სჭირდებათ, იქნებ რა აქვთ სათქმელი, რა სატკივარი დაუგროვდათ... მახსოვს, როგორ ველოდებოდი დედას, ქუჩის თავში ვიდექი და თვალს რომ მოვკრავდი, სიხარულით ფრთები შემესხმებოდა, გავიქცეოდი და ჩავეხუტებოდი. არასოდეს მიკითხავს, რა მომიტანე-მეთქი, მისი დანახვა ჩემთვის იმხელა სიხარული იყო, სხვა რამ არც მახსენდებოდა...

ციცო (56 წლის): - მე მასწავლებელი გახლავართ და - ისევე, როგორც ჩვენი პროფესიის ადამიანთა უმეტესობა - გაუთხოვარი. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვიცოდე, რა მოეთხოვება დედას და რა - შვილს. დღეს ერთი სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება - შვილები პატივს არ სცემენ მშობლებს. შვილსა და მშობლებს შორის სიახლოვე, ურთიერთპატივისცემა დაიკარგა. საერთოდ, სკოლაში მოსულ მამას ვერ ნახავ. მართალია, ბევრ საქმეს იმიზეზებს, მაგრამ შვილის აღზრდაზე უკეთესი საქმე რა უნდა იყოს? ერთი ჩემი მოსწავლე გახარებული იყო, დედაჩემი ავადაა და კრებაზე ვერ მოვაო. დედ-მამაზე ზოგჯერ ისეთ რამეს იტყვიან, თმა ყალყზე დაგიდგება. არ მინდა სხვათა განკითხვა გამომივიდეს, არც ის ვიცი, როგორ ვიბრძოლო ამის წინააღმდეგ, თითქოს ოთარაანთ ქვრივის სახემაც ხიბლი დაკარგა - არ მოსწონთ, სხვის საქმეში რას ეჩრებოდაო, ამბობენ...
ბეჭდვა
1კ1