წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
უდიდესი სურვილი მაქვს, ჩემი წერილი თუ აღსარება "კარიბჭის" მკითხველმა წაიკითხოს.

დიდი სიყვარული და კრძალვა მაქვს ჩვენი მოძღვრებისა. ღმერთმა დააფასოს მათი ამხელა უანგარო ამაგი! ძალზე რთულია, ყველას მოუსმინო, გაიზიარო მათი ჭირ-ვარამი, გაითავისო ტკივილი და გულით მიუტევო თუნდაც ძალიან მძიმე ცოდვები.

მეც გულმოდგინედ დავდიოდი ეკლესიაში, ვეზიარებოდი. ცხოვრებისეული პრობლემები ნაკლებად მაწუხებდა, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი. არასდროს შემშურებია ვინმესი და არც ახლა მშურს, არც ბოღმიანი ადამიანი ვარ. მუდამ მახსოვს სოლომონ ბრძენის სიტყვები: "ყოველივე წარმავალია".

ჩემი ბედ-იღბალი სხვანაირად დატრიალდა. ძალიან გამიჭირდა ხელმოკლე მეუღლესთან ცხოვრება, ჩემებიც არ დამიდგნენ გვერდით. ამბობდნენ: "მარტო ბავშვების გაჩენა საქმე არ არისო". მეუღლე მუდამ ეკამათებოდა მათ. ორივე მხარე ჩემი დასაწყნარებელი იყო. ვერც ერთი ვერ მიგებდა, არადა გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

მე კი იმაში ვიყავი დამნაშავე, რომ მოძღვარს არ მივმართე, სამი წელი სრულიად გავწყვიტე კავშირი დედაეკლესიასთან. თითქოს გულიც ამიცრუვდა ყველაფერზე. ბრაზი მომდიოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეზე.

იმდენად გვიჭირდა, მშივრებსაც კი დაგვიძინია. გაბრაზებულმა ჩემებს ძალით წავართვი თანხა, დაუკითხავადაც ვიღებდი მათზე გაგულისებული. საკვები და ტანსაცმელიც ამიღია დაუკითხავად მაღაზიიდან. რატომ? რისთვის? მიზეზი და თავიდათავი კი ის არის, რომ დედაეკლესიას ჩამოვშორდი, მოძღვარს გავუუცხოვდი და ეშმაკის კლანჭებში აღმოვჩნდი.

ყველას ვურჩევ, დროულად მიმართონ დედაეკლესიას რაიმე სერიოზული პრობლემისა თუ კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად, რომ შემდგომ არ გაუჭირდეთ თავიანთი მოძღვრისთვის თვალებში ჩახედვა.

ღმერთმა ყველას შეგვინდოს!
თქვენი მკითხველი


დიდება უფალს იმ მადლიანი საქმისთვის, "კარიბჭელებო", თქვენ რომ ემსახურებით. წინ მიგიძღვით უფლის მადლი და თქვენც რამდენი ადამიანის გულში აღვივებთ ღვთის სიყვარულსა და მორჩილებას!

ხელმოკლეობის გამო ლიტერატურის შეძენა მიჭირს, ამიტომ მოუთმენლად ველი თქვენი ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლას, რომ მისი საშუალებით მივიღო სულიერი საზრდო, გავეცნო წმინდანების მოღვაწეობას და ჩვენი ბერ-მონაზვნების დარიგებებს.

გულის კარი გამიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე კალისტრატეს შესახებ დაწერილმა სტატიამ; მეტად საჭირო ინფორმაციას გვაწვდიან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა დავით შარაშენიძე და ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი... დიდი საქმე გაკისრიათ და ღმერთმა კეთილად დაგაძლევინოთ!

ჯერ კიდევ სასულიერო აკადემიის სტუდენტი გახლდათ, გუნდად შეკრებილ გოგო-ბიჭებს ჩვენივე თანატოლი რომ გვმოძღვრავდა. დღეს იგი თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია - იღუმენი ბართლომე (ფირცხალაშვილი). ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი სულის ადამიანები, მეამაყება, რომ ჩემი კუთხის შვილია. წელს, უფლის ფერისცვალების დღეს, ჩამობრძანდა გოდოგნის ოქროს ჯვრის სახელობის ტაძარში (სამწუხაროდ, მე ვერ დავესწარი ამ დღესასწაულს). მეც ამ ტაძრის მრევლში ვირიცხები, ჩვენ ერთი მოძღვარი გვაკავშირებდა - დეკანოზი მიქაელ კირკიტაძე. მამა მიქაელი ამჟამად, ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გადაყვანილია თბილისში, ვარკეთილის II მიკრორაიონში, 178-ე საშუალო სკოლაში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში.

ამ წერილით მინდა გაგაცნოთ ჩემი მოძღვარი და ჩემი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდიც მოგითხროთ. სწორად არჩეულ მოძღვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველას გირჩევთ, ვისაც ის ჯერ კიდევ არ გიპოვიათ, მიენდეთ უფლის ხმას და ისე იმოქმედეთ.

ზოგი ამბობს, ღმერთის მწამს, მაგრამ მღვდლისა - არაო, არადა მოძღვრის სახით ხომ თვით უფალს ვესაუბრებით (სამწუხაროდ, ეს აზრი დღეს მეტად გავრცელებულია).

სკოლის დამთავრების შემდეგ მამულეთში, სოფელ ნაგარებში (თერჯოლის რაიონი) ჩავედი, რომელიც სოფელ გოდოგანს ესაზღვრება. იქ შევიტყვე გოდოგნის ეკლესიისა და მისი წინამძღვრის შესახებ. დედაჩემის დედა უაღრესად განათლებული და ღვთისმოყვარე ქალია. მან ჩაგვინერგა ბავშვობიდანვე უფლის სიყვარული და სიკეთის ქმნის უნარი. სწორედ ამ სიყვარულმა მიბიძგა, ეკლესიაში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით გამევლო, სადაც საოცრად ზნეამაღლებული, სათნოებისა და სიყვარულის გამომხატველი პიროვნება დამხვდა.

დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმ წლებს. მაშინ ეკლესიურად არ ვცხოვრობდი. მოძღვარმა ერთი ნახვითა და გასაუბრებით მოიგო ჩემი გული, მისი ზრუნვით, ქადაგებით, რუდუნებით შევძელი ამდენი განსაცდელის დაძლევა, დღითიდღე ვგრძნობდი ჩემში სასიკეთო ცვლილებებს.

საოცარი მონდომებითა და სიფაქიზით აღავლენდა ღვთისმსახურებას, შემდეგ გვიქადაგებდა და დაგვმოძღვრავდა. ამ დროს ხომ თვით უფალი გვესაუბრებოდა მისი პირით.

ჩვენს სოფლებზეც იქონია ზეგავლენა უღმერთოების წლებმა. თავიდან თურმე მარტო მოძღვარი და მგალობლები ესწრებოდნენ მსახურებას, დღეს კი ბევრი რამ შეძლო მამა მიქაელმა. დიდი შრომისა და ჯაფის ფასად, კეთილი შემომწირველების დახმარებით და მრევლის თანადგომით სხვა ტაძრებიც აამოქმედა. მათ შორის გამოირჩევა გოდოგნის მთავარანგელოზის ტაძარი. 12-13 წელია ამ ეკლესიის მრევლი ვარ და ამ ხნის მანძილზე ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებიც მამა მიქაელის ქადაგებებმა ანდამატივით მიიზიდა. ისინი ქუთაისიდან თუ სხვა სოფლებიდან მოდიოდნენ, მათ შორის - ჩემი მეუღლის სოფლიდანაც, ნახშირღელიდან.

ტაძარში მისვლიდან ერთი წლის შემდეგ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მალე დავქორწინდით. ჯვარი მამა მიქაელმა დაგვწერა. ჯვრისწერისას ჩემს მეუღლეს კანკელის ღვთისმშობლის ხატის კანდელიდან ზეთი გადმოესხა და ცოტა შეცბუნდა. მამა მიქაელმა დალოცა, ღვთივკურთხეული და მადლიანი იყავიო. ამიტომაცაა, ალალი ლუკმით რომ სწვდება მტერ-მოყვარეს. უფლის კი სწამს, ეკლესიურ ცხოვრებაშიც მიწყობს ხელს, მაგრამ თვითონ ჯერ ვერ ახერხებს ეკლესიაში მისვლას. მწამს, იმ კანდელის ზეთის მადლით დაძლევს ყველაფერს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. უფლის ნებაა ყველაფერი.

ვზრდი ორ შვილს - მარიამს და ნინოს. მარიამს მამა მიქაელმა წაუკითხა მირქმის ლოცვა. ეს საოცარი სანახაობა სულ თვალწინ მიდგას. პაწაწინა არსება ისეთი სიყვარულით აიყვანა და ეამბორა, როგორც ეს მხოლოდ ღვთივკურთხეულ ადამიანებს შეუძლიათ. სწორედ მირქმის ძალამ და მადლმა გადამირჩინა ჩემი მარიამი სიკვდილს.

მეორე მშობიარობის შემდეგ შეცდომით გაკეთებულმა წამალმა სისხლი მომიწამლა. ექიმებმა, - ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ახლა უფლის ნებაა ყველაფერიო. იმ აზრმა, რომ ხშირად ვეზიარებოდი და უფალი ჩემთან ახლოს იყო, დამაძლევინა ეს განსაცდელი. ვხვდებოდი, რომ ვკვდებოდი, მაგრამ სასოწარკვეთილებაში მაინც არ ჩავვარდნილვარ. გავიფიქრე, ალბათ უფლის ნებაა, ასეთი ახალგაზრდა წავიდე ამ ქვეყნიდან-მეთქი. ძნელია, ძალზე ძნელია ასეთ მდგომარეობაში სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება. ეს რომ შევძელი, ჩემი მოძღვრის დამსახურებაა.

ოპერაციისას შეწყვეტილი გულისცემა და გაწყალებული სისხლი ისევ აღმიდგინა უფლის მადლმა და გადამარჩინა.

მაგრამ უარესი თურმე წინ მელოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერთადერთი ძმა გარდამეცვალა. საშინელი დარტყმა იყო ჩემთვის, ძალიან ძნელი ყოფილა დედმამიშვილის დაღუპვით დამსხვრეული გულის აღდგენა. მაგრამ ისევ ჩემი მოძღვრის ფაქიზმა მიდგომამ და ზრუნვამ მიხსნა და მომავალზე ზრუნვის უნარი დამიბრუნა.

მამა მიქაელი და მისი ვაჟი ჩემი მარიამის ნათლიები არიან. ბედნიერი ვარ, ასეთი ოჯახი რომ მყავს ნათელმირონად.

ერთხელ ჩვენი ეპარქიის (თერჯოლის) მეუფე იყო მობრძანებული და მრევლს ასე მოგვმართა: ჯერ კიდევ არ იცით, როგორი მოძღვარი გყავთო (ეს 10 წლის წინ იყო). ვიცით, დღეს უკვე ვიცით და ღმერთს ვთხოვთ, გააძლიეროს, რათა კიდევ ბევრი ადამიანი მოაქციოს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე! თვით უფალმა მომადლა ნიჭი მოთმინებისა, სხვებზე ზრუნვისა. ფუტკარივით დაუღალავად დაფუსფუსებდა და თავს ევლებოდა მრევლს, ბოლომდე იხარჯებოდა. ღმერთს ვთხოვ, დალოცოს და გააძლიეროს მამა მიქაელი, რათა კიდევ ბევრი ადამიანის გულის კარი შეაღოს და დაანახოს უფლისკენ სავალი ჭეშმარიტი გზა.

მინდა დავლოცო ჩვენი ეკლესიის მსახურნიც, მოძღვრის ირგვლივ ერთგულად რომ იყვნენ შეკრებილნი და ღვთის სიყვარულით ასწავლიდნენ სოფლის გოგო-ბიჭებს გალობასა და მედავითნეობას. დღეს კი სადაც არის ჩვენი მოძღვარი, დარწმუნებული ვარ, იქაც ასეთ სითბოსა და სიყვარულს დათესავს. ბედნიერებაა ასეთი მამულიშვილის, ასეთი მოძღვრის ყოლა.

ალბათ დადგება დრო და ისევ დაუბრუნდება თავის კუთხეს, ტაძარსა და მრევლს. ეს ბედნიერი დღე იქნება ჩვენთვის.

გამიგრძელდა საუბარი, "კარიბჭელებო". მაგრამ ის, რაც ვთქვი, ზღვაში წვეთია. მოვუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ იმ ამაგს, ჩვენი მოძღვრები თითოეული ჩვენგანის სულის ცხონებისთვის რომ სწევენ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, კიდევ მრავალი წელი ანათებდეს თქვენი სახით უფლისთვის დანთებული სანთელი - ჩვენი ერის, მამულისა და რწმენის დასაცავად.
ქრისტესმიერი სიყვარულით
მზია ნემსაძე, ქუთაისი


ძალიან მომწონს თქვენი ჟურნალი. როცა მას ვკითხულობ, ვგრძნობ, იმ ყველაფერთან შედარებით, რაზეც წერთ, ამქვეყნიური სიამეები და ყოველდღიური წვრილმანები ამაოებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე მხოლოდ მაშინ ვფიქრობ, როცა "კარიბჭეს" ვკითხულობ, და გული მწყდება, რომ ვერაფრით ვახერხებ ჩემი ცხოვრების შეცვლას. ძალიან მინდა, სულ ცოტათი მაინც ისე მოვიქცე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეჰფერის, მაგრამ სურვილი ცხოვრების შეცვლისა მხოლოდ მაშინ მიჩნდება, როცა საეკლესიო წიგნებს ან თქვენს ჟურნალს ვკითხულობ. შემდეგ სურვილებიც და ოცნებებიც სადღაც ქრება...

ძალიან მინდა ეკლესიაში სიარული, მოძღვრის აყვანა და აღსარების თქმა, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებ, ნაბიჯი ვერ გადამიდგამს, ვერ გამიბედავს ეკლესიაში მისვლა. სულ სახვალიოდ ვდებ ამ საქმეს. როცა მკითხველთა წერილებს ვკითხულობ, სადაც ისინი გვიამბობენ, როგორ მივიდნენ ეკლესიაში და რა ბედნიერები არიან, მათთან ერთად მიხარია, ვიცი, რომ ნამდვილ სიხარულსა და ბედნიერებას იქ ვიპოვი, ვიცი, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, სწორედ ეკლესიაშია... და რატომ არ მივდივარ ტაძარში? არ ვიცი.

მინდა, მადლობა გითხრათ "კარიბჭის" ყველა თანამშრომელს, მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ცოტა ხნით მაინც გვაძლევთ სინანულის საშუალებას. როცა თქვენს ჟურნალს ვკითხულობ, ვხვდები, როგორი ცოდვილი ვარ და ღმერთს პატიებას ვთხოვ.

ერთი თხოვნა მაქვს: ძალიან მინდა ბავშვთა სახლში მუშაობა, უფრო მეტად - საპატრიარქოს ბავშვთა სახლში, იმ ბავშვებთან, ვინც ჩვენგან ბევრად განსხვავდება, ვისი გულიც მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით არის სავსე, ვისაც უსაზღვრო მადლიერების გრძნობა აქვს. თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, რომ დავუკავშირდე მათ, ვისაც ეს საქმე ევალება. მგონია, იქ თავს კარგად ვიგრძნობ, პატარები სითბოს, სიკეთესა და სიყვარულს მასწავლიან, მასწავლიან ბრძოლას და მომცემენ იმის საშუალებას, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო.
ანა კვარაცხელია
ბეჭდვა
1კ1