წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მოგესალმებით ყველას
დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან კარგი ჟურნალი გვაქვს თქვენი საშუალებით. ძალიან მიყვარხართ.

ადრე სულ სხვა ღირებულებები მქონდა. ძალიან მომწონდა სხვადასხვა სუნამო და ფულს არ ვიშურებდი მათ შესაძენად. დღეს კი მიმაჩნია, რომ საკმეველზე მეტი კეთილსურნელება არაფერს არა აქვს დედამიწის ზურგზე. ადრე თუ ვგიჟდებოდი სოკრატეს, პლატონის და სხვა ფილოსოფოსების ბრძნულ აზრებზე, დღეს ვფიქრობ, რომ წმინდა მამების აზრები სრული ჭეშმარიტებაა და არაფერი შეედრება. ადრე თუ ჩემი საყვარელი ჟურნალები ბულვარული პრესა იყო, დღეს რომელი ჟურნალიცაა, აღარ დაგიკონკრეტებთ.

სულმოუთქმელად ველი მომდევნო ნომრების გამოსვლას. თქვენი ჟურნალის მეშვეობით უამრავ კარგ რაღაცას ვიგებ და ვსწავლობ. ღმერთი შეგეწიოთ და როგორც ადრე გთხოვეთ, იქნებ თვეში ორჯერ გამოსცეთ ეს საოცარი "კარიბჭე".
რა თქმა უნდა, თქვენი უერთგულესი მკითხველი შალვა


ჟურნალ "კარიბჭეს"
უპირველესად, დიდ მადლობას ვუხდი მთელ რედკოლეგიას ბრწყინვალე ჟურნალისთვის. ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას მოუთმენლად ველი იმ იმედით, რომ ჩემს გულისტკივილს ვინმე გაიზიარებს და გულისხმიერებით მოეკიდება ამ პრობლემას.

მოგეხსენებათ, რა რთულ დროში ვცხოვრობთ და გვიწევს ბავშვის აღზრდა.

ჩვენი საწუხარი შემდეგში მდგომარეობს: ვაზისუბნის ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა იოანე იბრძვის ვაზისუბანში მართლმადიდებლური საერო სკოლის გასახსნელად. ვიცით, რომ ასეთი სკოლები არის ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ჩიქოვანის ქუჩაზე, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან შორს არის. მამა იოანემ ვინ არ შეაწუხა, მაგრამ... საქმე რესტორნის ან სამორინეს გახსნას რომ ეხებოდეს, ჯიბეს ამოიტრიალებდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ყველას გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ მამა იოანეს ერისთვის სასიკეთო საქმის გაკეთებაში. ამ სკოლის გახსნით ბევრი ბავშვი აცდება ქუჩას და მათგან დადგება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქართველი, ამით აღვადგენთ და შევინარჩუნებთ იმ დაკარგულს, რითაც აქამდე მოვაღწიეთ.

ქართველობას და მართლმადიდებლობას გადარჩენა სჭირდება. ტელევიზიამ გარყვნა არა მარტო ბავშვი, არამედ დიდიც. ფილმი ფილმს აღარ ჰგავს, მულტფილმი - მულტფილმს, რომ აღარაფერი ვთქვათ სიყვარულზე, ზნეობაზე, ეთიკაზე, სინაზეზე, სიკეთეზე და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ტელევიზიის გაკონტროლება მშობელს არ შეუძლია. საბავშვო გადაცემების შუალედებში უშვებენ ისეთ რეკლამებს და ანონსებს, არა თუ პატარა, დიდიც გაოცდება.

გვეღუპება ბავშვები! სანამ პატარას სული სუფთა აქვს, დაგვეხმარეთ, რომ ზედ ღვთის სადიდებელი სიტყვა დავწეროთ.

ღმერთმა დალოცოს ყველა ღვთისნიერი ადამიანი.
თბილისი


ფერეიდნელის ჩივილი
სამწუხაროდ, მოკლე ხანგამოშვებით ძალიან მწარე ტრაგედია ხდება ხოლმე საქართველოში. ჩვენი მიწა-წყალი ერთი უძველესი მხარეა, რომელიც ქართველთ ეკუთვნოდა დედამიწის დაარსების დაწყებიდან და არ ყოფილა შემთხვევა, ეძარცვა სხვა ხალხები.

საქართველოს ფართო ქვეყანა ისტორიის სარკეში ჩანს და მას არ ვხედავთ ან ვერ ვხედავთ ჩვენისთანა ხალხნი.

დიდი უბედურებაა, რომ ვყოფილვართ და აღარა ვართ, გვქონია და აღარა გვაქვს, გვცოდნია და აღარ ვიცით. იქნებ აღარ გვინდა იმის ცოდნა, რომელიც ჩვენი სინდისი და პირის წყალია.

რანაირადაც გადმოიარა ისტორიის მანძილები საუკუნებით დღემდე...

რად არ ვდარდობთ დაკარგვებსა მიწა-წყალისა თუ ადამიანებისა?

და რად და რატომ არა ვგრძნობთ ტკივილებსა? ხო ადამიანები ვართ?..

ღარიბი ქვეყანა ხომ არა გვქონია, უდაბნო და მიწა-მარილი?

არამედ წალკოტის ნაწყვეტია და სამოთხისა. მაშ, უნდა ვნახოთ, რა გვჭირს, რა გვემართება. აბა, მოდით, დავფიქრდეთ, თუ არასწორად გაგვზარდეს მთავრობათა სისტემებმა, მოდით, გამოვასწოროთ ჩვენი თავი.

რატომ მოგვიხდინეს აფხაზეთის პრობლემა? რას გვიპირებენ სამაჩაბლოში?

აქ ხო საქართველოა, ეს ხომ ქართველთაა, აქ ხო ჩვენი მამულია. თუ ეჭვი გვეპარება?

მართლა ასე უპატრონოა ქართველი ხალხი? ვერ გამიგია.

ვერ გამიგია იმიტომ, რომ ცხრა მთის იქით დაშორებული და დაბადებული ვარ, მაგრამ ეს დარდი მტანჯავს, ძმაო. მკლავს და მკლავს და არაფერი შემიძლია, ძმაო.

ვის უნდა შევჩივლო, ჰოი, ძმებო, აბა, სად მივყევართ და ვისა?

მეც გამირკვიეთ. გეხვეწებით და უმორჩილესად გთხოვთ ამ ჩემი ძველი ენით. მოდით, ქართული სიძლიერე დავიბრუნოთ. ჩვენი მამაპაპური სინდისი, კულტურა, ჩვენებურობა, წმიდა წესები ღვთისგანაა.

სანამ ჩვენ არა გვჯერა ჩვენი თავის, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ეს მოხდომები.

გვეყოფა თვითდაზიანება, ქვეყნის გაოხრება, გამტერება, ჩვენ ხომ ჩვენს პურსა ვჭამთ და ჩვენთვის საკმარისად მოუცია ღმერთსა.
ფერეიდნელი
ალექსანდრე იოსელიანი


უსაყვარლეს ჟურნალ "კარიბჭეს"
ძვირფასო რედაქცია, მე ცოდვილი გაგითამამდით, მაგრამ არის მომენტი, გულში გაქვს სათუთად ამბავი, რომელსაც მოგახსენებთ: ყველა ტაძარში ღვთის მადლია, ყველაზე მეტად ვიგრძენი და აღვიქვი ნარიყალაზე, როცა მამა მაქსიმეს (ჭანტურიას) მსახურება მიჰყავდა, შემდეგ მობრძანდა (აკურთხეს) მამა გიორგი (თევდორაშვილი). ამრავლოს ღმერთმა ასეთი მოძღვრები საქართველოში! ვბრუნდებოდი ყოველთვის სახლში წყალობით. განსაკუთრებული ლოცვებია ყოველ ხუთშაბათს ნარკომანებისა და ლოთებისთვის. მე პირადად მივიღე ნუგეშისცემა, დიდება უფლის სახელს, მადლობა მისი წყალობისათვის. დედა ვარ და შევთხოვდი დედაღვთისას, რომ განეკურნა ჩემი შვილი. მივიღე ეს მადლი. გემუდარებით, ვინც ამ გასაჭირშია, აბრძანდით ნარიყალაზე და დიდი მადლით დაბრუნდებით.

ჩვენთან არს ღმერთი.
ცოდვილი სარა
მომიტევეთ!!!
ბეჭდვა
1კ1