ვუწყი ისიც, რომ ყოველივე ღვთის მიერ შექმნილი იარსებებს უკუნისამდე
ვუწყი ისიც, რომ ყოველივე ღვთის მიერ შექმნილი იარსებებს უკუნისამდე
ღვთის მიერ შექმნილი ქვეყანა მარადიულად იარსებებს, ჩვენ კი მოვალთ და წავალთ - განა თვეში ერთხელ მაინც არ ვაცილებთ ახლობელს სამარადისო გზაზე? და მაინც, არის კი ეს ჭკუის სასწავლებელი ადამიანთა მოდგმისთვის? რა უნდა ვქნათ? ალბათ ესეც მარადიული კითხვაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა - ეს ქვეყანა უფალმა სიკეთისთვის შექმნა. კეთილად უნდა ვიღვაწოთ ანუ აღვძრათ ჩვენი გონება, რათა წარმავალ საცდურებს არ გამოეკიდოს და ვიცხოვროთ სიყვარულით.

მარეხი (35 წლის): - ამქვეყნად რომ ყველაფერი წარმავალია, ყველა ჩვენგანმა იცის, მაგრამ წუთისოფელში ხომ სიკეთე მარადიული ღირებულებაა? ზოგჯერ ადამიანებს გვიჭირს გამიჯვნა სიკეთისა და ბოროტებისა, გვგონია, ჩვენი ნამოქმედარი ბოროტი ზრახვებით არ განპირობებულა, მაგრამ ამისთვის უფალი სულში ჩახედვის ნიჭს გვაძლევს. ვფიქრობ, ვისაც ეს შეუძლია, ბედნიერია. მახსოვს, დედაჩემის ნათლული, უნიჭიერესი კაცი, გზას ასცდა, მერე კანონიერ ქურდადაც "აკურთხეს". ამბობდნენ, დიდი ფულის პატრონი იყოო, მაგრამ არც სახლი ჰქონდა და არც რაიმე ქონება ებადა. რასაც "შოულობდა", მეზობელ-მეგობრებში არიგებდა, გაჭირვებულებს ხელს უმართავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველას უყვარდა. ერთხელ დედაჩემთან მოვიდა და ჰკითხა, - ნუთუ არაფერი გიჭირს, რომ ჩემთან არასოდეს მოსულხარ, ნათლია ხარ და მინდა, პატივი გცეო. როგორ უნდა მცე პატივიო, ჰკითხა დედამ. დაიბნა... დედაჩემის შეგონებებს მასზე დიდად არ უმოქმედია, მაგრამ ალბათ ღმერთმა გაუხსნა გონება და მიხვდა, რაოდენ უსუსური და წარმავალი იყო მისი სიკეთე. აბა, ნაქურდალი ფულით სხვათა შეწევნას ქველმოქმედებად მიიღებს ღმერთი? 30 წლისამ უმაღლესში ჩააბარა, ცოლ-შვილსაც მოეკიდა და სულაც არ მიკვირს, რომ უპატიოსნეს და ღვთისმოსავ კაცად იქცა. სიკეთე მაშინ არის მარადიული, თუ იგი სუფთა გულითა და ხელით არის ნაკეთები.

გიორგი (40 წლის): - მარადიული, ვგონებ, სამშობლოსა და უფლის სიყვარულია. იგი თაობიდან თაობას გადაეცემა და ცეცხლივით ბრიალებს. ქართველმა კაცმა უფალი და სამშობლო გააიგივა და ეს სიყვარული მარადიულ ღირებულებად აქცია. უფლის დამვიწყებელი ხომ ადამიანი არ არის, უმალ პირუტყვად იქცევა. ასეა სამშობლოც. მარადჟამს საქართველოს დაკარგვის, მამულის გასხვისების შიშსა და სიფრთხილეში ვცხოვრობდით და ამან გამოწვრთნა ჩვენი სულები. ასევე, ჩვენს ქრისტიანობასაც ემუქრებოდა საფრთხე. ორივეს ერთად ვიცავდით და კვლავაც დავიცავთ, რადგან ამისთვის გაგვაჩინა უფალმა აქ, ამ მიწა-წყალზე.

მარიამი (30 წლის): - წუთისოფელში მარადიულია ყველაფერი ის, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა და დავიწყებას არ ეძლევა. უფლის მცნებები და ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ქრისტიანული მოძღვრება რომ მარადიულია, ამას თქმა არ უნდა, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, მარადული ღირებულებები აქ უნდა დავნერგოთ. მარადიულია სიყვარული, უნდა გვიყვარდეს მოყვასი და ზოგადად ადამიანი. სიყვარული, რომელსაც სულით ვატარებთ, ჩვენთან ერთად არ კვდება, არ შეიძლება მას მიმდევარი არ გაუჩნდეს. წმინდანები, ღვთის ძალით, ავადმყოფებს კურნავდნენ, ის გაჯანსაღებული ადამიანები, რასაკვირველია, დროებით ცხოვრობდნენ და მერე იხოცებოდნენ, მაგრამ აქ წარმავლობა კი არ იყო მთავარი, არამედ ის, რომ ამ წარმავალ, მოკვდავ ადამიანსაც თავისი ფუნქცია აქვს ქვეყნად და სწორედ ეს ფუნქციაა წარუვალი. ამგვარად, ადამიანის დანიშნულება, მისი ვალი, ის, რისთვისაც უფალმა მოავლინა, მარადიულია. ეკლესიასტე ბრძანებს: "მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება". ეს იმიტომ კი არ გვითხრა, რომ არაფერი ვაკეთოთ, სიბრძნე და სიყვარული არ გამოვიჩინოთ, არამედ იმიტომ, რომ წუთისოფელს არ მივეჯაჭვოთ და ვიფიქროთ დაუსრულებელ მთავარზე - ღმერთზე, მაშინ ექნება მადლი ჩვენს ყოფიერებას. ვერ ვიტყვი, რომ ამას ყველა ახერხებს, მაგრამ ვინც ახერხებს, მისი ცხოვრება ხომ ლამპარივით გვინათებს გზას. განა ჩვენი წმინდანების ამქვეყნიური ღვაწლი მარადიული არ არის? განა მათმა სულის სიმხნევემ არ მოგვიყვანა აქამდე? ეკლესიასტე იმასაც ამბობს ჩვენდა სანუგეშოდ: "ვუწყი ისიც, რომ ყოველივე ღვთის მიერ შექმნილი იარსებებს უკუნისამდე". ადამიანი ხომ ღვთის ქმნილია და ისიც ხომ არსებობს უკუნითი უკუნისამდე.

ნათია (31 წლის): - როცა სიყვარული დაილევა და დედაშვილობის, წინაპართა ხსოვნის მადლი არ მოგვეფინება, სამყაროში სიცოცხლეც დასრულდება, რადგან ბოროტებაზე აგებული ქვეყნიერება ვერ იარსებებს. წარმავალია სიმდიდრე, ხორციელი სილამაზე, ალბათ სიძულვილიც, რადგან მას არსი არ აქვს, ანუ იგი იმ ადამიანთან ერთად სრულდება, რომლის გულშიც ჰქონდა ბინა მიჩენილი. სიბერე განსჯის უნარს გვიძლიერებს. დედაჩემის მონაყოლით ვიცი, როგორ იტანჯებოდა ბიძამისი, ერთ დროს განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე კაცი, საკუთარი უფლებების ავად გამოყენებისთვის. განსაკუთრებით თურმე იმ ბიჭს იხსენებდა, რომელმაც გაბედა, მის ქალიშვილს სიყვარული აუხსნა და რომელიც ამის გამო ციხეში გამოალპო. აქ დღესავით ნათელია, რომ წარმავალი დიდება უძლურებამ შეცვალა. მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს მაინც იმძლავრებს სიყვარული და მონანიების განცდა დაგვეუფლება.
ბეჭდვა
1კ1