წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ"
ჩემო ძვირფასო "კარიბჭის" რედაქციავ! თქვენი ჟურნალის მეშვეობით ნუგეშინისცემას ნამდვილად არ აკლებთ მართლმორწმუნეთ, ასევე დიდ სიკეთეს აკეთებთ, როცა მკითხველებს საშუალებას აძლევთ, მოგვითხრონ, თუ როგორ მივიდნენ ეკლესიაში, რამ გააძლიერათ რწმენაში. ამ ყველაფრის ერთმანეთისთვის გაზიარებით უფრო ვძლიერდებით ქრისტესკენ სავალ გზაზე. დიდი მადლობა ამისთვის.

მე ცოდვილსაც გამიჩნდა სურვილი, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ნუგეში ვცე ყველა სულიერ თუ სხვა განსაცდელში მყოფ ადამიანს, რადგან თავად უამრავი განსაცდელი მაქვს გადატანილი და ძალიან კარგად ვიცი, რა ფასი აქვს მწუხარეთა ნუგეშინისცემას.

დღეს, როცა განელებულია სიყვარული, განსაკუთრებით ფასეულია, როგორ მოვეპყრობით და როგორ ვანუგეშებთ ერთურთს. სამწუხაროდ, ირგვლივ აგრესია და შფოთი, განკითხვაა გამეფებული. თითქოს ერთმანეთს ჩავსაფრებივართ, რომ რაიმე ნაკლი შევამჩნიოთ და ენა მოვიქავოთ. საუბედუროდ, ეს ყველაფერი ქრისტეს მიმდევრებს და ეკლესიის წევრებსაც გვემართება და ხშირად მცირედი მიზეზით ან სულაც უმიზეზოდ ვტკენთ გულს ერთმანეთს, არადა თითოეულმა ჩვენგანმა პირადი გამოცდილებით ვიცით, როგორ გვსიამოვნებს, როცა ნაკლზე უხეშად კი არ მიგვითითებენ, კი არ განგვიკითხავენ, არამედ პირიქით - მოგვეფერებიან და ჩვენთვის სიყვარულით ილოცებენ. სახარებაში ხომ ნათქვამია: "მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ".

დიახ, ყველამ ვიცით, როგორი ურთიერთგაუტანლობაა დღეს, მაგრამ თითქმის არაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მოსიყვარულენი გავხდეთ ერთმანეთის მიმართ, უფლისგან კი ივერიის გაბრწყინებას და აყვავებას მოველით. ამაოდ, რადგან როცა ქართველები "მიწიერ სამოთხეში" ვცხოვრობდით წმინდა დავით აღმაშენებლისა და წმინდა თამარ მეფის დროს, მაშინ მეფეც და გლეხიც უპირატესად სულიერზე და ურთიერთსიყვარულზე ფიქრობდნენ. ასე რომ, მარტო სასულიერო ჟურნალ-გაზეთების კითხვა არაფერს გვარგებს, თუ უფრო მოსიყვარულენი არ გავხდებით. თუ ერთმანეთის ტკივილს და გასაჭირს არ გავიზიარებთ, უფალიც არ გაიზიარებს ჩვენსას და მწარედ ვინანებთ, როცა უფალი პირად თუ საშინელ სამსჯავროზე თავის მარცხნივ დაგვაყენებს.

ყველამ ვიცით წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "ღმერთი სიყვარული არს", მაგრამ ჩვენი უგულისხმობით ხშირად ერთმანეთის გაუტანლობის ცოდვაში ვვარდებით. ერთმანეთს შევყურებთ - აბა, ვინ რა სიკეთეს გააკეთებს, მაგრამ მაღალ იდეალებზე საუბრისას ჩვენს გვერდით მცხოვრები სულიერად თუ მატერიალურად დაჩაგრული ადამიანები (მეზობელი, ნათესავი...) არც კი გვახსენდებიან. განა რამდენი ზრუნავს ერთ დაჩაგრულ ადამიანზე მაინც (თუ მეტს ვერ მიხედავს)? უმეტესობა დამეთანხმება, რომ ასეთები ერთეულები არიან.

ქრისტიანებმა ვიცით, - და თუ არ ვიცით, უნდა ვიცოდეთ, - რომ ჩვენი სარწმუნოება არ არის წესების რელიგია. სწორედ წესების ზედმიწევნით აღსრულებამ მიიყვანა ფარისევლები სულიერ დაღუპვამდე, რადგან წესებს კი აღასრულებდნენ, მაგრამ სიყვარული არ ჰქონდათ მოყვასისა. ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და დავინახავთ, რომ ხშირად გვქონია მოყვასის სულიერი თუ მატერიალური ნუგეშინისცემის საშუალება, მაგრამ მზერა აგვირიდებია მისთვის, გავქცევივართ; არ მოგვინდომებია, თავი ოდნავ მაინც შეგვეწუხებინა... არადა თავს ვიწონებთ ქრისტიანობით, ვამაყობთ, რომ აღმსარებლები და მაზიარებლები ვართ და დაგვვიწყებია მთავარი - გულმოწყალება. ჭეშმარიტ სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთ მდგომარეობაში მყოფებმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ - ვცხონდებით კი?!

თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მსურს, მოვეფერო ყველა სულიერ თუ მატერიალურ გასაჭირში მყოფ ადამიანს. მათ კარგად იციან, მაგრამ მაინც შევახსენებ, რომ უფალს ვინც უყვარს, ბოროტი სული - ეშმაკი ყველაზე მეტად სწორედ მას ებრძვის, რადგან უნდა, სხვადასხვა საშუალებით, სულიერი თუ მატერიალური შეჭირვებით სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს, საბოლოოდ კი დაღუპოს. ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანობა მებრძოლი რელიგიაა, ქრისტეს ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა და ჩვენც რწმენასა თუ ცხოვრებაში ბრძოლა მოგვეთხოვება. არ უნდა დავკარგოთ უფლის იმედი და ამით გავახაროთ ეშმაკი, რადგან ჩვენი გამოცდა სწორედ ღვთის დაშვებით ხდება. ჯილდოც ხომ უდიდესია - ცხონება და უფალთან მარადიული ნეტარება.
პატივისცემით თამარ ზამბახიძე
ბეჭდვა
1კ1