სულიერი უდაბნო ხალხით სავსე ადგილასაც შეიძლება შეიგრძნო
სულიერი უდაბნო ხალხით სავსე ადგილასაც შეიძლება შეიგრძნო
უდაბნო უშენ, დაუსახლებელ ადგილს ეწოდება. ჩვენი სულიერი მამები სწორედ ასეთ უკაცრიელ ადგილებს მიაშურებდნენ, რათა მდუმარებაში, ბოროტ ძალებთან ჭიდილში შეეცნოთ უფალი. ამიტომაც მოიაზრებოდა უდაბნო ორგვარად - განწმენდისა და წარწყმედის ადგილად. თუ მოძალებულ ეშმაკს დათრგუნავდნენ, ღვთიური ნათლით გაბრწყინდებოდნენ, თუ არადა... არცთუ იშვიათად ჩვენს სულშიც ჩნდება სიცარიელე, ღვთიურ მადლს მოკლებული სული უდაბნოდ იქცევა.

ნინო (30 წლის): წმინდა მამათა ცხოვრების კითხვისას ერთმა რამემ გამაოცა: უდაბნო თურმე ეშმაკის სათარეშო ადგილი ყოფილა. წმინდა მამები ბოროტის დათრგუნვას ცდილობდნენ და ამიტომაც მიაშურებდნენ დაუსახლებელ ადგილებს. მერე, მათი ღვაწლით, ეს ადგილები მადლის ველად გადაიქცეოდა და ეშმაკიც ატირებული გარბოდა. მათი ცხოვრების გაცნობისას გაოცებს არაადამიანური ძალმოსილება, მაგრამ თუ გული უფლის სიყვარულით გაუნათდება, ყველაფერს შეძლებს კაცი.

როცა ურწმუნო ვიყავი, მაოცებდა მორწმუნეთა ნათქვამი - უფალი არ მიმატოვებსო. ამას, ცხადია, განსაცდელის ჟამს ამბობენ. მართლაც, რა ბედნიერია ადამიანი, რომელსაც ასეთი სასოება აქვს.

როცა კაცი ურწმუნოა, მისი სული ვერაფერს გრძნობს, მისთვის მატერიალური სიკეთეა მთავარი და თუკი ის მოაკლდება, ღმერთსაც კი გმობს.

ჩემი ცხოვრება მახსენდება... უნივერსიტეტი დავამთავრე და სამსახური ვერ ვიშოვე. ოჯახში ყველანი უმუშევრები ვიყავით და რით ვსულდგმულობდით, დღესაც ვერ გამიგია. ერთი მდიდარი მეზობელი გვყავდა, - არც კი ვიცოდი, როგორ გამდიდრდა. ჰოდა, შემომთავაზა, სამსახურს გიშოვი, ხელფასიც კარგი გექნება და კვებაცო. ყველას გაგვიხარდა და ღმერთს მადლობა შევწირეთ. დედაჩემი კი მოულოდნელად დაღონდა, ეტყობა, დედურმა წინათგრძნობამ მიახვედრა, მთლად ისე არ იყო საქმე, ჩვენ რომ გვეგონა. მიქაელ მთავარანგელოზის ხატს შეევედრა - სიღარიბე და შიმშილი მირჩევნია არამ ლუკმას. თუ ჩემმა შვილმა სხვის ცოდვაში უნდა ჩადგას ფეხი, გემუდარები, ხელი შეუშალეო. გავბრაზდი და ვუთხარი: რა ცოდვაზე ლაპარაკობ, როგორც იქნა, მუშაობას ვიწყებ, შენ კიდევ მთარსავ-მეთქი.

მეორე დღეს იმ ჩემს მეზობელს "სამსახურში" წავყევი. კაზინო ჰქონია და იქ მიმიყვანა. არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი, ვიფიქრე, ჩემს საქმეს გავაკეთებ, ვინ რას დამაძალებს-მეთქი. ახალგაზრდა ქალი მომიახლოვდა. მიხსნიდა, რა უნდა მეკეთებინა, მაგრამ თავში არაფერი შემდიოდა. ყელში რაღაცამ მომიჭირა, მეგონა, სადაცაა გული წამივა-მეთქი... ბოდიში მოვიხადე და გარეთ გამოვვარდი...

დედაჩემის ლოცვამ მიშველა. ვინც უფლის ხმას ყურს დაუგდებს, აუცილებლად დააღწევს თავს სულიერ სიცარიელეს.

მარიამი (30 წლის): უდაბნო რომ შეიგრძნო, სულაც არ არის აუცილებელი, განმარტოვდე. არ იფიქროთ, თითქოს ამაოებას მოწყვეტილ ბერებს განვსჯიდე, - ისინი ჭეშმარიტად გამორჩეულნი არიან, - მე ჩვეულებრივ, ჩემნაირ ადამიანებზე მოგახსენებთ. სულიერი უდაბნო ხალხით სავსე და ზოგჯერ ბრწყინვალე, თვალის მოსატყუებელ ადგილასაც შეიძლება შეიგრძნო.

ვისაც უცხოეთში არ უცხოვრია, ალბათ ვერც მიხვდება, როგორ გენატრება ყველაფერი მშობლიური, როგორ ცარიელდება სული და როგორ ისადგურებს ამაოების განცდა. დაწკრიალებული ქუჩები, ლამპიონებით გაჩირაღდნებული ქალაქები, სურსათ-სანოვაგით გამოტენილი უზარმაზარი სუპერმარკეტები ვერაფრით შეცვლის მშობლიური ქარის ჩურჩულს და იმ გაზაფხულის მოსვლას, რომელიც, გგონია, მხოლოდ შენს სამშობლოში იცის.

ოთხი წელია სამშობლოში არ ვყოფილვარ. ისე, 10 წელია უკვე, უცხოეთში ვცხოვრობ და ვიცი, რას ნიშნავს, როცა ამდენი ხალხი გახვევია და მაინც მარტო ხარ. ღმერთს არასოდეს დავშორებივარ, ვლოცულობ, მარხვასაც ვინახავ და წირვასაც ვესწრები რუსულ ეკლესიაში, მაგრამ ჩვენებური წირვა-ლოცვა სულ სხვაა...

...მარიამობას სიონში ჩავედი. უამრავი ხალხი იყო და ტაძარში ვერ შევედით. გამობრძანდა პატრიარქი. რიგში ჩავდექი, რომ მისთვის თვალი შემევლო, რათა უცხოეთში ეს მოგონება მალამოდ სცხებოდა ჩემს გულსა და სულს. სასწაულის მჯერა და ვიცი, პატრიარქმა შეიცნო ჩემი გულისთქმა. როცა ჩვენს მწკრივს მოუახლოვდა, გაჩერდა, დაკვირვებით შემომხედა და ნაკურთხი წყალი ჯერ მე შემომასხურა, მერე კი დანარჩენებს. თითქოს ფრთები გამომესხა და კიდევ ერთხელ შევწირე უფალს მადლობა ქართველობისთვის.

მალხაზი (55 წლის): უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო, - ნათქვამია. ასე მგონია, ეკლესია ჩვენი სულია. თუკი გამოაცარიელებ მას, სიყვარულისგან გაათავისუფლებ, ბოროტისკენ მიიქცევი.

ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა: პირველი ის დრო გახლავთ, როცა ყველაფერი მქონდა - მატერიალურს ვგულისხმობ - და ამპარტავნებაც მძალავდა. თავი მეზიზღება, როცა მახსენდება გადაბმული ქეიფები, ფულით გაზულუქებული ადამიანები და სიმთვრალის თანამდევი ავხორცობა. მერე კი მეორე ეტაპი დაიწყო: ამ ბორკილისგან გავთავისუფლდი და მივხვდი, რა ყოფილა უბრალოება. ახლა "ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები" და იმ ცოტას "ბეჩავთაც გავუზიარებ". ამით თავი კი არ მომწონს, უფალს ვემადლიერები, რომ ხელი არ ამაღო. მაშინ არ ვიცოდი, რომ ცხოვრებაც და სიმდიდრეც ამაოებაა, ახლა ვიცი ეს და მიხარია.

უდაბნოში ყოფნა გამოვცადე, გამოვცადე, როგორ აღარ მახარებდა არაფერი, ჩემი თვალით დავინახე მოახლოებული სიკვდილი, რომელიც არა მარტო ჩემს ხორცს, არამედ სულსაც ემუქრებოდა.
ბეჭდვა
1კ1