წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
გმადლობთ, რომ მაძლევთ სინანულის საშუალებას
მინდა ისე ვიქცეოდე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეჰფერის, მაგრამ ეს სურვილი მხოლოდ მაშინ მიჩნდება, როცა საეკლესიო წიგნებს და "კარიბჭეს" ვკითხულობ. შემდეგ სურვილებიც და ოცნებებიც სადღაც ქრება. ძალიან მინდა ეკლესიაში სიარული, მოძღვრის ყოლა და აღსარების თქმა, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებ. როცა ვკითხულობ, ხალხი როგორ მივიდა ეკლესიაში და რა ბედნიერები არიან, მათთან ერთად მიხარია, ვიცი, რომ ნამდვილ სიხარულს და ბედნიერებას იქ ვიპოვი, ვიცი, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, სწორედ ეკლესიაშია და არ ვიცი, რატომ არ მივდივარ ტაძარში.

გმადლობთ, რომ ცოტა ხნით მაინც მაძლევთ სინანულის საშუალებას. ვხვდები, თუ რა ცოდვილი ვარ და ღმერთს პატიებას ვთხოვ.

ძალიან მინდა მუშაობა საპატრიარქოს ბავშვთა სახლში, იმ ბავშვებთან, ვინც ბევრად განსხვავდება თითოეული ჩვენგანისგან, ვისი გულებიც მხოლოდ სიკეთით და სიყვარულითაა სავსე, ვისაც უსაზღვრო მადლიერების გრძნობა გააჩნია. დამეხმარეთ, რომ დავუკავშირდე მათ, ვისაც ეს საქმე ევალება და თუ მათი სურვილია და ეს შესაძლებელია, ვიმუშავო მათთან. მგონია, იქ თავს კარგად ვიგრძნობ. მგონია, ის ბავშვები სითბოს, სიკეთეს და სიყვარულს მასწავლიან. მასწავლიან ბრძოლას და მომცემენ საშუალებას, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო.
ანა კვარაცხელია

დავაშავე, რომ მოძღვარს არ მივმართე
მთელი გულით დავდიოდი ეკლესიაში. მერე ჩემი ბედ-იღბალი უცნაურად დატრიალდა. ძალიან გამიჭირდა ცხოვრება, მეუღლე უმუშევარი იყო. ჩემიანები გვერდში არ დამიდგნენ. მეუბნებოდნენ, მარტო ბავშვების გაჩენა საქმე არ არისო. მუდამ კამათი ისმოდა ჩვენი ბინიდან. ყველა ჩემი დასაწყნარებელი იყო... დავაშავე, რომ მოძღვარს არ მივმართე, ამ პრობლემების გამო სამი წელი გაწყვეტილი მქონდა კავშირი დედაეკლესიასთან. თითქოს გულიც ამიცრუვდა ყველაფერზე. ხანდახან მშივრებსაც გვეძინა. გაბრაზებულმა ფულიც ძალით წავართვი ჩემიანებს, დაუკითხავადაც ვიღებდი საკვებს და ტანსაცმელს მაღაზიიდანაც კი. ახლა ვიცი, რომ ამის თავიდათავი ის არის, რომ დედაეკლესიას ჩამოვშორდი, მოძღვართან გავუცხოვდი და ეშმაკის ბრჭყალებში აღმოვჩნდი. ყველას ვურჩევ, გაჭირვების ან რაიმე სერიოზული პრობლემების თუ კონფლიქტების მშვიდობიანად გადასაწყვეტად დროულად მიმართოს დედაეკლესიას, რომ შემდგომ არ გაუჭირდეთ მოძღვრისთვის თვალებში ჩახედვა.

ღმერთმა ყველას შეგვინდოს!
მკითხველი

"უფალი ყოველთვის ჩვენთაა, ჩვენ კი ყველთვის ვერ ვხედავთ"
აღდგომის ღამეს ლიტანიობაზე ვიყავი და ვეზიარე. კვირა საღამოს სტუმრებს ველოდი - შინაც მინდოდა დღესასწაულის აღნიშვნა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეუღლეს არ დაულევია. გრილოდა. დენის გათბობის რადიატორი ლოჯიაში ჩართული მქონდა. ჩემი მეუღლე რადიატორთან იჯდა, მე სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი. სავარძლის გაწევის ხმა რომ გავიგონე, გავიხედე. დავინახე, რომ ადგა. არ ვიცი, რადიატორის სადგამს წამოჰკრა ფეხი თუ თავბრუ დაეხვა, რადიატორს გადასცდა ერთი ნაბიჯით, მაგრამ წელში ვერ გასწორდა და ის იყო, რადიატორზე უნდა დავარდნილიყო, რომ წამში გავვარდი ლოჯიაში და არ ვიცი, როგორ, მაგრამ მისი დაჭერა მოვასწარი. იქვე, ჟურნალების მაგიდაზე ჩამოვსვი. ორივენი ვცახცახებდით. დიდხანს იჯდა, ადგომისა ეშინოდა - ეგონა, ვერ გაივლიდა. 10-15 წუთის შემდეგ ავაყენე, ორი-სამი ნაბიჯი გავატარე. და თითქოს ფეხები დაუდამბლავდა. ძლივს მივიყვანე საწოლთან. გულის საშუალებები დავალევინე. ვუმკურნალე და მომჯობინდა. ფაქტობრივად, გადავრჩი. მადლობა შევწირე უფალს და ფიქრად ვიქეცი - როგორ მოვასწარი მისი დაჭერა-მეთქი. ეს არ იყო ჩვეულებრივი რამ, უთუოდ უფალმა დაიჭირა ჩემი მეუღლე ჩემი ხელებით და აგვარიდა განსაცდელი.

ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ხშირად ამბობს, სასწაულები ჩვენს ირგვლივ ბევრი ხდება, ჩვენ უნდა შევძლოთ მისი დანახვაო. მადლობა უფალს, ამჯერად ნამდვილად დავინახე.

სამშაბათს, დაახლოებით 12-13 საათზე, მომივიდა აზრად, სასწრაფოდ მეკურთხებინა სახლი. წელიწადში ერთხელ ყოველთვის ასე ვიქცევი. მეუღლეს მარტო ვერ დავტოვებდი, ამიტომ ეს საკითხი ტელეფონით უნდა მომეგვარებინა.

ივერიის ღვთისმშობლის ხსენების დღე იყო, ღვთისმშობელს შემწეობა ვთხოვე. დავურეკე მამა დავით შენგელიას, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მდებარე წმინდა მკურნალი პანტელეიმონის ტაძრის მოძღვარს. საშინელი ამინდი იყო, ქარ-წვიმა. ზუსტად 5 საათზე მოვიდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა დავითს მანქანა არ ჰყოლია და ამ ამინდში სამარშრუტო ტაქსით და მერე ფეხით იარა. არაჩვეულებრივად მადლიანად აკურთხა ბინა, დამლოცა და მითხრა, ყოველ ხუთშაბათს 4 საათზე იწყება და 6 საათზე მთავრდება წმინდა პანტელეიმონის პარაკლისიო. მართლაც, არაჩვეულებრივად ამაღლებული პარაკლისები ტარდება, გაკვირვებული ვარ ამ ადამიანის გულისხმიერებით, თავმდაბლობით, უბრალოებით, მორჩილებით, ყველას მიმართ მზრუნველობით. რა უბრალოა, რა სათნო და ალალი, მხოლოდ სიყვარულით სავსე. საუბრობს დაბალი ხმით, მისი საუბარი გალობასავითაა. ბედნიერებაა ასეთი მოძღვარი, ასეთი კარგი მრევლი, ბედნიერია საქართველოს ეკლესია, რომ მამა დავითისნაირი უანგარო მღვდლები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, უფალს ძალიან უყვარს თავმდაბლობის გამო. ღმერთმა დაგლოცოთ, მამა დავით, ჯანმრთელობას გისურვებთ.
თინათინი
ბეჭდვა
1კ1