ვერ გამიგია, რას ნიშნავს თავისუფლება, იმას, რომ შიშველმა იარო, ცხვირსა და წარბზე პირსინგი გაიკეთო და დღედაღამ კომპიუტერზე ითამაშო?
ვერ გამიგია, რას ნიშნავს თავისუფლება, იმას, რომ შიშველმა იარო, ცხვირსა და წარბზე პირსინგი გაიკეთო და დღედაღამ კომპიუტერზე ითამაშო?
თავისუფლება დიდი მადლია. აკი თქვა პოეტმა: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარიო" და ამით ჩვენი ერის სულიერი მისწრაფება გამოხატა, რადგან ოდითგანვე თავისუფლებას მიელტვოდა ქართველი.

ლია (37 წლის): - ადამიანის თავისუფლების ხელყოფა ხომ უდიდესი ცოდვაა და უფრო მეტია ერისთვის თავისუფლების წართმევა. ჩვენი ქვეყანა მტრისთვის ყოველთვის ტკბილი ლუკმა იყო. ზოგჯერ ვკარგავდით კიდეც თავისუფლებას, მაგრამ ამას არასოდეს შევგუებივართ. მის დასაბრუნებლად იღვრებოდა მართალთა სისხლი, ქართველები "ჩალასავით წვავდნენ სიცოცხლეს" და შვილებს თავისუფალ ქვეყანას უტოვებდნენ.

ადამიანს აქვს ერთი კანონი, რომელსაც უნდა დაემორჩილოს, ეს ღვთის მცნებები და ქრისტიანული დოგმატებია, რომელთა დარღვევა უფლის გმობაა. დღეს ხშირად გაიგონებთ: "მე თავისუფალი ადამიანი ვარ და რაც მინდა, იმას გავაკეთებ". ეს აზრი მცდარია, რადგან "რაც გინდა", იმის გაკეთებით სხვებს ზღუდავ, სხვებს ართმევ თავისუფლებას და ღალატობ უფალს! უფლისმიერი კანონების დაცვა მოგვანიჭებს სწორედ თავისუფლებას. რა სჯობს იმას, როცა არ იქურდებ, არ იმრუშებ, დედ-მამას პატივს სცემ, არავის შეურაცხყოფ, განა ის არ არის თავისუფლება, როცა სინდისი არ დაგტანჯავს? უფალი ხომ ჩვენში სინდისს აღვიძებს და სწორედ მას მოგვიჩენს ერთგულ დარაჯად, რათა ჩავწვდეთ საკუთარი საქციელის ავ-კარგს. თავისუფლების ცნებას დღეს სხვა ელფერი დაჰკრავს, ზოგი სიშიშვლით გამოხატავს, ზოგი - მრუშობით, ზოგიც - ნარკოტიკებთან შეთამაშებით და ვერ ხვდებიან, რომ ასეთი თავისუფლება დამღუპველია. თავისუფალი სული სხვა რამეა - არავის უნდა მისცე ნება, რომ შენი ქვეყანა, შენი რელიგია შეურაცხყოს. აი ამაში ხარ თავისუფალი. მტერს საკადრისი პასუხი უნდა გასცე, თორემ სხვაგვარად მორჩილება გმართებს. მორჩილება ღვთის სიყვარულია და, რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, სწორედ რომ თავისუფლება.

ირაკლი (65 წლის): - თავისუფლება ახალგაზრდობაში სხვაგვარად მესმოდა და ამან ბევრი რამ დამაკარგვინა. ერთი ავარდნილი, თავქარიანი ბიჭი ვიყავი, სიცოცხლის არსი ქეიფი და დროსტარება მეგონა და ჩემი აზრით, თავისუფლებაც ეს იყო. მშობლებს არ ვუჯერებდი და კისერსაც ხშირად ვიმტვრევდი, მაგრამ გონს ვერ მოვდიოდი. მშობლებმა ჩემი მოთვინიერება დაქორწინებით მოინდომეს და სასწრაფოდ შემრთეს ცოლად ერთი უბრალო, უპრეტენზიო გოგონა. მეც მეტი რა მინდოდა და მისი დამონება მოვინდომე - შუაღამეზე მივაყენებდი 10 კაცს და ბავშვის მოვლით გასავათებულს ვუბრძანებდი, ადექი და მოემსახურე-მეთქი. მერე ვაიძულებდი, ჩვენთან ერთად მჯდარიყო გათენებამდე. კარგა ხანს ითმინა, მერე მოჰკიდა ბავშვს ხელი და მშობლებთან წავიდა სოფელში. ამ ამბავს ჩემი დედ-მამა კინაღამ გადაჰყვა. მე დიდად არ მინაღვლია... მალე ციხეში მოვხვდი და მაშინ მივხვდი, რა იყო თავისუფლების დაკარგვა. რაც მთავარია, იმ ჩემი მეგობრებიდან, რომელთაც შევწირე საუკეთესო წლები, ერთიც არ მოსულა ჩემს სანახავად. ჩემი ცოლი ოჯახში დაბრუნდა, კერვა დაიწყო და იმ ფულით მპატრონობდა.

მარინე (50 წლის): - 80-იანი წლების ბოლოს პატარა ფირმა შევქმენი. თავიდან 5 თანამშრომელი მყავდა და ერთმანეთს დიდ პატივს ვცემდით. მალე ფირმა გავაფართოვე, უკეთესი ოფისიც ვიქირავე და თანამშრომლებიც დავამატე. ეტყობა, წარმატებამ თავბრუ დამახვია და ამპარტავნობა შემეპარა. არ ვიცი, რა მომდიოდა, თანამშრომლებს არაფერს ვპატიობდი, ვსჯიდი, ვლანძღავდი. ზოგი ჩუმად გამეცლებოდა, რადგან სამსახურის დაკარგვა იმ წლებში საშინელება იყო, მაგრამ ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც მამხილეს. ერთმა ისიც კი მითხრა, - შენი გროშებისთვის ვერ დაგემონებიო. ვერ გამიძლეს და ჩემი ფირმიდან ისეთი თანამშრომლები წავიდნენ, ვის მხრებზეც გადაიარა ყველაფერმა. ნელ-ნელა დახურვის პირას მივიდა ჩემი ფირმა... მერე მუშაობა სხვაგან დავიწყე და ზუსტად ისეთი უფროსი შემხვდა, როგორიც მე ვიყავი, დღედაღამ ვმუშაობდი, მაგრამ ვერაფერი დავანახვე და წამოვედი. ახლა ვიცი, რომ არასდროს უნდა ეცადო სხვის დამონებას.

თამარი (35 წლის): - ვერ ვიტყვი, რომ იდეალური შვილი ვიყავი, მაგრამ საზოგადოების აზრს პარტივს ვცემდი. არასოდეს ვყოფილვარ მშობლების ურჩი, რადგან ვიცოდი, ამით რეპუტაცია შემელახებოდა. მე და ჩემი მეუღლე ძალიან მკაცრი მშობლები არ ვართ, მაგრამ რასაც ვუკრძალავთ, ჩვენი 15 წლის გოგონა და 13 წლის ვაჟი სწორედ იმას აკეთებენ, თან პრეტენზიებს აცხადებენ, - ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და რატომ გვზღუდავთო. ეს საოცარი, მრავალი აზრის დამტევი სიტყვა ლამის შემძულდეს. ვერ გამიგია, რას ნიშნავს თავისუფლება, იმას, რომ შიშველმა იარო, ცხვირსა და წარბზე პირსინგი გაიკეთო და დღედაღამ კომპიუტერზე ითამაშო? იქნებ მე ვცდები და შვილების ცხოვრებაში ზედმეტად ვერევი, მაგრამ რა ვქნა, როცა თავისუფლება სხვაგვარად მესმის?
ბეჭდვა
1კ1