თითქოს ამ განსაცდელმა გამომაფხიზლა და წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი
თითქოს ამ განსაცდელმა გამომაფხიზლა და წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი
ვინც სულიერად არ არის მტკიცე, განსაცდელი აშინებს, სულიერად ძლიერნი კი ნებისმიერ ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას სიხარულით ხვდებიან და უფლის წყალობად მიიჩნევენ.
დიმიტრი (60 წლის): განსაცდელს ვერავინ აირიდებს. ზოგჯერ კი ისეთი რამ შეგემთხვევა, ფიქრადაც რომ არ გაგივლია, მეტიც, შესაძლოა, მავანისთვის დაგიცინია კიდეც - ასეთ დღეში თავი როგორ ჩაიგდოო. განსაცდელის წინაშე დრო, ეპოქაც დაგაყენებს ხოლმე.

ჩემს ამბავს მოგიყვებით: თავი ჭკვიანი მეგონა. ალბათ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც საკუთარ თავს შეუმცდარად მიიჩნევს. ყველას გვახსოვს 10-15 წლის წინანდელი ამბები - მთელი თბილისი ვალში რომ იყო ჩაფლული. ჰოდა, ვერც მე დავაღწიე თავი ცდუნებას, გავყიდე ყველაფერი და ერთ საეჭვო ბიზნესში ჩავდე მთელი ფული, ოჯახი რომ მერჩინა. საეჭვო რომ იყო, ახლა ვიცი, თორემ მაშინ ჩემზე ბედნიერი და იღბლიანი კაცი არ მეგულებოდა. მალე ყველაფერი უკუღმა დატრიალდა და ჩემი ფულიანად გაქრნენ ის "ბიზნესმენები", ოქროს კოშკებს რომ მპირდებოდნენ. ასე დავრჩით ცარიელ-ტარიელნი - უბინაოდ. ღვთისთვის საყვედური არ შემიკადრებია, პირიქით, თითქოს ამ განსაცდელმა გამომაფხიზლა და წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი. ღმერთმა ძალა მომცა და ფარ-ხმალი არ დამიყრია. მალე საქმეც გამომიჩნდა და ნელ-ნელა ავაწყვე ცხოვრება. შვილებმაც გამიმართლეს - ახლა ორივე წარმატებული ბიზნესმენია და რაც მთავარია, საქმეს ჭკვიანურად უდგებიან. ჩემი მარცხი მათთვის გაკვეთილი გამოდგა.

თინა (62 წლის): განსაცდელი გვაშინებს და გვაფრთხობს, არადა მას მომზადებული უნდა შეხვდე.

ჩემთვის განსაცდელი უშვილობა იყო. საუცხოო ქმარი მყავდა, ოდნავადაც არ მაგრძნობინებდა, რომ ამის გამო გულნატკენი იყო. ოჯახიც შეძლებული გვქონდა და ერთმანეთიც გვიყვარდა. ქალი ვარ და, ბუნებრივია, დედობა მინდოდა. ერთხელ გავბედე და ქმარს ვუთხარი, - მოდი, ბავშვი ავიყვანოთ, ობლის გაზრდა მადლია და იქნებ სიბერეში სამადლოდ სხვისი მოსავლელები არ გავხდეთ-მეთქი. შევატყვე, გაუხარდა და ბავშვის ძებნაც დავიწყეთ.

ერთხელ მულმა დამირეკა, - ჩემს მეზობლად დედა-შვილი ცხოვრობს. გოგონა ორსულადაა, მაგრამ ბავშვის მოშორება უნდა, რადგან მისი მამა არ თხოულობსო. გულამოვარდნილი მივედი მათთან. გოგონა ცრემლად იღვრებოდა, ეტყობოდა, უძნელდებოდა ამხელა ცოდვის ჩადენა. ბევრი ველაპარაკე და დავითანხმე, რომ ბავშვს გააჩენდა და მომაშვილებდა. შვილივით ვუვლიდი, მერე ჩემთან წამოვიყვანე და ცივ ნიავს არ ვაკარებდი. ისე ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ხილის საყიდელი ფულიც არ ჰქონდათ და დედამისსაც ვეხმარებოდი. იმ გოგონას საცოდაობამ ისე შემძრა, ბავშვზე კი არა, დედაზე უფრო ვფიქრობდი. მე და ჩემს მეუღლეს უკვე იგი მიგვაჩნდა შვილად.

ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ დედამისი ჩვენგან უნდა წასულიყო. ამას რომ გავიფიქრებდი, გული ტკივილით მეკუმშებოდა. ვატყობდი, ჩემს მეუღლესაც უჭირდა ამის წარმოდგენა. ჰოდა, გავბედე და ვუთხარი, - შენ იყავი ჩვენი შვილი, ჩვენთან დარჩი შენი ბავშვიანად-მეთქი. სიხარულისგან ატირდა და მომეხვია...

საოცარი დედა გამოდგა, ჩვენც სულ თვალებში შემოგვყურებდა. ვასწავლეთ, უმაღლესი დავამთავრებინეთ და გავათხოვეთ კიდეც. თეკლამ იცის, რომ დედამისი ჩვენი შვილია, ჩვენ კი მისი ბებია-ბაბუა ვართ. ამბობენ, ღმერთი სიკეთის მარცვალსაც კი არ დაგიკარგავსო და ეს მართლაც ასეა.

ნინელი (53 წლის): ბევრი განსაცდელი შემხვდა და ამან თითქოს გამომაწრთო, რწმენა გამიძლიერა. ხატებს ვესაუბრებოდი და ისინიც ნუგეშს მაძლევდნენ. მორწმუნეს ალბათ არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ყველა განსაცდელი სიხარულად მექცეოდა ხოლმე, რაღაც შეიცვლებოდა, რაღაც გამოსწორდებოდა და ყველაფერი უკვალოდ ჩაივლიდა.

ჩემს ქმარს გაუმართლა და ფული იშოვა. ბინაც ვიყიდეთ, აგარაკიც, შვილებს რეპეტიტორები დავუქირავეთ... საზრუნავი არ გვაკლდა და თითქოს მიმავიწყდა კიდეც ჩემი კეთილისმყოფელი უფალი, წირვა-ლოცვაზე სიარულისთვის ვეღარ ვიცლიდი, ის კი არა, ტაძარში სანთლის დასანთებად რომ შევირბენდი, იქიდან სწრაფად გამოვრბოდი - "საქმეზე" მაგვიანდებოდა. ეტყობა სულიერმა სისუსტემ ფიზიკურადაც დამაძაბუნა და ავად გავხდი. დამასიეს ექიმები, მაგრამ არ იქნა ჩემი მორჩენა...

ერთხელ სასოწარკვეთილი ვიწექი და მივიწყებული არტოსის პური გამახსენდა. ძლივს წამოვდექი და ხატებთან მივედი. სანთელი ავანთე და ვილოცე, მერე არტოსი და ნაკურთხი წყალი ვიხმიე და დავწექი. იმავე საღამოს მეუღლემ ექიმი მომიყვანა, რომელმაც დიაგნოზი დამისვა და მკურნალობა დამიწყო. მალე ფეხზეც დავდექი.
ბეჭდვა
1კ1