მაინც რა არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი
მაინც რა არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი
შორს წაგვიყვანს წუთისოფლის ამაოებაზე ფიქრი და მით უფრო მსჯელობა, თუმცა ყოველი ადამიანი გრძნობს ჟამადმყოფობის არარაობას. კაცი, რაც უნდა ბედნიერი იყოს ამ სოფლად, უთუოდ დაფიქრდება: "მაინც რა არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი?!" სწორედ ამ ფიქრმა მიიტაცა ალბათ ადამიანები, როცა ამ თემაზე უამრავი ლექსი, არაკი შექმნეს. არადა წუთისოფლის სიტკბოებას დაწაფებულებს ხშირად ამ სიტყვის არსში წვდომაც არ შეგვიძლია.

სანდრო (68 წლის): - ახალგაზრდობაში მეტად მხიარული გახლდით და საქმეც კარგად მიმდიოდა. ღვთისმოსავი არ ვყოფილვარ და არ მესმოდა, რა მუხთალია სოფელი. ისე, წუთისოფლის უარყოფაც არ შეიძლება, რადგან უფალი სწორედ დედამიწაზე განსხეულდა, მაგრამ უნდა იცხოვრო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მოყვასი უნდა შეიყვარო და მას შეეფარო ჭირში. სოფელმა მალე მეც გამომკრა კლანჭი - ჯერ ცოლი გამომეცალა ხელიდან, მერე - შვილი და ხელი ჩავიქნიე ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ, ურწმუნო კაცი ადვილად მიეცემა სასოწარკვეთას და მეც სმა დავიწყე. მორწმუნე ამ დროს სხვანაირად იქცევა - ღმერთს მიაშურებს და რწმენით აღივსება, რადგან განსაცდელს უფლის წყალობად მიიჩნევს. მეც მიმიყვანა უფალმა თავის ტაძარში. ნელ-ნელა გამიტაცა წირვა-ლოცვამ, თითქოს შვებაც ვიგრძენი. ერთხელ სახარების სიტყვებმა - მე მომიძულა სოფელმან და მოგიძულებთ თქვენც - თვალი ამიხილა, დიდხანს ვფიქრობდი ადამიანთა უმადურობასა და წუთისოფლის სიავეზე და მივხვდი - ყოველი განსაცდელი კაცის გამოსაფხიზლებლადაა გაჩენილი. ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის იოლი იყო ყოველივეს დავიწყება, მაგრამ განსაცდელს რწმენით ვუძლებდი.

დიმიტრი (49 წლის): - წუთისოფელს არ ვემდური - მდიდარი არ ვარ, მაგრამ არც ღარიბი მეთქმის, შვილები მყავს და შვილიშვილები, პატარ-პატარა პრობლემებმა კი არ უნდა შეგაშინოს კაცი. ერთი რამ კია, ეკლესიასტესი არ იყოს, ყოველივე სრულდება ამ წუთისოფელში, ერთხელაც მეც გავიხურავ კარს. მთავარი ისაა, რომ წუთისოფლით არ უნდა დატკბე კაცი, არ უნდა იფიქრო, რომ ვერაფერი მოგერევა, უფრო პირიქითაა, მიქრის დრო და ცვდება შენი სხეული, უძლურდები და ეს უკვე ამაოებაა. მე არ ვთვლი, რომ ჩემი ამქვეყნად მოსვლით უფალმა შეცდომა დაუშვა - უფალი არ ცდება, ეს ჩვენ ვართ ქვეგამხედვარნი. ვიცხოვრე უბრალოდ და ღვთის სიყვარულით, მაგრამ მაინც გულს მაკლია, რადგან იმდენ სათნოებას ვერ ვიჩენ, რამდენიც უფალს სჭირდება, უფრო სწორად, ადამიანს სჭირდება, პირნათელი რომ წარდგეს შემოქმედისა და მამის წინაშე. ამაოების შეგრძნება რომ კაცს არ აქვს, ის ხიბლშია ჩავარდნილი და საშიში ხდება.

მაყვალა (60 წლის): - ახალგაზრდობაში მომხვეჭელობამ გამიტაცა, დღედაღამ ვმუშაობდი და შვილებისთვის თითქმის არ მეცალა, მოხუც დედამთილთან ვტოვებდი. საღამოს, როცა დაღლილი შინ დავბრუნდებოდი, ამბავსაც ვერ ვეკითხებოდი, ისე ვწვებოდი. რამდენჯერმე შემომწუწუნა დედამთილმა - ბექა არ მიჯერებს, ცუდ ბიჭებს არის აყოლილი, არ მეცადინეობს, იგინება და ილანძღებაო, მაგრამ არც მე და არც ჩემს მეუღლეს ამის გაგონება არ გვსურდა. საკმაო ქონებას მოვუყარეთ თავი - ბინა გავარემონტეთ და ანტიკვარებით გამოვჭედეთ, აგარაკიც შევიძინეთ და თავი უბედნიერესი ადამიანები გვეგონა. ჩემი ქმარი ხშირად ტრაბახობდა - ყველაფერი ჩვენი შექმნილიაო, მეც კვერს ვუკრავდი. ამასობაში ბექა ციხეში მოხვდა. მაშინ გავიგე, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ყოფილა. ნელ-ნელა დავიწყეთ ქონების გაყიდვა, ბოლოს ცარიელი კედლებიღა შეგვრჩა... ასე გავიმეტეთ საკუთარი თავიც და შვილიც ტანჯვისთვის. უფალმა მოხედა ჩვენს ოჯახს, ჩვენი სიბრიყვის წილ სიყვარული მოგვაგო და ბექაც ნელ-ნელა მოეგო გონს - ეკლესიას მიაშურა. ახლა პატიოსნად შრომობს და არჩენს ოჯახს. წუთისოფლის ამაოებაზე ფიქრით ადამიანი მარადიულ სასუფეველს მოიპოვებს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

ნელი (56 წლის): - წუთისოფელმა ისე გამკრა კბილი, რომ იძულებული გავხდი, ამერიკაში გადავხვეწილიყავი. ამქვეყნიური ცხოვრების უაზრობას იქ ისე იგრძნობ, თავი შეგძულდება. ყველაფერი თავზე საყრელადაა, მაგრამ იშვიათად დაფიქრდება ვინმე წარმავლობაზე. ისინი დღევანდელი დღით ცხოვრობენ, თუმცა რაღა სხვები განვიკითხო, როცა იქ გადახვეწილი ქართველებიც ასე ვართ. დილა იმის ფიქრით იწყება, სად ვიშოვოთ ფული, რომ სამშობლოში დარჩენილ ოჯახს დავეხმაროთ. 6 წელია ქმარ-შვილი არ მინახავს, წუთისოფელი კი არ იცდის და ასე, ადამიანურ ყოფას დანატრებულები, ვბერდებით. ყველაზე მეტად იმის მეშინია, აქ არ მოვკვდე ისე, რომ დამტირებელი, საფლავზე ჭიქის წამქცევი არავინ მყავდეს.

განა ამაოების შეგძნება დავკარგე, მაგრამ ადამიანი ვერც მშიერი გაძლებს და ვერც შიშველ-ტიტველი ივლის.

ბადრი (27 წლის): - ჯერ ახალგაზრდა ვარ და სიკვდილზე ნაკლებად ვფიქრობ, თუმცა სოფელი ისეთი მუხთალია, როდის გამოგკრავს კვანტს, არ იცი. ერთხელ, მოძღვარმა ქადაგებისას ასეთი რამ თქვა: თქვენი თავი მკვდარი წარმოიდგინეთ და მიხვდებით, როგორი ამაო და ფუჭია ამსოფლიური ცხოვრებაო. სიკვდილი ყველას ათანაბრებს: მდიდარს და ღარიბს, მოხუცს და ახალგაზრდას, მაგრამ თუ სიკვდილს მომზადებული შეხვდები, თუ ღმერთისთვის შენი დროის დიდი ნაწილს გამოყოფ, სიკვდილი ვერ შეგაშინებს. ისე, ღრმად რომ დაფიქრდეს ადამიანი, შესაძლოა საერთოდ აიღოს ხელი ამაო ზრუნვაზე და ღმერთს უძღვნას თავი. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებს, ღრმად მოფიქრალნი არიან.
ბეჭდვა
1კ1