ნეტა მეც შემეძლოს უფლის ასე შეყვარება...
ნეტა მეც შემეძლოს უფლის ასე შეყვარება...
"უბრალო ხალხის ცოდვა რომც გამოაშკარავდეს, მნიშვნელოვნად ვერავის ავნებს, მაგრამ მღვდლობის ღირსებას მიღწეული ხალხის საქციელი ყველასთვის დასანახია. იგი ერთგვარად დასცემს კიდეც ხალხში მისწრაფებას კეთილი ღვაწლისაკენ", - ეს სიტყვები იოანე ოქროპირს ეკუთვნის.

ასე აფრთხილებდა იგი მღვდლობის მსურველთ, თუმცა იმასაც ხედავდა, რაოდენ მძიმე და ამავდროულად მსუბუქი იყო ღვთის სამსახურში ჩამდგარი ადამიანის ტვირთი: "სანამ ყველაფერი წესრიგში აქვს ხუცესს, ძვირისმზრახველნი ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ სულ მცირედიც რომ გამოეპაროს, - ბოლოს და ბოლოს ადამიანია, - ცხოვრების უბობოქრესი ზღვები რომ ჰქონდეს გადალახული და უამრავი კეთილი საქმე გაკეთებული, მყვედრებელთ მაინც ვერ გააჩერებ".

მოძღვრის ღვაწლი მძიმეა. რამდენჯერ მიფიქრია წირვაზე მყოფს, რა აძლებინებთ, რა აძლევთ ამდენის დათმენის ძალას-მეთქი და გულში პასუხიც იმავე წუთს გამიცია ჩემი თავისთვის - უფლის სიყვარული.

ინგა (მუსიკის მასწავლებელი) - დამიდგა ის დროც, როცა დავფიქრდი, რისთვის ვშრომობდი დღედაღამ, რით დასრულდებოდა ყოველივე ეს... გულმა ეკლესიისკენ გამიწია და ქაშვეთში დავიწყე სიარული. საერთოდ, ჩემი ახლობლების უმეტესობამ ეკლესიური ცხოვრება ქაშვეთიდან დაიწყო. როგორც ჩანს, ადამიანთა მოქცევის დიდი მადლი აქვს ამ ტაძარს... ერთხანს მხოლოდ სანთლებს ვანთებდი, მერე წირვასაც დავესწარი, მაგრამ ზიარება-აღსარებას ვერ ვბედავდი. აღსარებისა უფრო მეშინოდა, მეშინოდა კი არა, მრცხვენოდა. იქაურ მოძღვრებს შორის ერთი განსაკუთრებით მომეწონა. როცა პირველად ვესაუბრე, მითხრა, ჩემი სულიერი შვილობა იოლია - არც მეტისმეტად მკაცრი ვარ, არც ლმობიერი, მაგრამ მორჩილებას მოვითხოვო. თავიდან ამ სიტყვებმა დამაფრთხო, ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მორჩილება და რაში უნდა დავმორჩილებოდი მოძღვარს. მაინც მივედი აღსარებაზე. როცა ყველაფერს მოვუყევი (სათქმელად ადვილია!), მკითხა, შეგიძლია, მორჩილება გამოიჩინო და ოჯახის წევრების, განსაკუთრებით დედამთილის, სიტყვებსა და საქციელს ნაკლები ყურადღება მიაქციო და პატივისცემით უპასუხოო? როცა ამას შეძლებ, მაშინ გაზიარებო. შევპირდი, მაგრამ ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, კოპებშეკრული დედამთილის დანახვამ თავზარი დამცა. სასწრაფოდ გავეცალე და "მამაო ჩვენო" წარმოვთქვი. თითქოს დავმშვიდდი და ოთახში შევბრუნდი. ზედაც არ შემოუხედავს. მივედი, მხრებზე მოვეხვიე, ვკითხე, როგორ ხარ, დედა-მეთქი. მხრები აუცახცახდა და ვიგრძენი, როგორ გაუთბა მთელი სხეული. ამის შემდეგ თითქმის ყოველკვირა ვესაუბრები მოძღვარს. ოჯახური პრობლემები ძნელი მოსაგვარებელია, კონფლიქტი, რომელიც წლობით გრძელდება, ერთ დღეში არ გადაწყდება.

მარინა (ფილოლოგი): არაერთი მიზეზი მქონდა იმისთვის, რომ ღმერთს მივნდობოდი, ჭეშმარიტება უფალთან მიახლებით მინდოდა მეპოვა. საოჯახო საქმეებით გადატვირთულს, შორს სიარულისთვის არ მეცალა და როცა ჩემს სახლთან ახლოს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარი გახსნეს, გულით გავიხარე. მთელი არსებით მივენდე მოძღვარს, რადგან მღვდელი ჩემთვის უფლისკენ მიმავალი გზის გამკვლევია. არ მესმის იმ ხალხისა, ვისაც ღმერთი სწამს, მღვდელი კი - არა. მათ, რა თქმა უნდა, არ იციან, რომ ღვთისმსახურის უარმყოფელი ეკლესიას უარყოფს, ეს კი თავისთავად ღმერთზე უარის თქმაა.

ჩვენს ტაძარში მალე მოძღვარი შეიცვალა, მამა დავითი (შენგელია) მოვიდა. თავიდან გული მტკიოდა, ჩემს მოძღვარს რომ დავშორდი, მაგრამ მისივე კურთხევით მამა დავითს შევეკედლე. მისი საოცრად მჯერა, თანაც ვატყობ, როგორ სტკივა გული, როცა რაღაც არ მოეწონება ჩემში.

დიმიტრი (ინჟინერი): ღმერთი ჩემებურად, ადამიანურად, მეტიც - ცოდვილი ადამიანის თვალით ჩემმა მოძღვარმა დამანახვა. ის ჩემი მეგობარი იყო, ერთად ვჩხუბობდით, საქმეებს ერთად ვარჩევდით... მაშინ 14-15 წლისანი ვიყავით. მერე დედაჩემს დაუახლოვდა... დედა მორწმუნე ქალია და შინ ზღვა რელიგიური ლიტერატურა გვქონდა. ხარბად კითხულობდა ყველაფერს, მე კი დავცინოდი, შენგან მეცნიერი მაინც არ დადგება-მეთქი. ერთხელ სერიოზულად მითხრა - დიტო, მღვდელი მინდა გავხდეო. ცოტა ხნის შემდეგ მონასტერში წავიდა, მერე თავადაც ბერად აღიკვეცა და ახლა მღვდელ-მონაზონია. ისე ლაპარაკობს უფალზე, ისეთი სახე აქვს ამ დროს, გეგონება, ღმერთი გვერდით უდგას. მას მხოლოდ კი არ სწამს უფალი, გულით უყვარს და ეს ისეთი თვალსაჩინოა, ზოგჯერ ვნატრობ, ნეტავ მეც შემეძლოს-მეთქი უფლის ასე შეყვარება... ჩემთვის ის ახლა მეგობარი კი არა, წინამძღოლია, ზეციური ცხოვრებისკენ რომ მივყავართ მე და ჩემისთანები.
ბეჭდვა
1კ1