წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
2006 წლის დიდმარხვა იწყებოდა. განგებამ სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში მიმიყვანა. საოცარი სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა ირგვლივ.

წირვა მიმდინარეობდა. მამა ლაზარე ქადაგებდა. ხარბად ვიტაცებდი მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას, სახარების განმარტებას. ვმადლობ უფალს, მამა ლაზარე დღეს ჩემი მოძღვარია...

"ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია" - ამოვიკითხე მამა გაბრიელის საფლავის ქვაზე. შუბლზე ზეთი ვიცხე, საფლავთან დახრილმა ვიგრძენი, რომ ჩემს სულში ფერისცვალება მოხდა.

ამ უდიდესი ღვთაებრივი წმინდა ბერის შემწეობას ყოველთვის ვგრძნობ. ვთხოვ მამა გაბრიელს, ევედროს ღმერთს, გაგვაძლიეროს.

დიდება უფალს! ამინ.
ნათია

მსურს მოგიყვეთ, როგორ გავხდი ცოცხალი მოწმე უფლის უდიდესი სასწაულისა.

მე ნათია სიმონია ვარ, 23 წლის. 16 წლის გავთხოვდი. ჩემი ოჯახის სრულ ბედნიერებას შვილი აკლდა. მკურნალობა დავიწყე, თუმცა უშედეგოდ. მოლოდინში გავიდა შვიდი წელიწადი. გულზე მძიმე ლოდად მაწვა ის, რომ შობის მარხვაში გავთხოვდი და ჩემს უშვილობას ღვთის ერთგვარ სასჯელად ვთვლიდი. ამაზე ფიქრმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა, შველა ისევ უფლისთვის მეთხოვა და ეკლესიურ ცხოვრებაში ჩავბმულიყავი (მოგეხსენებათ, განსაცდელის ჟამს უმალ უფალს მივაშურებთ ხოლმე დახმარებისთვის).

ძალიან მალე დავიწყე ეკლესიაში ხშირი სიარული. გავიჩინე სულიერი მოძღვარი, ვაბარებდი აღსარებას, ვიღებდი წმინდა ზიარებას. ბევრი წმინდა ადგილიც მოვილოცეთ: წმინდა ნინოს ეკლესია მცხეთაში, სვეტიცხოველი, ჯვარი, ბოდბე, სალხინოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - წაჩხურა...

არასდროს მივუტოვებივარ იმედს, რომ ღმერთი დედობის ღირსს გამხდიდა.

ბოლოს გადავწყვიტეთ, ხელოვნური განაყოფიერება გაგვეკეთებინა (მოძღვრის კურთხევით, ცხადია), ველოდით აღდგომის მარხვის დასრულებას, რომ ექიმთან მივსულიყავით. და, ჰოი, საოცრებავ, მარხვის დაწყებამდე ორსულად დავრჩი. უსაზღვრო იყო ჩვენი სიხარული, უფალს მადლობას ვწირავდით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ორი წელი ექიმთან საერთოდ არ ვყოფილვარ და ეს მხოლოდ უფლის სასწაული იყო.

ახლა უკვე ოთხი თვის ფეხმძიმე ვარ, უფლის უსაზღვროდ მადლიერი ადამიანი. ყველას მინდა ვუთხრა: ღმერთის იმედი არასდროს დაკარგოთ. გახსოვდეთ, უფალი მოწყალეა და ის მუდამ ჩვენს გვერდით დგას.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემთვის ლოცულობდა.

უფალი იყოს თქვენი ჟურნალის და მთელი საქართველოს მფარველი.
ღმერთმა გაგვაძლიეროს.
ნათია სიმონია

იქნებ ვიფიქროთ ამაზე, ქართველებო
საფიქრალი ბევრი გვაქვს ქართველებს. ერთ-ერთი უდიდესი ტკივილი და პრობლემა სამშობლოს დატოვებაა. სხვაზე რა გითხრათ, როდესაც დღეებს ვითვლი და ყველა ღონეს ვხმარობ, რომ ეგებ საზღვრებს გარეთ გავაღწიო და გადამთიელის ნაწყალობევი გროშებით ოჯახს ტვირთი შევუმსუბუქო.

ჩემს შვიდსულიან ოჯახში გაჭირვებამ იმიტომ კი არ დაისადგურა, რომ ზარმაცები ვართ, არამედ შრომის საშუალება არ გაგვაჩნია. ასეთ დღეში უამრავი ოჯახია. ქვეყანაში, სადაც არაჩვეულებრივი პირობებია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, უსახსრობის გამო ყველაფერი ოხრად რჩება.

ჩვენ კი გავრბივართ... და ჩინელები მობრძანდებიან. თურმე ძალზე "შრომისმოყვარენი" ყოფილან და საქართველოს ისინი ააყვავებენ, რადგან მათ ყველა სიკეთეს სთავაზობენ ფეხის მოსაკიდებლად და გასამრავლებლად. ჩვენ კი გვეუბნებიან: ქართველებს შრომა გვეზარება და იმიტომ გვიჭირსო. ქართველ ხალხს რომ ისე გვიყვარდეს "მოყვასი ჩვენი", როგორც თითოეული ჩვენგანი უყვარს უფალს, ერთმანეთს უკეთ დავეხმარებოდით, ერთმანეთს გავამაგრებდით და გაქცევაზეც აღარ ვიფიქრებდით.

ყველა წასასვლელად გამზადებული ქართველი ერთსა და იმავეს ფიქრობს: - "ახლა წავალ და როდესაც საქართველოში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება, მერე დავბრუნდებიო"...

დალოცვილებო, თუ ასე სათითაოდ გავიკრიფეთ, ჩვენს გასაკეთებელს ვინ გააკეთებს?

ნუთუ არ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან ქართული გენის გადარჩენის საშვილიშვილო საქმეს? ნუთუ არ შეიძლება შეიქმნას ფონდი ან ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ მატერიალურად დაეხმარებოდა მოქალაქეებს, არამედ საქმის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაშიც, რადგან ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ბიზნესის მართვისა, ამიტომაც არის ამდენი გაკოტრებული და სასოწარკვეთილი ადამიანი.

თუ ჩვენ - ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები არ დავუდგებით ერთმანეთს მხარში სურვილით - გადავარჩინოთ საქართველო და შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ტვირთი, ღმერთიც მიგვატოვებს...
ლია ცხოვრებაძე, გორი
ბეჭდვა
1კ1