წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ძვირფასო "კარიბჭის" რედაქციავ!
უპირველესად, მადლობას მოგახსენებთ, რომ არსებობთ და მრევლისთვის ესოდენ დიდ და მადლიან საქმეს აკეთებთ.
ღმერთი ბავშვობიდანვე მწამდა, მაგრამ თურმე უაზროდ. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, არც ის ვიცოდი, ასეთი უსაზღვრო ნუგეშისცემა თუ შეეძლო უფალთან სიახლოვეს. აბა, როგორ არ დაგიმადლოთ ის სიკეთე, რომელიც თქვენმა ჟურნალმა მომანიჭა - ის ხომ დიდად დამეხმარა, უფლის რწმენა გაძლიერებულიყო ჩემში.

ახლა ძალიან მდიდარი ლიტერატურა არსებობს, ღვთის სიტყვა რომ ვისწავლოთ. მეც ვკითხულობ და ვითომ რაღაც-რაღაცებში ვერკვევი, ღვთის შეწევნით და ჩემი მოძღვრების ღვაწლით. ჩვენთან პენსიის დარიგებისას მოაქვთ ჟურნალ-გაზეთები. მიუხედავად ხელმოკლეობისა, "კარიბჭის" შეძენას მაინც ვახერხებ. რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვარ მაშინ! გულში ჩახუტებული მიმაქვს შინ. ხელს დავიბან, ფაქიზად გავხსნი პაკეტს და გულდასმით ვკითხულობ. მენანება და გული მწყდება, რომ ახალგაზრდობა უქმად გავატარე.

"კარიბჭის" კითხვა რომ დავიწყე, სურვილი გამიჩნდა, თქვენთვის მომეწერა. მინდა ცოტა ჩემს ცხოვრებაზეც მოგითხროთ.

ცაგერის რაიონიდან ვარ, მალე 66 წელი შემისრულდება. გლეხის ოჯახში დავიბადე. მამა სამამულო ომში დამეკარგა. ბებიამ და დედამ გამზარდეს, შეძლებისამებრ განათლებაც მიმაღებინეს. შემდეგ დავოჯახდი. მყავს ქმარი, სამი შვილი და სამი შვილიშვილი. დიდი შრომა და გაჭირვება გადავიტანე, მაგრამ ღვთის იმედი არასოდეს დამიკარგავს და არც დამიჩივლია.

1975 წელს სამეგრელოში გადავედით საცხოვრებლად. ჩვენი სახლის მახლობლად ხობის მონასტერია. მაშინ იქ წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდა. თუმცა დაკეტილი იყო, ეკლესიაში მაინც მივდიოდი, სანთელს ვანთებდი და მეგონა, ეს საკმარისი იყო.

დადგა დრო და აღადგინეს ეკლესია-მონასტრები. ამოქმედდა ხობის მონასტერიც, დაიწყო წირვა-ლოცვა. მონასტერი უწმინდესმა გახსნა და ხელი დაასხა ბერ მამა ისაკს, რომელიც ჩემი პირველი მოძღვარი გახდა. მამა ისაკი დიდსულოვანი ადამიანი იყო და ძალიან შევეჩვიეთ. ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, მოდი, ნანული, აღსარება ჩამაბარეო. არც ვიცოდი, რა იყო აღსარება. ამიხსნა ყველაფერი და მეკითხება: ცოდვილი ხარ თუ არაო. მე კიდევ დაუფიქრებლად ვუპასუხე, არა-მეთქი. კაცისკვლის და მრუშობის მეტი რამე ცოდვა თუ არსებობდა, არ მეგონა, ეს ცოდვები კი არ ჩამიდენია. მამაოს გაეღიმა და პატარა წიგნი მაჩუქა, მითხრა, წადი, ამაღამ კარგად წაიკითხე, რაშიც დამნაშავედ იგრძნობ თავს, იმ ცოდვას მინუსი დაუსვი, რაშიც არა, პლუსი და დილით მოდიო.

დიდი მონდომებით წავიკითხე წიგნი და ბოლოს, როცა პლუს-მინუსი დავთვალე, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მინუსი გამიკეთებია.

დილაადრიან წავედი მამა ისაკთან. მოძღვარი კიბეზე ჩამომჯდარიყო და საყვარლად იღიმებოდა. როგორც კი დამინახა, მკითხა: აბა, რა ქენი, არა ხარ ცოდვილიო? ვერაფერი ვუპასუხე, მხოლოდ ტირილი დავიწყე. მომეფერა, მომიალერსა და მითხრა, ნუ გეშინია, ისეთი მძიმე ცოდვა, გამოუსწორებელი რომ იყოს, არაფერი გაქვსო. იმხელა მადლი გადმოვიდა ჩემზე იმ მადლიანი ბერისგან, რომ ბევრი ცოდვა მალევე გამოვასწორე. ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო!

მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა - ჩემი საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა - აღდგომა დღეს ავტოავარიაში მოჰყვა. წონასწორობა დავკარგე. არ ვიცი, რა დამემართებოდა, ოჯახის წევრები რომ არ დამხმარებოდნენ. მთელმა ოჯახმა განვიცადეთ ამ სანატრელი კაცის სიკვდილი, ჩემმა მეუღლემ საფლავიც კი გაუწყო. მამა ისაკი ხობის მონასტრის სამრეკლოს ქვეშ, შესასვლელშია დაკრძალული.

მოძღვარი ვეღარ ავიყვანე. ასე მეგონა, მამაოსნაირს ვეღარც ვიპოვიდი. ორი წელი ვიგლოვე ჩემი მოძღვარი. მის საფლავს ვაბარებდი აღსარებას, ვუვლიდი, ყვავილებით ვამკობდი.

მონასტერში ბერი გაბრიელი მობრძანდა. უმოძღვროდ არ ვივარგებდი. მამა ისაკის საფლავს კურთხევა ვთხოვე და მამა გაბრიელს აღსარება ჩავაბარე. მაგრამ მალე მამაო სხვაგან გადაიყვანეს. დავრჩი კვლავ უმოძღვროდ.

დრო გადიოდა, მე კი მოძღვარს ვერა და ვერ ვირჩევდი. ბოლოს ჩემი შვილის თანაკლასელი, მამა ილია ლომაია მობრძანდა ჩვენს ტაძარში. ახლა ის გახდა ჩემი მოძღვარი. ბავშვია ჩემთან შედარებით, მაგრამ თავი უხერხულად სულაც არ მიგრძნია - მამაო ისეთი გულისხმიერი პიროვნება გახლავთ, ყველასთან გამონახავს საერთო ენას. მეც 5 წელი შესანიშნავად ვგრძნობდი თავს: დავდიოდი წირვაზე, ვამბობდი აღსარებას, ვეზიარებოდი და ბედნიერი ვიყავი.

და აი, ოჯახური მდგომარეობის გამო ისევ ცაგერში დავბრუნდით. ცაგერში რამდენიმე ეკლესიაა, მაგრამ ყველა ძალიან შორსაა. ასე რომ, წირვაზე დასწრება ჩემთვის შეუძლებელია. მაინც ჩავედი მეუფე სტეფანესთან და ჩემი სულიერი გაჭირვება ვუამბე. მითხრა, მამა გიორგისთან მიდი, აღსარება ჩააბარე და ის განსჯის, გაზიაროს თუ არაო. წავედი ხობში, მამა ილიასგან კურთხევა ავიღე და მამა გიორგის აღსარება ჩავაბარე. შობა მოდიოდა და მამაომაც მაზიარა. მამა გიორგიმ, კეთილშობილმა, ტკბილმა ადამიანმა, იმდენი თბილი სიტყვა მითხრა, ყველაფერი დამავიწყა, მაგრამ...

ალბათ გაგიკვირდებათ და ისევ და ისევ ოჯახური მდგომარეობის გამო ოთხი თვეა თბილისში ვარ. აქაც დიდი გაჭირვება დამადგა, რომ მოძღვარი მეპოვა. სამების ტაძართან ვცხოვრობთ. ერთხელაც ვხედავ, ტაძრიდან ერთი ძალზე მშვიდი და გაწონასწორებული მოძღვარი გამოვიდა. ერთმა ქალბატონმა დაუძახა - მამა არჩილო. იმწამსვე გადავწყვიტე, მამა არჩილი გამხდარიყო ჩემი მოძღვარი, იმიტომ რომ მამა არჩილ მინდიაშვილი მიყვარს ძალიან. მართალია, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი ნაწერები წამიკითხავს, ტელევიზიითაც მინახავს. ახლა ჩემი მოძღვარი მისი მოსახელეა.

მამა არჩილს სულ ორჯერ ჩავაბარე აღსარება, ერთხელ მაზიარა კიდეც და ვარ ასე. ძალიან კარგი ადამიანი ჩანს, კმაყოფილი ვარ და ღმერთს ვთხოვ, კიდევ აღარ მომიწიოს მოძღვრის გამოცვლა.

ოჰ, ჩემო ძვირფასო კარიბჭევ, ხომ გესმის და ხედავ ჩემს ტანჯვა-გაჭირვებას - რა ძნელია ამდენი მოძღვრის გამოცვლა! უფალს ვთხოვ, ჩემს მეტს არავის გამოეცადოს.

დაილოცოს უფლის დიდება და მისი ყოვლისშემძლეობა.

დიდი პატივისცემით
"კარიბჭის" მოუთმენელი
მკითხველი ნანული
ბეჭდვა
1კ1