ღმერთმა ისმინა ჩემი და ჩემმა შვილმა გული მოიბრუნა ეკლესიისკენ
ღმერთმა ისმინა ჩემი და ჩემმა შვილმა გული მოიბრუნა ეკლესიისკენ
ფერისცვალება ცოდვათა შეცნობით იწყება. თუკი მივხვდებით, რომ ვაშავებთ ღვთისა და ადამიანის წინაშე, უკეთესები გავხდებით უთუოდ. უფალმა ჩვენთვის იცვალა ფერი, ჩვენ დაგვანახვა, რომ ცოდვათა დატევებით გავბრწყინდებით. თუმცა თავად უცოდველი იყო, კიდევ ერთხელ შეიბრალა ცოდვებში ჩაფლული დედამიწა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, როგორ შეიძლება აჯობო საკუთარ თავს. ცოდვაში ჩაფლული ადამიანი ვერ გრძნობს თავისი ყოფის უგუნურებას, მაგრამ თუკი უფლის ხმას მიჰყვები და განიწმინდები, მერე საკუთარ თავსაც გადმოხედავ, იმ ლაფის სიმრავლე შეგაძრწუნებს, რომელშიც ყელამდე იყავი ჩაფლული.

მირიანი (60 წლის): უფალია ჩვენი მკურნალი და შემწე. ჩემი მთავარი ცოდვა მრუშობა იყო, ნეტარებით ვეძლეოდი ვნებას და ვერ ვხვდებოდი, რომ ცოდვის მორევში ვტრიალებდი. პირიქით, მეამაყებოდა კიდეც, ასე რომ მოვწონდი ყველას. კარგი გარეგნობა მქონდა, კარგად ვმღეროდი და ვცეკვავდი, ნებისმიერი თავყრილობის სული და გული ვიყავი და ქალებიც ბუზებივით მეხვეოდნენ. მეგონა, ასე იქნებოდა ყოველთვის და ფიქრითა და განსჯით თავს არ ვიწუხებდი.

ცოლი გვიან შევირთე, ისიც - მოვალეობის გამო, თორემ ისე მქონდა სული გაუხეშებული, სიყვარული შორს გამირბოდა. სათნო და კდემამოსილი ქალი გამოდგა, უსიტყვოდ იტანდა ჩემს ღალატს, ოღონდ ეს იყო, ეკლესიაში დადიოდა ხშირად და ხანდახან იქიდან აფორიაქებული ბრუნდებოდა. ერთხელ უხეშად ვუთხარი კიდეც, ეკლესიიდან მშვიდად უნდა ბრუნდებოდე, შენ კი აღელვებული ჩანხარ, აღარ დაგინახო, იქ ფეხი მიდგა-მეთქი. თვალები ცრემლით აევსო და მითხრა, მეც ვცოდავ შენთან ერთადო. მაშინ ვერ მივხვდი ამ სიტყვების აზრს, ახლა კი, როცა ღვთის წყალობით გონს მოვეგე, ვიცი, ეს რასაც ნიშნავს.

ჩემი ფერისცვალება ასე მოხდა: მორიგ საყვარელთან ერთად რესტორანში ვიყავი. იქიდან დაბრუნებულმა საჭე ვერ დავიმორჩილე და... სამი თვე ვებრძოდი სიკვდილს. ეს სამი თვე ჩემი ხელახალი დაბადების მიზეზად იქცა, ლოგინად ჩავარდნილი ვაცნობიერებდი, რა ცუდად ვცხოვრობდი, როგორ ვცოდავდი და როგორ ვბილწავდი ერთგულ მეუღლესა და მთელ ოჯახს.

დოდო (57 წლის): ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გამოსწორდეს. უფალმა მოგვცა ამის ძალა და არაფერია შეუძლებელი მზისქვეშეთში.

ჩემი შვილი ნარკომანი გახდა. ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, ჩვენ, მშობლებმა, დავუშვით შეცდომა, ვანებივრებდით, არაფერს ვუშლიდით და მის სიტყვას მყისვე ვასრულებდით. შესანიშნავი ბიჭი იყო, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ აურია და შედეგიც სავალალო მივიღეთ. ამის გაგება ღვთის რისხვა იყო ჩვენთვის. ლამის დავიხოცეთ დარდისაგან, მიცვალებულივით გამოვიგლოვეთ. მეტიც, ღმერთს ვცოდავდი და ვამბობდი, ნეტავ მისი დაბადების სიხარული არ განმეცადა (სამი გოგონას შემდეგ გვეყოლა) ან მომკვდომოდა-მეთქი. მერე რაღაცნაირად ძალა მომეცა. ეკლესიური მანამდეც ვიყავი, მაგრამ ახლა გაათკეცებით ვლოცულობდი და მოწყალებას გავცემდი. ღმერთმა ისმინა ჩემი და ჩემმა შვილმა გული მოიბრუნა ეკლესიისკენ, მერე მონასტერშიც წავიდა და ნელ-ნელა, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოერია თავს. უმაღლეს სასწავლებელში ხელახლა ჩააბარა, ცოლიც შეირთო და შვილებიც ჰყავს. მისი დღე ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება, იცის, რომ მის განკურნებაში უფლის ხელი ურევია.

ნაილი (47 წლის): მე ბერის დედა ვარ და ვიცი, რას ნიშნავს სულიერი ფერისცვალება. ჩვენი ოჯახი ურწმუნო იყო, მაგრამ ღმერთი შემოვიდა და ჩვენ ყველამ ფერი ვიცვალეთ. ფერისცვალება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ნიშნავს, ისევ ძველებურად გვიჭირს ამ მხრივ, მაგრამ ახლა უფალი ჩვენ გვერდითაა და გვიადვილებს გაჭირვებას. ჭირთა თმენით მივაღწიეთ იმას, რომ კი აღარ ვწუწუნებთ, პირიქით, უფლის საჩუქრად მივიჩნევთ ნებისმიერ განსაცდელს.

ჩემი შვილის ბერობა სასწაული იყო - ვერავინ მიხვდება, რატომ გამოარჩევს უფალი ადამიანს, ამას ვერც ჩვენ, უღირსები, ვხვდებით. თორნიკე ერთი ანცი და მოუსვენარი ბიჭი იყო, არც ჩხუბს იკლებდა და რადგან მისი მოზარდობა არცთუ დიდი ხნის წინანდელ განუკითხაობის წლებს დაემთხვა, ჩემს ოჯახსაც არაერთხელ მოუწია პოლიციაში წანწალმა. სასოწარკვეთასაც არაერთხელ მივცემივართ მის გამო. მერე ყველაფერი შეიცვალა... ჯერ ეკლესიაში დაიწყო სიარული, მერე მონასტერში წავიდა და მორჩილად შედგა, მერე ბერადაც აღიკვეცა. თავიდან, რწმენაში ახალშესულებს, გაგვიჭირდა შეგუება, ახლა კი ბედნიერი ვარ.

გურამი (37 წლის): სხვებზე ლაპარაკი განკითხვაა, მაგრამ რადგან ფერისცვალებაზე მეკითხებით, რაც უთუოდ ადამიანის ღვთისმიერ გარდაქმნას გულისხმობს, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. განკითხვისთვის კი არა, უბრალოდ, გაოცებული ვარ.

ერთი მეზობელი გვყავდა, რომელიც მომხვეჭელობის ცოდვაში იყო ჩაფლული. ორი სახლი ჰქონდა ერთმანეთის გვერდიგვერდ და ერთი ჩვენ მოგვყიდა. ფული მივეცით, ვენდეთ და გაფორმება სამომავლოდ გადავდეთ. როგორც ჩანს, ამით ისარგებლეს და სამჯერ მოინდომეს ჩვენს ბინაში შემოჭრა. დიდი ნერვიულობა და ღამისთევები გადავიტანეთ. მერე ალბათ მიხვდნენ, რომ ასე იოლად ვერ გაგვტეხდნენ. თანაც კომუნისტების დრო იყო და, გახსოვთ ალბათ, კაცის გამდიდრებას "უშრომელ შემოსავალს" ეძახდნენ. ჩვენც თავი დავანებეთ მათთან ჭიდილს - ღონე აღარ გვქონდა და ვცხოვრობდით ასე გაუფორმებელ სახლში. თუმცა ეს რომ გაგვახსენდებოდა, გუნება გვეშხამებოდა. იმათ კი უამრავი განსაცდელი შეხვდათ და თავიანთი სახლი გაყიდეს.

ერთხელაც მამაჩემმა თქვა, შვილებს ღია ცის ქვეშ ვტოვებ, გავბედავ და ჩვენს ყოფილ მეზობელთან მივალო. გულის კანკალით მივიდნენ ჩემი მშობლები და უკან გაოცებულები დაბრუნდნენ. ოღონდ გვითხარით, ჩვენგან რას ითხოვთ და ყველაფერს გავაკეთებთო, - უთქვამთ. მერე გავიგეთ, მთელი ოჯახი მორწმუნე გამხდარა. ჩვენი ყველა ტანჯვა და ნერვიულობა მივუტევეთ, რადგან ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამხელა ძალა აქვს უფალს და როგორი სათნონი არიან მორწმუნე ადამიანები.
ბეჭდვა
1კ1