ეს ტკივილი მოსვენებას არასოდეს მოგცემს
ეს ტკივილი მოსვენებას არასოდეს მოგცემს
ქართველისთვის საქართველო მხოლოდ ლამაზი მთები არ არის - იგი ტკივილია და ეს ტკივილი მოსვენებას არასოდეს მოგცემს. იქ, სადაც ქართველი მკვიდრობს, სადაც ორი ადამიანი მაინც ესაუბრება ერთმანეთს "ღმერთების" ენით, სადაც იხსენებენ ქვეყნიერების ყურეში მდებარე ქვეყანას, რომელსაც "მტერიც კი არა ჰყავს მისი შესაფერი", საქართველოა - მათი მამულ-დედული.

მარიამი (30 წლის): - გერმანიაში, სადაც ჟამთა სიავემ ქართველები გადმოგვსხა, ჩვენი პატარა სამშობლო გვაქვს, უფრო სწორად, ჩვენ მისი ნაწილი ვართ. ყოველთვის გვახსოვს, "ვისი გორისანი ვართ" და ვცდილობთ, არ გავითქვიფოთ სხვა ხალხში, არ დაგვავიწყდეს ის, რაც გულისფიცარზე უნდა გვქონდეს ამოკაწრული. მატერიალური კეთილდღეობა არ არის სულიერი სიმშვიდის საწინდარი და მე პირადად ამას ყოველწუთს ვგრძნობ. როცა ჩემი სული მშობლიურ სანახებს ესტუმრება, მაშინ ვარ თავისუფალი და ბედნიერი. ეს სულიერი განცდაა, მაგრამ ადამიანი ხომ ხორციელი არსებაა და სამშობლოს მონატრებას ერთმანეთის ნახვით ვიკლავთ. ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ჩვენთვის საეკლესიო დღესასწაულები სულისა და ხორცის ზეიმია. ყოველდღიურ რუტინას თავდაღწეულები ერთმანეთის სიახლოვით ვეძლევით ნეტარებას - ისმის მადლიანი ქართული, რომელიც აქ დაბადებულმა პატარებმაც კი იციან, ისინი ენას ქართულად იდგამენ და მათი პირველი სიტყვაც უტკბილესი "დედაა". ამ დროს ჩვენთანაა საქართველო, ერთმანეთს ვუყვებით საქართველოდან მოფრენილ ამბებს და ვგრძნობთ, რომ სულიერი სიცარიელე ივსება... ნოსტალგია, მართალია, უცხო სიტყვაა, მაგრამ ალბათ ქართველმა სხვებზე მეტად გაითავისა ერთი რამ - ქართველი ვერასოდეს იქნება ბედნიერი საქართველოს გარეშე და კიდევ ერთი: უცხოეთში მყოფი ქართველები უფრო ვეფერებით ერთმანეთს, ვიდრე საქართველოში მყოფნი.

ნელი (55 წლის): - რვა წელია ამერიკაში ვცხოვრობ, თუმცა ეს უფრო ფულის შოვნაა. აქ მცხოვრები ქართველების მთვარი სიხარული ერთმანეთის ნახვაა. ქართული პრესა ჩვენთანაც შემოდის და შეძრწუნებული ვართ ახალგაზრდების აგრესიულობით. ყველანი უცხოეთში ხომ არ წამოხვალთ, რომ სამშობლო დააფასოთ? მანდ შეიგრძენით ის მადლი, რომელიც ტრიალებს... ხშირად ვლაპარაკობთ ჩვენს ოჯახებზე. ყველანი სიდუხჭირემ გადმოგვრეკა ოკეანის გაღმა. ვიმსჯელებთ - ასეც ვიტყვით, ისეც, თავს ვიმართლებთ ერთმანეთთან, საკუთარ თავთანაც, რომელიც საუკეთესო მსაჯულია და ვასკვნით - ნეტავ მოგვეთმინა, გაგვეძლო და სხვებთან ერთად გვეზიდა ის ჭაპანი, ისტორიამ რომ დაგვაკისრა. ჩვენ აქ ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს. რა არის ეს? ის ლოცვები, ქართულად რომ ვკითხულობთ, წინაპრები, რომელთაც ვიხსენებთ და ის მთა-გორები, ჩვენი ფიქრები რომ ელამუნება. ერთმანეთთან სხვანაირები ვართ - მხიარულები, გულწრფელები, მოღიმარნი. ვიცინით ხმამაღლა და ვლაპარაკობთ სულმოუთქმელად, რამდენიმე წუთით მაინც ვაღწევთ თავს იმ სევდას, დაუნდობლად რომ გვიღრღნის სულებს. ვიცით, რა ჰქვია ამ სევდას, მაგრამ თავს არ ვუტყდებით, რადგან ასე ადვილი არაა სამშობლოში დაბრუნება. დავშორდებით ერთმანეთს და ჩაგვნთქავს ცხოვრების უსაშველოდ დიდი მდინარე. ქართველები ძირითადად საეკლესიო დღესასწაულებზე ვიკრიბებით. ამ დღეებს სიხარულის ცრემლიც ახლავს და ტკივილიც, იმედიც, რომ უფალი ხელს გამოგვიწვდის და უცხო მიწაზე სიკვდილისთვის არ გასწირავს საქართველოდან გამოქცეულ ძე შეცთომილთ.

ლაშა (35 წლის): - თავის მართლება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ არ მეგულება ქართველი, ყოველ შემთხვევაში ჩემ ირგვლივ, რომელსაც დალხენილი ცხოვრება ჰქონოდა და უცხოეთში გადმოხვეწილიყო. როცა სამსახურის კარი მომიკეტეს და ცოლშვილიანად უსახსროდ დავრჩი, სახლ-კარი გავყიდე, ცოლ-შვილი დაგირავებულ ბინაში გადავიყვანე და ესპანეთს მივაშურე. სულ ახალგაზრდა, 27 წლის ვიყავი. დიდი სიმწარეა უცხოეთში ცხოვრების პირველი დღეები კი არა, თვეებიც, მაგრამ ვუძლებდი - ქართველები მეხმარებოდნენ. ჩვენთან, საჩხერეში, იტყოდნენ - ებრაელი ებრაელს გაჭირვებაში არასოდეს დატოვებსო. ასე ვიყავით ქართველებიც უცხო ქვეყანაში - ერთმანეთით ვსულდგმულობდით. მაინც ვერ გავძელი და საქართველოში დავბრუნდი. ერთი წელი სიხარულით ვიყავი გაბრუებული, მაგრამ ისევ მომიჭირა გაჭირვებამ, ვერც სამსახური ვიშოვე და ამჯერად საბერძნეთს მივაშურე. ახლა ცოლშვილიანად ათენში ვცხოვრობ. აქ უამრავი ქართველია, ქუჩაში ქართულ ლაპარაკს ხშირად გაიგონებ. ეკლესიაც მართლმადიდებლურია, მაგრამ ქართულ წირვა-ლოცვას სხვა მადლი აქვს. მიუხედავად ამისა, სამშობლოს ვერაფერი შეგიცვლის და ჩვენც, მონატრება რომ დავძლიოთ, ერთმანეთთან თავშეყრის დღეები დავთქვით. ეს დღეები ძირითადად საეკლესიო დღეებს ემთხვევა - წირვის შემდეგ ვიკრიბებით და მოგონებებს ბოლო არ უჩანს. ალბათ იქაა ჩვენი საქართველო, სადაც ჩვენს ენაზე ვლაპარაკობთ და ჩვენს წინაპრებს ვიგონებთ.
ბეჭდვა
1კ1