წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მადლობა უფალს და მადლობა "კარიბჭის" რედაქციას იმ მასაზრდოებელი წყაროსთვის, რომელიც წმინდა მამათა ნააზრევისა და ღვთისმსახურთა რჩევა-დარიგებების სახით უხვად მოედინება ჟურნალის ფურცლებიდან. თქვენი ჟურნალი სულიწმინდის ყოველი ნაყოფის მორწმუნეებამდე ჭეშმარიტად საღმრთო მოშურნეობით მიმტანია.

მინდა გაგიზიაროთ ძველი ცხოვრების დატოვებით გამოწვეული სიხარული და წარმოვაჩინო გზა - გავლილი ურწმუნოებიდან მოქცევამდე.

ჩემი ეკლესიური ცხოვრების დაწყება ოჯახის შექმნას უკავშირდება. ღმერთის არსებობას ყოველთვის ვაღიარებდი, ოღონდ გაუცნობიერებლად, წელიწადში ერთი-ორჯერ, რომელიმე დიდ საეკლესიო დღესასწაულზე, დიდი-დიდი სანთელი დამენთო ეკლესიაში.

ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ნანამ, ტაქტიანად მიმანიშნა, რომ თავის მომავალს მხოლოდ მაზიარებელს დაუკავშირებდა. ეს მინიშნება ეკლესიური ცხოვრების დაწყების მოწოდებად ჩავთვალე. მეტი დამაჯერებლობისათვის მოძღვართან მისვლა აღვუთქვი, მან კი თავმდაბლად მაგრძნობინა, ეკლესიაში მხოლოდ გულისსწორის საამებლად არ უნდა მიხვიდეო. აი, ამ დროს, უფლის შეწევნით, გამინათდა გონება და წარმოვთქვი სიტყვები, რომლებმაც სულის გადარჩენის გზაზე დამაყენა: "შენი მინიშნებით უფალმა თავისკენ მომიწოდა. შესაძლოა, ამ გზას ადრე თუ გვიან მაინც დავდგომოდი, თუმცა ეკლესიური ცხოვრების თვიდან თვემდე, მეტიც - წლიდან წლამდე გადადების შემთხვევაში, ხომ შეიძლება, ჩვენთვის, მოკვდავთათვის, გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს, მოუნანიებელი და უზიარებელი აღვესრულო და მაშინ ჩემს სულს მართლაც აღარაფერი უშველის. ამდენად, მოძღვართან მისვლა და განვლილი ცხოვრების მონანიება ვინმესთვის თავის მოსაწონებლად კი არა, საკუთარი სულის გადასარჩენად მინდა-მეთქი".

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა უფალს გულის კარი გავუღე და ღვთის ნებას ამჯერად მაინც არ აღვუდექი წინ, მე ხომ ხშირად უგულებელვყოფდი უფლის ღაღადისს - სინანულის გზით სიარულს და ჩემი უგულისყურობით შინაგანი მსაჯულიც - სინდისის ხმა მიძინებული იყო. მადლობა ღმერთს, რომ დიდი განსაცდელის გარეშე, უმტკივნეულოდ მოხდა ჩემი მოქცევა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ განსაცდელიც ერთგვარი წყალობაა ღვთისა - ჩვენი ცხოვრების გამოსასწორებლად.

უთუოდ მადლიერებით უნდა მოვიხსენიო ჩემი სულიერი მოძღვარი, ქუთაისის ახალმოწამეთა ტაძრის წინამძღვარი მამა სტეფანე ნანობაშვილი. სწორედ მას ჩავაბარე პირველი აღსარება და დღესაც ის მიწევს სულიერ მეგზურობას. როდესაც სოფლად ვიმყოფები, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სტიქარით ვიმოსები და უფლის შეწევნით, ღვთისმსახურებაში ვეხმარები ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს მამა დავითს აბულაძეს, რომელიც ასევე არა ერთხელ დამძიმებულა ჩემი აღსარების მოსმენით. ჩემი ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მოხსენიება მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ სამაგალითოდ აღმენიშნა, რა შეუძლია გულმოწყალე და ჩვენზე მზრუნველ უფალს. მე, როგორც ცოდვებით დამძიმებულ ადამიანს, სინანულითა და განწმენდის გზით მომცა ღმერთმა საშუალება, ვემსახურო მას.

საკუთარი უძლურების გაცნობიერებით, სიმდაბლით შევთხოვ უფალს, მღვდელმსახურის საპატიო და ამავე დროს საპასუხისმგებლო ჯვრის ღირსეულად ტარებაში შეეწიოს მამა სტეფანეს და მამა დავითს, ხოლო ჩვენ, მათ დიდ სამწყსოს, მათი ლოცვით მოგვმადლოს შენდობა შეცოდებათა.

ივერია გაბრწყინდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონდომებით. ღვთის შვილობის ჭეშმარიტ წოდებას გავამართლებთ, თუკი მოყვასის სიყვარულში უანგაროდ დავიხარჯებით, სიზარმაცესა და გულარხეინობასთან ბრძოლაში შევძლებთ ღვთისაგან ბოძებული პოტენციალის შეძლებისამებრ ღვთის სადიდებლად რეალიზებას.

ღმერთმა შეიწიროს ღვთის სადიდებლად გადადგმული ჩვენი ყოველი ნაბიჯი, თუნდაც მცდელობაც კი. ამინ!
დავით ჭანტურიძე
ბეჭდვა
1კ1