წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
გისოსებს მიღმა უფალი ვიპოვე
ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე. ცელქი და ანცი ბავშვი ვიყავი. მთელი ცხოვრება გართობას და მხიარულებას ვეძალებოდი. დედის თხოვნას არად ვაგდებდი. რაღაც ძალა მბოჭავდა, სულ რაღაც მიზეზებს ვპოულობდი, რომ წირვა-ლოცვას არ დავსწრებოდი. აღსარების ჩაბარების სურვილიც კი არ მიჩნდებოდა. ყოველთვის მოკლე პასუხი მქონდა: "კარგი, დედა, მერე იყოს". და ეს "მერე" აღარ დგებოდა.

უფალმა საშინელი განსაცდელი მომივლინა. ჩემი შეცდომების გამო ციხეში მოვხვდი. უფალო, არ მიმატოვო-მეთქი, ყოველ საღამოს ცრემლმდინარი ვევედრებოდი ღმერთს და გულში ნელ-ნელა იბუდებდა სიმშვიდე, რწმენა იზრდებოდა. ვგრძნობდი, უფალი ჩემთან იყო. ციხეში მოძღვარმა მითხრა, - აღსარება და ზიარება რწმენის ნაწილია, ეს გზაა უფლისკენ. მოინანიებ ცოდვებს და ნახავ, როგორი გახდები. შეეცადეო...

იმ დღიდან დავიწყე ფიქრი, როგორ დავახლოებოდი უფალს. ღვთის მადლით, ეს დროც დადგა. აღსარების ჩაბარებისას ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ჩემს ირგვლივ ყველა ყრუ და ბრმა იყო, რომ მხოლოდ მე და ჩემი მოძღვარი ვიყავით. ვცდილობდი, არც ერთი წვრილმანი არ გამომრჩენოდა. ვიგრძენი, როგორ მომეხსნა ლოდი გულიდან, სულში სიმშვიდემ დაისადგურა. ახლა ჩემი ცხოვრება შეიცვალა - ამას წლები დასჭირდა. ალბათ აქ უნდა მესწავლა გამძლეობა და მოთმინება.

ჩემს გარდა ბევრი ქალი დაუბრუნდა ახლობლებს ჩვენი მოძღვრის ლოცვითა და სიმდაბლით რწმენაგანმტკიცებული...

მაპატიე, დედა! ალბათ აქ, ციხეში უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. შენი დახმარებით, შენი ლოცვით - დედის ლოცვით...
ხათუნა გუგუშვილი


სამწუხაროდ, სიწმინდის დაცვა ზოგჯერ მხოლოდ ის გვგონია, რომ ხორციელად არ ვმრუშობთ. რა თქმა უნდა, ესეც დიდი მიღწევაა, მაგრამ სიწმინდე ხომ უფრო ფართო ცნებაა. გული მწყდება, როცა თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ და გულს კი არ ვიწმენდთ, პირიქით, ამაო, უმსგავსო გასართობებით, სერიალებით და ჟურნალების კითხვით უფრო მეტად ვიბინძურებთ. მერე გვიკვირს, რომ სათანადოდ ვერ ვლოცულობთ და ვერ ვმსახურობთ. უფალს, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნება და არ შეისმენს დაბინძურებული გულით აღვლენილ ლოცვას და ბევრი სათხოვარიც იმიტომ არ გვისრულდება. უფალი გვთხოვს, - მომეცი, შვილო, შენი გულიო. უფლისთვის გულის მიძღვნა ხომ ყოველგვარი ბიწიერების მოცილებას გულისხმობს.

ღვთისსათნო ადამიანებთან ურთიერთობა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა, უანგარო მოწყალება, ღვთივსულიერ საგნებზე ფიქრი თანდათანობით დაგვეხმარება გულის და სულის განწმენდაში. რაც მთავარია, უნდა დავანებოთ თავი ორი ბატონის სამსახურს. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვუთხრათ ყოველივე იმას, რაც უფალთან დაახლოებაში გვიშლის ხელს და მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ თავი ღვთისმოსავად. როგორ შეიძლება თავს ქრისტიანს უწოდებდე და შენი ჩაცმულობით, მანერებით აცდუნებდე შენს დას და ძმას (ყველა ხომ ერთმანეთის და-ძმანი ვართ), ცხონების გზაზე აბრკოლებდე ადამიანს, ხოლო შემდეგ მარხულობდე და ლოცულობდე! აბა, როგორ იქნება ასეთი საქციელი ღვთისთვის სათნო?! ამქვეყნად ძალიან ცოტა დრო გვაქვს მარადიულობისთვის მოსამზადებლად და ვაი მას, ვინც განუწმენდელი გულით გავა ამქვეყნიდან. ღვთის შეწევნით, ჩვენც მოვინდომოთ, რომ განწმენდილები და უხვი კეთილი საქმეებით წარვდგეთ უფლის წინაშე.
პატივისცემით
ეკატერინე მამულაშვილი

ძვირფასო რედაქციავ!
ჩვენი დროის სიმძიმე და სისასტიკე ანადგურებს ადამიანებში ყოველივე საუკეთესოს, ტრადიციულ, ქართულ-ქრისტიანულ ღირებულებებს. მაგრამ არიან გამრჯე, კეთილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, აარიდონ ხალხს მოსალოდნელი უბედურება. თქვენც ასეთთა შორის მეგულებით. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო წერილები, რომლებშიც მოთხრობილია სამაგალითო, წმინდა ადამიანებზე. რაც მეტ ასეთ რჩეულს გავეცნობით, უფრო სასარგებლო იქნება ჩვენთვის. ერი ხომ რჩეულთა მიმბაძველობით უფრო სწავლობს და ნათლდება. ერთ ასეთ წერილში ნათქვამია: "ერის გული ზღვა არისო". მეც ვიმეორებ ამ დიდებულ სიტყვებს ჩემებურად: ერის გული სიყვარულის ზღვაა და თითოეული კარგი ქართველი ამ სიყვარულის გამოვლინებაა, თქვენც მათ შორის მეგულებით.

ხშირად გვსმენია: ვკითხულობთ, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებთო. მსურს ვუთხრა მათ, უგულისხმოდ მიღებული სიტყვა კლდეზე დავარდნილი მარცვალია. მხოლოდ გონებით შეუძლებელია მივიღოთ ღვთაებრივი სიტყვები, ისინი მიიღება გულით. რასაც გული განიცდის, იმის მიხედვით აზროვნებს გონება, ხომ არ შეიძლება გულისთქმა სხვა გვქონდეს და გონება სხვას ფიქრობდეს?

"სადაც არის გული შენი, იქვეა შენი საუნჯეო". გულით მიღებული სიტყვები ის მარცვლებია, ღრმად რომ ჩაითესა, ჯერ არ ჩანს, მაგრამ ღვივდება, ფესვებს იდგამს, თავის დროზე აღმოცენდება და ნაყოფსაც გამოიღებს. გისურვებთ, უხვად გეთესოთ ქართველთა გულებში ის ღვთაებრივი თესლი, რომელიც ერთიათად, ოცდაათად აღმოცენდება და გამრავლდება ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ და უფლის სადიდებლად.
ზაური

დიდი სიყვარულით, ცრემლმორეული, გულდასმით ვკითხულობ კახაბერ კენკიშვილის მომზადებულ მასალებს. ამის გამო მოუთმენლად ველი ხოლმე ჟურნალის ახალ ნომერს.

ტაძარში ვისვენებ სულიერად, აქ ვცოცხლობ. გამოვალ ტაძრიდან და უარყოფითად ვიმუხტები. ღმერთმა ყველას მოთმინება არგუნოს, მათ შორის მეც, ცოდვილ სარას. ურთიერთსიყვარული მეფობდეს ქვეყანაზე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1