წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მოგესალმებით ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას. ღვთის წყალობით იხარეთ. აკეთეთ თქვენი საქმე ყოველთვის და ყოველგან, იმიტომ რომ ჩანს ადამიანის სულში თქვენი კვალი. უამრავი ერთგული მკითხველი ელოდება ჟურნალის ახალ ნომერს, რათა სულიერი საზრდო მიიღოს. კვლავაც მრავალი ადამიანის გული და ოჯახი გაგეხარებინოთ თქვენი სტუმრობით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ კეთილი საქმისათვის.

ამ წერილით ერთი სათხოვარი მინდა გაგიმხილოთ. გასული წლის 18 ივნისს აჭარაში, სოფელ ქობულეთში, მდინარე კინტრიშზე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა, სადაც დაახლოებით 470-მდე ადამიანი ეზიარა ნათლისღების საიდუმლოს. ამ მნიშვნელოვან მოვლენას მეორე მხარეც გამოუჩნდა - აღმოჩნდა, რომ ამხელა სოფელს (სოფელში თითქმის 900 კომლი ცხოვრობს) სალოცავი არა აქვს. ქალაქში მოქმედი ტაძარი საკმაოდ მოშორებითაა, ამიტომ ამ სოფლის მკვიდრმა ქათამაძეებმა გადაწყვიტეს, ეს პრობლემა ღვთის შეწევნით და ყველა მართლმადიდებლის, ყველა ღვთისმოსავი ქრისტიანის მიერ გაღებული მოწყალებით გადაჭრან. განსაკუთრებულად კი ყველა კუთხე-კუნჭულში მცხოვრებ ქათამაძეს მინდა ვთხოვო, ამოგვიდგნენ მხარში და ეს საშვილიშვილო კეთილი, მადლიანი საქმე ერთობლივად გავაკეთოთ. გავამრავლოთ მრევლი, მრავალი ცოდვილი სული გადავარჩინოთ. დღეს ლოცვა და სიკეთის ქმნაა საჭირო ჩვენს გადასარჩენად, სულის გადასარჩენად. მე მჯერა, რომ აჭარაში და არა მარტო აჭარაში ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნინოს, წმინდა მატათას მადლი და ლოცვა გვიფარავს და გვიკვალავს გზას სიკეთისაკენ. საყოველთაო ნათლობები მდინარეში, საუკუნეების წინ გადაჭრილი ფესვის, ქართული ფესვის განედლებაც მათი შეწევნით ხდება და იმ ლოცვის ძალით, რომელსაც ჩვენი დიდი წინამძღოლი, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორე და ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი აღავლენენ. გვიხარია ჭეშმარიტი რელიგიის, რწმენის გაძლიერება და ის, რომ აჭარის თითქმის ყველა რაიონში, ყველა სოფელში საძირკველი ეყრება ტაძრების აღმშენებლობას.

ჩვენ, ქათამაძეებმა, გავხსენით ანგარიში პროკრედიტ ბანკის ბათუმის ფილიალის სათავო ოფისში.

წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მდინარე კინტრიშზე ჩატარებული ნათლობის საიდუმლოს აღმსრულებელ ყველა სასულიერო პირს და სოფელ ქობულეთის გამგებელს სულიკო ვერულიძეს.

იმედს ვიტოვებთ, ტაძრის კურთხევაზე ჩვენი სტუმრები იქნებით.
მარიამ (შორენა) ქათამაძე
ანგარიშსწორების ანგარიშის 360101010306890
# 900 890 225 (ლარში)
#900 895 225 (ვალუტაში)
მ.ფ.ო. 220 101 901


ცხოვრებამ უცხო მიწაზე გამომრიყა. მეც საქართველოს ნაწილი ვარ, ვისაც მისი ტკივილი სტკივა და სიხარული უხარია და არ მაქვს უფლება, ჩემი ხალხისგან შორს, ქართული მიწიდან შორს მოვკვდე... მე დავბრუნდები... და "დაბრუნებით ტკივილებს წავშლი!"

ახლა კი, თუ ნებას მომცემთ, ორიოდ წუთს წაგართმევთ. მაშინ, როდესაც გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მესამედ აღდგა (1991-92 წლებში, თუ სწორად მახსოვს), გურჯაანის #1 საშუალო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, აგრეთვე რელიგიასა და კულტურას ვასწავლიდი. მაშინ მეუფე ზენონი მამა ზენონი იყო, მოძღვარი - მამა მიქაელი (რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით საზოგადოების ეკლესიისკენ შემობრუნებაში). ჩემი სკოლის მოსწავლეთა ძალებით ჩავატარე რაიონული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-განახლებას. ეს მოხდა ხარებას, 7 აპრილს.

სხვა სტუმრებთან ერთად ველოდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო სხვაგან გამგზავრებულიყო.

თბილისში დაბრუნებულ უწმინდესს მამა ზენონმა ღონისძიების ფოტომასალა ანახა. აღფრთოვანებულ პატრიარქს უთქვამს: არ მახსოვს, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ასეთი ღონისძიება მისძღვნოდესო.

მოგეხსენებათ, იმ წლებში როგორ გაჭირდა ცხოვრება. ჩვენმა პატრიარქმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერს რამდენიმე ტომარა შაქარი გამოუგზავნა და სთხოვა მამა ზენონს, ნაწილი #1 საშუალო სკოლისთვის გადაეცა. შაქრის ფხვნილი სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, მოსწავლეებს დაურიგდა... ეს ნამდვილად ღვთის საჩუქარი იყო. მადლიერების ცრემლები ჩამომდიოდა და ღმერთს მადლობას ვწირავდი. სიხარულს ვერც მასწავლებლები და ბავშვები მალავდნენ...

მე, უბრალო მოკვდავს, რით შემიძლია მადლობა გადავუხადო პატრიარქს ასეთი გულისხმიერებისთვის, თუ არა მის სახელზე ანთებული სანთლით და ლოცვით. და არა მარტო ამის გამო, არამედ იმ მრავალი ღვაწლის გამოც, რასაც იგი თავისი ერისთვის, სრულიად საქართველოსთვის აკეთებს. ხშირად მიფიქრია, ნეტავ მოხდებოდეს, თუნდაც ერთხელ მთელმა ქართველმა ხალხმა ერთდროული ლოცვა აღვავლინოთ უფლის წინაშე პატრიარქის სახელზე.

საბერძნეთში, უცხო მიწაზე მყოფი ჩემი ოჯახი საქართველოს ტელევიზიით ილია II-ის გამოჩენას სულ სხვა ემოციით ხვდება. ასე გვგონია, ტელევიზიიდან სულ სხვა მადლი იფრქვევა. გულიც იმედით ხარობს.

თქვენი ჟურნალის საშუალებით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ბერობის 50 წლისთავს. ღმერთმა შეაძლებინოს ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთის ტარება, ვუსურვებ უფლის წყალობას, ქართველი ხალხის დიდ სიყვარულს და ბედნიერ, დამშვიდებულ, გაბრწყინებულ საქართველოს.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით
ლალი-ელენე ლაზაშვილი,

საბერძნეთი, 2007წ.
ბეჭდვა
1კ1