წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
"ეს ჩემი სიმდიდრეა, წყალობაა ღვთისა"
ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას
გურიიდან გეხმიანებით. თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. დღევანდელ რთულ და პრობლემებით სავსე ცხოვრებაში "კარიბჭე" მართლაც რომ ნათელი წერტილია ჩემთვის და ჩემი ოჯახის ყველა წევრისთვის.

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. რეგიონული გაზეთის ლანჩხუთის ბიუროს ხელმძღვანელი გახლავართ. სამწუხაროდ, გურიაში მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ თქვენს ჟურნალში ნაკლებად იწერება. გიგზავნით ინტერვიუს ჩემს მოძღვართან, ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ სვიმეონ სვანიძესთან. იგი, გარდა იმისა, რომ ლანჩხუთელთათვის სამაგალითო მოძღვარია, მრავალშვილიანი მამაც გახლავთ.

უფლის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ.
მაკა სულაბერიძე,
ლანჩხუთი

მღვდლობა შვიდ საიდუმლოთაგან ერთადერთია, რომელიც თავად მაცხოვარმა დაგვიტოვა მოციქულთათვის გადაცემული ქადაგების მადლი დღემდე მოჰყვება უდიდეს საიდუმლოს. თუმცა მღვდლობა ხომ მხოლოდ ქადაგება არაა; მოძღვრის ცხოვრების წესი ერთგვარი მაგალითია ერში მცხოვრებთათვის. ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი სვიმეონი 11 წელია ლანჩხუთელთა მოძღვარია. ხუთი ქალიშვილისა და ორი ვაჟკაცის მამაა, რითაც ნამდვილად გვაძლევს მაგალითს ჩვეულებრივ მოკვდავთ.

- როდის და როგორ მოხვედით ეკლესიაში?

- დავიბადე ქუთაისში. დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი და აკადემია. 1988-1989 წლებში, სტუდენტობისას, აქტიურად ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. ბუნებრივია, სამშობლოს სიყვარულმა ეკლესიაში მომიყვანა, თუმცა მოუნათლავი ვიყავი. მოვინათლე გელათში მამა ნიკოლოზის მიერ. ამის შემდეგ ეკლესიას აღარ განვშორებივარ, 1995 წლიდან კი მისი მსახურიც გავხდი.

- მრავალშვილიანი ოჯახი გყავთ. გვიამბეთ ცოტა რამ მის შესახებ.

- ოჯახი 1994 წელს შევქმენი. ჩემი მეუღლე ქუთაისში ხარების დღესასწაულზე გავიცანი. ის ბაღდათიდან, სოფელ ობჩიდან არის. დღესდღეობით შვიდი შვილი მყავს: მარიამი, მართა, ანა, სალომე, იოანე, ელენე და ლაზარე. ნაბოლარა ლაზარე ახლახან, 25 დეკემბერს შეგვეძინა. ეს ჩემი სიმდიდრეა, წყალობაა ღვთისა. ჯვრისწერისას, როდესაც სიძე-დედოფალს ვეკითხები, რამდენი შვილის ყოლა გსურთ-მეთქი, იქვე პატარა მაგალითი მომყავს: აი, ჩემს შვიდ შვილს კიდევ შვიდი ეყოლება. შვიდჯერ შვიდი ორმოცდაცხრაა, თითქმის ორმოცდაათი. მათ კიდევ შვიდი - სამას ორმოცდაათი. სიძეები, რძლები - შვიდასი, და ასე - მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით. ჯერჯერობით კი, ერთ-ერთი ჩემი მრევლის სიტყვებით რომ ვთქვა, მამაოს კარზე აწერია: ფრთხილად, ბავშვებს ფეხი არ დაადგათ, რამეთუ ჯერჯერობით პატარები არიან. ალბათ, უახლოეს მომავალში დავაწერ: ფრთხილად, ბავშვებმა ფეხი არ დაგადგან!

- მამაო, რისთვის გვაძლევს უფალი შვილებს და რა მოვალეობას გვაკისრებს ამით ღვთისა და ერის წინაშე?

- ოჯახის შექმნის მიზანი შვილიერებაა. სამწუხაროდ, ბევრი ვერ გრძნობს ამას და არც ის დიდი წყალობა და პასუხისმგებლობა აქვს გათავისებული, რომელიც შვილიერებით გამოიხატება. მარტო შვილის შობა არ არის მშობლის პასუხისმგებლობა, არამედ მისი აღზრდა ღვთისა და სამშობლოსათვის. აღზრდა და არა გაზრდა. კრიტერიუმი აღზრდისა აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებლობა, რომლის გარეშეც ადამიანი ზნეობრივად ჩამოყალიბებული პიროვნება ვერ გახდება.

- დღეს ბევრი მატერიალური სიდუხჭირის მიზეზით არ აჩენს შვილს. რა შეგიძლიათ უთხრათ ასეთ ოჯახებს?

- ნამდვილად დიდი გაჭირვებაა დღეს საქართველოში, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, სამშობლოს წინაშე ვალი არ მოვიხადოთ. დღესდღეობით სიკვდილიანობა რამდენჯერმე სჭარბობს შობადობას, განსაკუთრებით - პერიფერიებსა და სოფლებში. არ მინახავს, უფალს ვინმე უპატრონოდ მიეტოვებინოს და მშიერი გარდაცვლილიყოს. "შეხედეთ ცის ფრინველებს; ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?" ტელევიზიით ალბათ ნახავდით სოფელ ძიმითში მცხოვრებ თოთხმეტშვილიან ოჯახს. გაჭირვებით, მაგრამ მაინც იზრდებიან პატარები ღვთისა და კეთილი ადამიანების წყალობით.

- მრავალშვილიან ოჯახს პრობლემაც მეტი აქვს. როგორ ახერხებთ მათ მოგვარებას?

- თუკი რამ დამჭირვებია, ღვთის წყალობით ყოველთვის გამოჩენილა. ღვთისა და დედა ღვთისმშობლის წყალობა მრავალჯერ მიგრძნია. უიმედობა, წუწუნი არ შეიძლება. დღესაც მახსოვს და ვმადლობ ყველაფრისათვის, რასაც უფალი უშვებს ჩემზე და ასე ნელ-ნელა მიდის წუთისოფელი.

- ალბათ, ოჯახურ პრობლემებს მღვდლობის სიმძიმეც ემატება...

- თავისთავად. რომ არა ღვთის დიდი შემწეობა და ჩემი მეუღლის დამსახურება, ალბათ, გამიჭირდებოდა. თუმცა უმჯობესია, ჩვენ გავიჭირვოთ, სამაგიეროდ, შვიდი დედმამიშვილნი იქნებიან ძლიერნი. ასეთი ძლიერი დედმამიშვილობით შენდებოდა და შენდება ჩვენი მომავალი.

- როგორ ეგუებიან თანამედროვე ქუჩას, სკოლას მოძღვრის ოჯახში აღზრდილი ბავშვები?

- ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, შვილებს ისეთი პირობები შევუქმნა, რომ ყველაფერს თავ-თავისი ადგილი მიუჩინონ. კრიტერიუმი კი აუცილებლად ზნეობა და ქრისტიანობა უნდა იყოს. ოთხი მათგანი სამრევლო სკოლაში სწავლობს. ვცდილობთ, 240 მოწაფეს ქრისტიანული, ზნეობრივი გარემო შევუქმნათ და საქართველოს ჩამოყალიბებული მოქალაქეები გავუზარდოთ. ცხადია, სირთულეებიც არის, მაგრამ ნელ-ნელა ღვთის წყალობით დაიძლევა.

- 11 წელია ლანჩხუთელების მოძღვარი ბრძანდებით. თქვენი თაოსნობით ამოქმედდა მრავალი ტაძარი, ფუნქციონირებს სამრევლო სკოლა, გამრავლდა მრევლი... როგორი იყო ლანჩხუთში ჩამობრძანების პირველი დღეები?

- ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან შემოქმედის ეპარქიაში ჩემი გადმოსვლა მართლმადიდებლობის ზეიმს დაემთხვა. ალბათ, ესეც ნიშანდობლივია. მადლობა უფალს, რომ მართლმადიდებლობა მართლაც ზეიმობს დღეს ლანჩხუთში. ეს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის, შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იოსების დამსახურებაა, რომლის ინიციატივითაც გადმომიყვანეს გურიაში. მისი და ჯიხეთელი არქიმანდრიტის ანდრიას ხელშეწყობითა და ზრუნვით დღესაც ვიზრდები და ვმოღვაწეობ. ჩამოსულს სასულიერო გიმნაზიის თბილი კოლექტივი და ლანჩხუთელების სტუმართმოყვარე გარემო დამხვდა. შედეგი მცირე, მაგრამ მაინც გვაქვს. იმედია, ყოველივე ჩვენი ქვეყნის სულიერ გაბრწყინებას შეუწყობს ხელს.

- როგორც მრავალშვილიანი მამა და მოძღვარი, რას ეტყოდით მრევლსა და "კარიბჭის" მკითხველს?

- "გამრავლდით ვითარცა ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავები", ღვთის წყალობა და მადლი იყოს თქვენზე და სრულიად საქართველოზე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1