ამის მნახველი და შემგუებელი საზოგადოება, არა მგონია, სრულყოფილი იყოს
ამის მნახველი და შემგუებელი საზოგადოება, არა მგონია, სრულყოფილი იყოს
დედაჩემის ცხოვრების სილამაზე მედგა თვალწინ
ხორციელ ვნებებს აყოლილი ადამიანები ათასგვარ ცოდვას სჩადიან - ინგრევა ოჯახები, უბედურდებიან ბავშვები... "არა იმრუშო", - ბრძანა უფალმა და ამით მიგვანიშნა, რომ ამ მცნების დარღვევა გვეკრძალება. მრუშობა ხორცის სიმყრალეა, უნებისყოფო და უგუნური ადამიანის მცდელობაა, ხორციელ სიამოვნებას ანაცვალოს ერთგულება, ოჯახის სიმტკიცე, ქალწულებრივი კდემამოსილება. მრუშობა ხრწნილებაა და რაოდენ დასანანია, რომ დღეს ამ ცოდვას უმრავლესი ჩვენგანი ცოდვად არ მიიჩნევს.

მაყვალა (58 წლის): - მრუშობამ დამინგრია ოჯახი და ეს ცოდვა ჩემთვის ყველაზე ამაზრზენია. მაპატიეთ გულახდილობა, ამაზე სხვებთან ლაპარაკი საკუთარი თავის უპატივცემულობა მგონია, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რაც შეგვემთხვა. ოჯახი სიყვარულით შევქმენი. მე და ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. მეოთხე კურსზე ვიყავით, რომ დავქორწინდით და სამი შვილი მიყოლებით გავაჩინე. ბედნიერი ქალი ვიყავი და არც ეჭვიანობა ვიცოდი, რა იყო. ჩემი მეუღლე მზრუნველი კაცი იყო და მიხაროდა, რომ ჩემი ნდობა გაამართლა. თავს გაუჭირვებლად ვირჩენდით და მოხუც მშობლებსაც ვეხმარებოდით. სამსახურში ერთ ქალს დაუმეგობრდა, მერე მისი ქმარიც გაიცნო - შესანიშნავი ოჯახი იყო და დავმეგობრდით. მერე ნატომ უმცროსი, მეოთხე შვილიც მოგვინათლა. როგორც ქართველთა წესია, მივდიოდით და მოვდიოდით ერთმანეთთან. ღალატზე ფიქრიც კი მკრეხელობა მეგონა... არ ვყოფილვარ მართალი. ამას მაშინ მივხვდი, როცა ქმარმა გამომიცხადა, ნატო მიყვარს და მასთან მივდივარო. თავიდან ყველაფერი ნაცნობი სცენარით დაიწყო - იგვიანებდა, მერე ნატო დასასვენებლად წავიდა და ჩემი მეუღლეც ორი-სამი დღით იკარგებოდა... ეტყობა, ნატოს ქმარიც ჩემსავით გულუბრყვილო იყო, მაგრამ შემდეგ მიხვდა რაღაცას და ჩემს ქმარს მათთან მისვლა აუკრძალა, არც ჩვენთან მოდიოდა სტუმრად - მიზეზი მოგვიანებით შევიტყვე. ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო, ერთად გაიპარნენ რუსეთში. არც ნათელმირონობას სცეს პატივი, არც ქართულ ტრადიციას. სირცხვილით გარეთ ვერ გამოვდიოდი. შვილებიც დამეჩაგრნენ. უსაზღვრო სევდამ დაისადგურა ჩემს ოჯახში და მატერიალურადაც გაგვიჭირდა. მიკვირდა, შვილებზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა ასე როგორ აიღო ყველაფერზე ხელი და ჩემი, უმუშევარი ქალის ანაბარა როგორ დატოვა ისინი. ღვთის მადლით, ყველაფერი გადავიტანეთ. ღმერთმა ეკლესიაში მიმიყვანა და დღეს მათზე ვლოცულობ, იქნებ იხსნას უფალმა მრუშობის ცოდვას მიცემულნი.

თათია (65 წლის): - II მსოფლიო ომის მიწურულს წაუყვანიათ მამაჩემი ფრონტზე, ცოლი ახალი შერთული ჰყოლია 18 წლის ბიჭს, დედაჩემი 17-ისა ყოფილა. მამა არ დაბრუნდა, დედა, რასაკვირველია, არ გათხოვილა. როცა წამოზრდილმა ამის შესახებ ვკითხე, მიპასუხა, - დიდი სიყვარულის ორჯერ გამეორება ძნელია და ვერც შენ აგირევდი ცხოვრებას. მე იმ ლამაზი წუთებით ვცხოვრობ, რომელიც ღმერთმა მაჩუქაო. მეც ადრე გარდამეცვალა მეუღლე და სამი შვილი დამრჩა. კარგი გარეგნობის ვიყავი, ოჯახიც კარგი მქონდა და თანამდებობაც, ბევრმა შემომბედა - ცოლად გამომყევიო, მაგრამ დედაჩემის ცხოვრების წუთიერი სილამაზე მედგა თვალწინ და ნებისმიერ გაჭირვებას გადამალახვინებდა ხოლმე. ასეთი ერთგულების და თავდადების მაგალითებით ვიზრდებოდით და ამიტომ იყო ჩვენთვის წარმოუდგენელი ერთი მამაკაცის მეორით ჩანაცვლება. ახლა კი თითქოს ყველაფერი გაიოლდა, ჩემი შვილიშვილების ტოლი გოგონებისგან გამიგონია, - გავთხოვდები და თუ ქმარი არ მომეწონება, სხვას გავყვებიო. ტელევიზორსაც ვერ ჩართავ, ქალი და მამაკაცი თითქოს მხოლოდ იმისთვის გაჩენილან, რომ მრუშობით დატკბნენ. მეცოდება მომავალი თაობა, რადგან სამაგალითოდ პორნოვარსკვლავები გაიხადეს. ერთგულება და მოთმინება მათთვის უცხოა. მარტო ქართველებზე როდი ვლაპარაკობ, ყოველი ადამიანი ღმერთის გაჩენილია და ასეთი ცოდვებისთვის ყველა მეცოდება.

დიმიტრი (45 წლის): - რატომღაც ჰგონიათ, რომ მრუშობისათვის მხოლოდ ქალი დაისჯება და მამაკაცს არაფერი მოეკითხება. არადა ამ ცოდვისთვის ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს. ორი წელი ევროპაში გავატარე და იმ ორმა წელმა ჩემი სამშობლოსადმი პატივისცემა გამიასკეცა. არ მინდა უმადური ვიყო - დიდი პატივისცემა და ამაგი გამოიჩინეს ჩემდამი, მაგრამ რასაც ვერ შევეგუე, ეს სექსუალური თავისუფლება იყო. ერთხელ, სრულიად შემთხვევით, გეებისა და ლესბოსელების პარადზე მოვხვდი. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ მერე თავბედი ვიწყევლე - ადამიანი რომ მაიმუნისგან არ წარმოშობილა და ღვთის ქმნილებაა, ამ ჭეშმარიტებას აქ ფასი დაჰკარგვოდა. ამის მნახველი და შემგუებელი საზოგადოება, არა მგონია, სრულყოფილი იყოს. ჩვენთანაც ხდება მსგავსი რამეები, მაგრამ დაფარულად. ცუდია, რომ ხდება, მაგრამ თუკი თავის არასრულფასოვნებას ვინმე ფარავს, ე.ი. იცის, რომ საზოგადოებრივი აზრი მის მიმართ შემწყნარებლური არ იქნება. ადამიანი ადამიანია და არა ცხოველი, - ეს ყველას უნდა ახსოვდეს და პირუტყვობას უნდა მოერიდოს. ორი წელი დატოვებული მყავდა ახალგაზრდა ცოლი, მაგრამ ვიცოდი, გულისთქმას არ აჰყვებოდა და მშვიდად ვიყავი. ევროპელი ქალები ძალზე აქტიურები არიან, მათთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა ითმინოს ადამიანმა, რატომ უნდა დათრგუნოს ხორცთა აღძვრა და უკვირდათ ჩემი, მაგრამ ეგ არაფერი. კაცობა სხვაგვარად უნდა დაამტკიცო კაცმა და არა მრუშობით.
ბეჭდვა
1კ1