ხანდახან მიკვირდა კიდეც მათი საქციელი - შვილებისთვის საჭმელი არ აქვთ და უცხო როგორ შეიფარეს-მეთქი
ხანდახან მიკვირდა კიდეც მათი საქციელი - შვილებისთვის საჭმელი არ აქვთ და უცხო როგორ შეიფარეს-მეთქი
უფალს ჩვენგან არაფერი უნდა, გარდა სიწრფელისა, სიყვარულისა, სათნოებისა და სასოებისა. იგი უხილავად დგას ჩვენ გვერდით და ყველაზე მძიმე დაცემის დროს ხელს შემოგვაშველებს, წამოგვაყენებს. თუკი თითოეული ჩვენგანი ჩავიხედავთ სულში, მივხვდებით, რაოდენ მცირეა ჩვენი შესაწირავი და რაოდენ დიდია უფლის წყალობა.

ნინო (46 წლის): - დღეს ბევრს სჭირდება თანადგომა და დახმარება. ალბათ არასოდეს ყოფილა ასე შეჭირვებული საქართველო. ჩვენი მცირე შესაწირავით შეგვიძლია მცირეოდენი დახმარება გავუწიოთ მოყვასს. ხანდახან მიფიქრია, მილიონი რომ მქონდეს, მოხუცთა თავშესაფარს გავხსნიდი და ბედის ანაბარა მიტოვებულთ სიბერეს გავუხალისებდი-მეთქი, მაგრამ იმ წუთში გამახსენდება, ღარიბი ქალის მცირედი შესაწირავი როგორ მიიღო უფალმა... ზოგჯერ სიტყვითაც შეგვიძლია მოვუფონოთ დარდმოძალებულ ადამიანს. განა ამას არ გვასწავლის ეკლესია? ჩემს "მილიონერობასთან" დაკავშირებით ერთი ამბავიც გამახსენდება ხოლმე. მეზობლები მყავს, არცთუ დალხენილად ცხოვრობენ. ოჯახის დიასახლისი არაერთხელ მოსულა დედაჩემთან შეწუხებული, - ორიოდ კარტოფილი იქნებ მომცეო. სამი შვილი ჰყავთ. ცოლიც და ქმარიც უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები არიან, მაგრამ მოგეხსენებათ, დღეს ყველაზე გაჭირვებული ინტელიგენციაა. ჰოდა, მათმა ბიჭებმა ერთი უდედმამო ბიჭი დაიძმაკაცეს. იმ ბიჭს ბებია ზრდიდა და მოზარდობის ასაკში ლამის გზას ასცდა. ამ ოჯახმა შვილივით მიიღო და გამოზარდა, ის კი არა, სანამ ცოცხალი იყო, ბებიამისსაც პატრონობდნენ. ბიჭი გადარჩა, რადგან სითბო და სიყვარული ამ ოჯახში იპოვა. ხანდახან მიკვირდა კიდეც მათი საქციელი - შვილებისთვის საჭმელი არ აქვთ და უცხო როგორ შეიფარეს-მეთქი. იმ დღეს ოჯახის დიასახლისი გვესტუმრა და გახარებულმა გვითხრა, - ჩემი სამივე ბიჭი მუშაობს, სამი შვილი გადის ჩემი ოჯახიდან ყოველ დილითო. ვინ სამი-მეთქი, რადგან მესამე გოგონა ჰყავთ. დათოო, სიამაყით მიპასუხა. ასეთი გულმხურვალებისა და მოყვასის შეწევნის გამო უფალმა გადმოხედა მათ ოჯახს და სარჩო გაუჩინა. მე ვერ ვიტყოდი, რომ მათ მხოლოდ მატერიალური შესაწირი გაიღეს; სულიერებამ, ღვთის სიყვარულმა (მთელი ოჯახი მორწმუნეა), მოყვასის თანადგომის სურვილმა გამოიღო კეთილი მორჩი და კიდევ ერთი ადამიანი ააცდინა ეშმაკის გზას.

ეთერი (60 წლის): - საკუთარი თავის განკითხვა და სინანული საუკეთესო საჩუქარია უფლისათვის. სულო ცოდვილო და, ხანდახან ვერ მივხმარებივარ მოყვასს, რადგან ოჯახისკენ მიმიხედავს და შევჩერებულვარ... მერე გული დამწყვეტია, თავი დამიდანაშაულებია, - რაც შემეძლო, არ გავაკეთე-მეთქი. ამ დროს უფლის სიტყვები მახსენდება: მშიერი ვიყავი და არ მაჭამე, შიშველი ვიყავი და არ ჩამაცვი... თავად მე დიდი სულიერი ტკივილი მქონდა, დისშვილები დამიხოცეს ვლადიკავკაზში. ოსები იყვნენ და დაიჩემეს, აქ არ დაგვედგომებაო და წავიდნენ. ვერაფრით დავაჯერე, რომ არავინ არაფერს ერჩოდა, რომ ქართველები მათი სისხლისმიერი ნათესავები იყვნენ... ამ ამბის შემდეგ სიცოცხლე არ მინდოდა, საკუთარ თავს ვამუნათებდი, - ჯეროვნად ვერ ვიღვაწე, ვერ შევუშალე ხელი, თორემ ეს არ მოხდებოდა-მეთქი. ჩემს დას იეღოველები შეუჩნდნენ, შენი შვილები გაცოცხლდებიანო და ამით დაიმედებულმა მათ სექტაში ამოყო თავი. მეზობელი მყავს ღვთისნიერი ქალი და იმ პერიოდში ჩემთან სიარულს მოუხშირა. მიკვირდა, რადგან მუშაობს კიდეც და ოჯახშიც უამრავი საქმე აქვს. მისი ლაპარაკი მაიმედებდა და მამშვიდებდა. ყოველ საღამოს დამიჯდებოდა და წმინდანებზე, საიქიო ცხოვრებასა და სააქაო განსაცდელებზე მიყვებოდა. ნელ-ნელა დავმშვიდდი და ეკლესიაში სიარულს მოვუხშირე. მერე გავაცნობიერე, რომ სასოწარკვეთისა და სექტანტობისაგან გადავრჩი, ნანომ გადამარჩინა.

თამარი (38 წლის): - ხშირად ერთმანეთისაგან ვმიჯნავთ ხორციელ და სულიერ შესაწირს, მაგრამ, ვფიქრობ, გაჭირვებულს მატერიალურად რომ ეხმარები, ეს იგივე სულიერი ღვაწლია. თუ მოყვასი არ გიყვარს, თუ მისი გაჭირვება გულთან არ მიგაქვს, ამას როგორღა გააკეთებ? ზოგჯერ კეთილი სიტყვა უდიდეს საქმეს აკეთებს, თანადგომის უნარი, სხვისი ჭირის გათავისება უდიდესი მადლია და განა ეს შესაწირი არ არის უფლისათვის? განა არ გვავალებს უფალი - გიყვარდეს მოყვასი შენიო? მოყვასი თუ გიყვარს, ე.ი. უფალი გიყვარს და ამით უფლის მოწყალებას მოიპოვებ. გაჭირვების გამო ყოველთვის ვერ ვახერხებთ მატერიალურად დავეხმაროთ მოყვასს, მაგრამ რაც შეგვიძლია, ის მაინც გავაკეთოთ.

თამაზი (50 წლის): - ჩემი ცხოვრება არასოდეს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ყველაფერს ვითმენდი და ვცდილობდი, საყვედური არავისთვის მეკადრებინა. ჩემი ეს თვისება მომწონდა და ნელ-ნელა შემეპარა პატივმოყვარეობის ჭია. ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე და მრევლის წევრები გავიცანი, მივხვდი, ჩემზე უარეს განსაცდელში მყოფნი უფალს იყვნენ მინდობილნი და უფლის სიყვარულით თავიანთ გაჭირვებას არათუ ითმენდნენ, სხვებსაც ეხმარებოდნენ. ზოგიერთი უპატრონო ბავშვთა სახლებშიც დადიოდა, ზოგი მოხუცს უვლიდა, ერთი სიტყვით, ვისაც რა შეეძლო, იმას აკეთებდა. ეს ხალხი სამაგალითოა ჩემთვის და ახლა მარტო საკუთარ გაჭირვებას კი არა, შეძლებისდაგვარად სხვისასაც ვითავსებ. რამდენად გამომდის, უფალმა განსაჯოს.
ბეჭდვა
1კ1